პრევენციისთვის კარანტინი აუცილებელია - კვირის პალიტრა

პრევენციისთვის კარანტინი აუცილებელია

"მსოფლიოში, სადაც 8,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად 250 ათასიდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი იღუპება სეზონური გრიპის ვირუსით"

პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით ანუ H1N1-ით ინფიცირების 135 შემთხვევა აღირიცხა; სამწუხაროდ, ცხრა ადამიანი უკვე გარდაიცვალა, რამდენიმე კი ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატზე იმყოფება. ლაბორატორიულად დადასტურდა ასევე B ტიპის ვირუსით ინფიცირების 99 შემთხვევა, რომელიც გართულების შემთხვევაში A ტიპის ვირუსზე არანაკლებ საშიშია.

ჯანდაცვის ოფიციალური უწყებები გვამშვიდებენ, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, არადა, დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში კარანტინიც კი გამოცხადდა. მერიის კეთილი ნებით პოლიკლინიკის ექიმების სახლში გამოძახება და მათი მომსახურება უფასო გახდა, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ფონი მაინც არ ცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მოიმატებს, ქვეყანაში ჩვეული რეჟიმით მუშაობენ სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა ისეთი საზოგადოებრივი დაწესებულებები, სადაც გრიპის ვირუსის გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია.

ამჟამად H1N1-ით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობს, ამიტომ, პირბადით შეიარაღებულმა, კარანტინის მიუხედავად შენობაში შესვლა და პაციენტების ახლობლებთან გასაუბრება ვცადე.

"ჩემი შვილი წუხელ, გვიან ღამით გადმოიყვანეს ქუთაისიდან. 25 წლის ქალიშვილი მყავს, საჩხერეში ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან რომ დაბრუნდა, აციებდა; მერე მაღალი სიცხე მისცა, პირღებინება დაეწყო და დასუსტდა. მაშინვე საჩხერის საავადმყოფოში დავაწვინეთ. საკმაოდ კარგი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფო გვაქვს, მაგრამ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდებოდა, ამიტომ თბილისში გადმოიყვანეს. უკვე მეორე დღეა, რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავთ. კარანტინის გამო მასთან არ გვიშვებენ და არც მისი მდგომარეობის შესახებ ვიცი რამე", - გვიამბო აცრემლებულმა ქალბატონმა.

ზაზა სინაურიძე, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მთავარი ექიმი:

"ბოლო დროს გრიპის ვირუსით ინფიცირებული პაციენტების, განსაკუთრებით კი მძიმე პაციენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ვინც მოდის, მარტივად რომ ვთქვათ, შეციებულია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი მოსახლეობა პროფილაქტიკურ ხერხებს იყენებს და გართულებული შემთხვევებიც ნაკლებია. აქამდე თუ ყოველდღიურად 70-მდე გრიპით ინფიცირებული პაციენტი მოგვმართავდა, გუშინ (26 იანვარს) ღუდუშაურის კლინიკას სულ 33-მა პაციენტმა მომართა, აქედან 22 გავწერეთ, სტაციონარში კი მხოლოდ  11 პაციენტი მოთავსდა,  მათგან სამი - რეანიმაციულ განყოფილებაში.

H1N1-ის 11 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენისა საშუალო. პაციენტი, რომელსაც ტუბერკულოზის ღია ფორმა და თანდართული H1N1 აღენიშნებოდა, ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გადავიყვანეთ, რადგან ასეთი პაციენტი ეპიდემიურად საშიშია სხვა პაციენტებისთვის".

ზაზა მეტრეველი, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი და კრიტიკული დეპარტამენტის უფროსი: "რეანიმაციაში მყოფი პაციენტების უმეტესობა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, ოღონდ სიმძიმეს განაპირობებს ის, რომ ამ პაციენტებს მძიმე ქრონიკული პათოლოგიის ფონზე დაერთოთ ვირუსი. როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა დაქვეითებულია, გრიპის ვირუსი მძლავრობს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ დაავადებულებში 16 ორსულია. ორსულის იმუნიტეტი დაქვეითებულია და მისი ორგანიზმი ყველაზე იოლი სამიზნეა ყველანაირი ვირუსული ინფექციისთვის.

მკურნალობა მიმდინარეობს მხოლოდ ანტივირუსული პრეპარატებით "ტამიფლუ" და "რელენზა". ორივე პრეპარატი ჰუმანიტარული დახმარებით მიიღო ქვეყანამ, ჯანდაცვის სამინისტრომ გადმოგვცა და უფასოა. ამ მედიკამენტებით მკურნალობა დაახლოებით 150-170 ლარი ჯდება, რაც დიდი შეღავათია პაციენტებისთვის."

იმის დადგენა, ავადმყოფობა უბრალოდ შეციებაა თუ  H1N1,  მხოლოდ  24 საათში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არსებულ ლაბორატორიაშია შესაძლებელი, თუმცა დაავადება ზოგჯერ ისე სწრაფად ვითარდება, რომ ლაბორატორიული დასკვნა სტატისტიკური თვალსაზრისითღა არის საინტერესო.

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. როგორც პაციენტების ახლობლებმა გვითხრეს, გრიპით დაავადების გავრცელების კერა ხშირად საბავშვო ბაღები და სხვა სასწავლო დაწესებულებებია, ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც ერთი ჯგუფიდან, კლასიდან რამდენიმე ბავშვი ერთდროულად ხვდება საავადმყოფოში.

ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის დირექტორის მოადგილე: "შარშან ეპიდემიის პერიოდში ყოველდღე გვაკითხავდა 100-120 პაციენტი, ახლა გვაკითხავს 60-80 პაციენტი. სიმართლე არ არის, თითქოს ახლა ქვეყანაში ეპიდემიაა და ჩვენ ამას ვმალავთ. მნახველების რაოდენობის შეზღუდვა და აკრძალვა პრევენციული ღონისძიებაა შიდაჰოსპიტალური ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, კარანტინიც სწორედ ამის გამო გამოცხადდა. ჩვენი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან, სიმპტომები კი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის, თვალების ტკივილი; თუ მოზრდილი ასაკის ბავშვია, შესაძლოა აღენიშნებოდეს მცირე ხველა."

თორნიკე ალაშვილი, ექიმი ჰომეოპათი: "დღეს ზოგადად ვაქცინაციის ჩატარება ლამის პოლიტიკური საკითხის რანგშია აყვანილი. არსებობს სავალდებულო ვაქცინაცია - თუ უარს ამბობ, გთხოვენ, ხელის მოწერით დაადასტურო, რომ თუ დაავადება გაგირთულდა, პასუხისმგებლობა თავად გეკისრება. მაგრამ ვაქცინაციის შემდეგ ეპილეფსია თუ დაემართა ბავშვს, ან გაგუდოს და დააინვალიდოს ვაქცინამ, ამაზე პასუხი არავის მოეთხოვება? ვაქცინაცია ზოგადად სერიოზული იმუნობიოლოგიური ოპერაციაა და დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მით უფრო, როდესაც საქმე გრიპის ვაქცინას ეხება, რადგან ვიცით, რომ ვირუსი გარკვეულ დროში მუტაციას განიცდის.

მსოფლიოში, სადაც 6,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად 250 ათასიდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი იღუპება სეზონური გრიპის ვირუსით. ახალი დაავადება ყოველთვის საშიშია და გრიპის თანამდევი სირთულე ისიც არის, რომ ის პერიოდულად განიცდის მუტაციას, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს კი არა აქვს იმუნიტეტი ახალი შტამის გრიპის მიმართ. ვინც შარშან გადაიტანა ეს ვირუსი, იმუნიტეტი უკვე აქვს, მაგრამ ვისაც არ გადაუტანია, უფრო მძიმედ გადაიტანს. ვაქცინაციას შესაძლოა მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება და არა შემცირება, მით უფრო, როდესაც ვაქცინაცია ეპიდემიის დროს ტარდება. რისკი დიდია, რადგან ვაქცინაცია ყოველთვის აქვეითებს ზოგად იმუნიტეტს. არსებობს ინფორმაცია, რომ "ტამიფლუც" იწვევს გართულებებს, მით უფრო, თანმხლები დაავადებების დროს. ამიტომ დაუშვებელია ხელაღებით ამ პრეპარატების პროფილაქტიკის თვალსაზრისით გამოყენება. გრიპს შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ჰგონიათ, რომ აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რაც ზოგჯერ ორგანიზმს ვირუსისგან კი არ იცავს, არამედ მის იმუნურ სისტემას კიდევ უფრო აქვეითებს. არც ერთი საშუალება, რაც დღეს გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო ღონისძიებებში გამოიყენება, ჯერ არ არის კარგად გამოცდილი. პრევენციისთვის კარანტინი აუცილებელია.

ბულგარეთში გრიპს არა აქვს ეპიდემიის ხასიათი, მაგრამ გართულებები მაინც მოსალოდნელია და დღეს იქ საბავშვო ბაღებში, სკოლებში კარანტინია გამოცხადებული.