რჩევები ბებოს სკივრიდან - კვირის პალიტრა

რჩევები ბებოს სკივრიდან

გრიპისა და გაცივების მკურნალობის ბევრი ხალხური მეთოდი არსებობს.  ჩვენი ბებიები,  გაცივებისას თაფლსა და ლიმონის წვენზე დამზადებულ ჩაის გვასმევდნენ. სწორედ მათ შემოინახეს უამრავი მეთოდი გრიპთან საბრძოლველად. ამჯერად გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ნივრის "აბები"

ქიმიურ სამკურნალო პრეპარატებს ყველაზე დიდ კონკურენციას ნიორი უწევს. უპირველეს ყოვლისა, კერძებში ნივრის ჩამატება არ უნდა დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლოცაა და თან საკვებს არაჩვეულებრივ გემოს აძლევს. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია, ყოველდღიურად 1-2 კბილი ნივრის მიღება. ეს დოზა გაცივების საწინააღმდეგო ბევრ წამალს ცვლის და მათგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

თუ ნივრის სუნი გაშინებთ,  ნივრის ჭამის შემდეგ პირში ლიმონიანი წყალი გამოივლეთ, სუნი მყისვე გაქრება.

თაფლიანი ბოლოკი

ბოლოკი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. კარგია, თუ მას სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრით, შემდეგ მინის ჭურჭელში ჩააწყობთ, თაფლს დაასხამთ და მაცივარში შეინახავთ. ყოველდღიურად 2 სუფრის კოვზი თაფლიანი ბოლოკი მიირთვით და გაცივება არასდროს შეგაწუხებთ. ეს არაჩვეულებრივი გემოს მქონე "კერძი" აუჩქარებლად უნდა ღეჭოთ და დიდხანს არ გადაყლაპოთ. ბოსტნეულის წვენებიც იმუნიტეტის ასამაღლებელი ეფექტური საშუალებაა.

კენკროვანი ხილი

მოცვი იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით გამოირჩევა. თუ თქვენ ზაფხულში მოიმარაგეთ და შეინახეთ ეს ძვირფასი ხილი, ახლა მისი მოხმარების დრო დადგა. ყოველდღიურად მიირთვით 1 სუფრის კოვზი მოცვის მურაბა ან გახეხილი და შაქარმოყრილი, უმი მოცვი.

თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, მაშინ 1 ს/კ ძახველს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 40 წუთი გააჩერეთ. ეს ნაყენი ყელში დღეში 4-ჯერ მაინც გამოივლეთ და დალიეთ 1 სუფრის კოვზი, დღეში 3-ჯერ. ამის პარალელურად, ყოველდღიურად 2 ვაშლი უნდა მიირთვათ.

კენკროვანი ხილის გამომშრალი ნაყოფით, ფოთლებითა და ყვავილებით დამზადებული ჩაი ვიტამინების უშრეტი წყაროა და გაცივებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს.