გულს დავეხმაროთ - კვირის პალიტრა

გულს დავეხმაროთ

გულის იშემიის საწყის სტადიაზე (როდესაც გულის ტკივილი იშვიათია) ექიმები გვირჩევენ, მივიღოთ ხალხური საშუალებანი:

- 1კგ თაფლს შეურიეთ 10ც ლიმონის წვენი, დანაყილი 10 თავი ნიორი. მიღებული მასა შეინახეთ თავდახურულ ქილაში და მიიღეთ ყოველდღე 4 ჩ/კ.

- 100 გ ნივრის და 8ც ლიმონის წვენი ჩაასხით ქილაში, დააფარეთ თავზე მარლა და გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ თავზე მჭიდროდ დაახურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ნარევი ყოველდღე, ძილის წინ.

- შეურიეთ ერთმანეთს 1/2 ჩ/ჭ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1/3 ჩ/კ მცენარეული ზეთი და მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობის კურსი გაიმეორეთ წელიწადში 2-ჯერ და წესად აქციეთ, ყოველდღე ფეხით გაიაროთ არანაკლებ 5კმ-ისა (დაახლოებით, დღეში 3-ჯერ ნახევარსაათიანი გასეირნება).

თუ გულის ტკივილი და შეტევები გახშირდა, წნევა მაღლა იწევს, გრძნობთ გულის ჩხვლეტას, გიბუჟდებათ მარცხენა ხელი, ნიტროგლიცერინი არ გშველით, აუცილებლად მიიღეთ ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად, როგორც დამატებითი საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილი რეცეპტებიდან ერთ-ერთი:

- კუნელისა და დინდგელის (შეიძინეთ აფთიაქში) თანაბარი რაოდენობის ნაყენის ნარევის 20-20 წვეთი მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ორი კვირის განმავლობაში.

- სამყურას (შეიძინეთ აფთიაქში) დაასხით 1 ლ არაყი, გააჩერეთ 3 კვირა, მიიღეთ 10-10 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე 2 კვირის განმავლობაში.

- ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ კუნელის ნაყენი (აფთიაქის). მიღების წესი აწერია ეტიკეტზე.

იშემიის დიაგნოზის (ინფარქტის) დროს აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ ულტრაბგერითი გამოკვლევა, გაიკეთეთ კარდიოგრამა, სისხლის ანალიზი ქოლესტერინის დონის შესამოწმებლად.

ტკივილის დროს: ენის ქვეშ ჩაიდეთ ნიტროგლიცერინი (თუ ძალიან არ გტკივათ - ვალიდოლი ან კორინფარი, კორდაფენი, კორდიამინი, ფორიდონის აბები (ვის რა ეხმარება, იმის მიხედვით), ან მიიღეთ ასპირინი, უმჯობესია, აბი დაფქვათ, შეურიეთ 1/2 ჩ/კ შაქარს და კი არ ჩაყლაპოთ, წუწნეთ. ეს წამალი არა მარტო ხსნის ტკივილს, არამედ აფართოებს სისხლძარღვებს, აჩქარებს გულისთვის სისხლის მიწოდების პროცესს.

მაღალი წნევის დროს აუცილებლად მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული წამლები და 30 წუთით მაინც წამოწექით (განსაკუთრებით მაშინ, თუ კლოფელინს მიიღებთ).

იშემიის დროს: ზედმეტი წონის შემთხვევაში, უნდა დაიკლოთ.

- მიიღეთ უცხიმო ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, თევზი (განსაკუთრებით ზღვის - ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა), ხილი და ბოსტნეული, შავქლიავი, ჭერმის და გარგარის ჩირი, მოხარშული კარტოფილი, ყურძნის წვენი. მოამზადეთ მცენარეული ზეთით (ცივი გამოხდის) ნაკლებმარილიანი საკვები.

- მოერიდეთ სტრესებს, ნერვიულობას, განცდებს...

- თავი დაანებეთ სიგარეტს (ან შეამცირეთ დღეში 5-6 ცალამდე).

- უარი თქვით ალკოჰოლზე. შეგიძლიათ მიიღოთ ერთი სირჩა კონიაკი ან ბოკალი წითელი ღვინო. ბიოფლავონოიდები და ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ისინი შეიცავენ, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

გახსოვდეთ! გულ-სისხლძარღვთა სისტემის ადრეული პროფილაქტიკა - გულის მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. იშემიის დროს სასურველი შედეგის მისაღწევად, მედიკამენტებით მკურნალობა ხანგრძლივია.