"ჯიპიაი ჰოლდინგმა" სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში 81000 ბენეფიციარს დაუფინანსა სამედიცინო მომსახურება - კვირის პალიტრა

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში 81000 ბენეფიციარს დაუფინანსა სამედიცინო მომსახურება

ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის კომპანია დამატებით 20 მილიონის მოზიდვას გეგმავს

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" გასული ოთხი წლის ფინანსური შედეგები შეაჯამა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ასევე მიმოიხილა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მათი მონაწილეობის მაჩვენებლები. ამ ხნის განმავლობაში "ჯიპიაი ჰოლდინგში" დაზღვეულთა რაოდენობამ 170 000 შეადგინა, ხოლო აქედან სამედიცინო დაზღვევით სულ 81 698-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ოთხი წლის განმავლობაში "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ 208 184 შემთხვევა ანაზღაურდა. მათ შორის მზღვეველმა აანაზღაურა 13 047 გეგმური ოპერაცია, 22 970 გადაუდებელი მკურნალობა, 4 919 მშობიარობა, 10 627 ქიმიოთერაპია, 132 275 ამბულატორიული მკურნალობა, 21 129 მედიკამენტების საჭიროების შემთხვევა და ა.შ.

კომპანია "ჯიპიაის" მიერ ოთხი წლის განმავლობაში წმინდა გამომუშავებულმა პრემიამ 77 117 654 ლარი შეადგინა. აAმ ხნის განმავლობაში ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებზე, მათ შორის ფილიალების გახსნა, სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი გადასახადები, კომპანიამ 20 მილიონ ლარზე მეტი ხარჯი გაიღო, ხოლო ბენეფიციარებზე გაცემულმა სადაზღვევო ანაზღაურებამ 49.821.118 ლარი შეადგინა. აქედან მოგებამ გადასახადების შემდეგ 5.545.033 ლარი შეადგინა, .კჯ. შესაბამისად, მოგების მარჟა კომპანიისთვის დაახლოებით 7%-ია. როგორც სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდა 10 საავადმყოფოს მშენებლობის პროექტს, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის და "ჯიპიაი ჰოლდინგი" დამატებით 20 მილიონის მოზიდვას გეგმავს.

გიორგი კვირიკაძე ("ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი): "ბოლო დროს, საზოგადოების მხრიდან გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებულად მივიჩნიეთ, რომ წარვდგეთ საზოგადოების წინაშე ანგარიშით და მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში ჩვენი მონაწილეობის შესახებ. პროგრამის ფარგლებში პოლისების დარიგების პროცესში მონაწილეობდა 2 000 ადამიანი, სრულ განაკვეთზე კი ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 400 ადამიანი. გარდა ამისა, ბენეფიციარებს ემსახურებოდა 950 ექიმი, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე "ჯიპიაისგან" იღებდნენ ხელფასს. თბილისში არსებული პოლიკლინიკები და რაიონული ამბულატორიული დაწესებულებები ყოველთვიურად სტაბილურ შემოსავალს იღებენ "ჯიპიაის" ბენეფიციართა მომსახურებისთვის.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2010 წელს სადაზღვევო პრემია, ანუ დაზღვევის საფასური სოციალურ პროგრამებში შემცირდა 27%-ით და შესაბამისად 2011, 2012 წლებში მისაღები შემოსავალიც მნიშვნელოვნად მცირდება. ამის მიუხედავად ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა - ჩავერთეთ ჰოსპიტალური განვითარების პროექტში. კლინიკების მშენებლობა უკვე დაწყებული გვაქვს და პირველ პაციენტებს 2011 წლის ბოლოსთვის მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სატენდერო პირობების თანახმად, პროგრამიდან მიღებული შემოსავალი ითვალისწინებს საავადმყოფოების მშენებლობის პროექტს - ეს ვალდებულება ჩვენ სწორედ ამ პირობების თანახმად მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის საფასურის შემცირების ხარჯზე ჩვენ მიერ მისაღები შემოსავალიც მცირდება, ჩვენ დამატებით უნდა მოვიზიდოთ 20 მილიონი ლარი, რათა ჰოსპიტალური პროექტი დათქმულ ვადებში დავასრულოთ.

სოციალური დაზღვევის განხორციელების პირველი ორი წელი ჩვენმა კომპანიამ უარყოფითი შედეგით დაასრულა, თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ამგვარი მაჩვენებლებისთვის. ეს პროექტი მხოლოდ ბიზნესპროექტი არ იყო და ვიცოდით, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა საუბარი წაგებაზეც ყოფილიყო. 2009-2010 წლების ფინანსური მაჩვენებლები ჩვენთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. დაგროვილი გამოცდილების, სტატისტიკური ანალიზის, უკეთესი ადმინისტრირების და სამედიცინო დაწესებულებებთან უკეთესი ურთიერთობის დახმარებით მოვახერხეთ ხარჯების დაბალანსება და კომპანიისთვის მეტი მოგების მოტანა."

კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" აქტიურად არის ჩართული ფართომასშტაბიან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში, რომელიც განსაზღვრულია მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისა და პედაგოგებისთვის.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამით ყოველი დაზღვეულისთვის მომსახურების მიღება უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახადეს. მაგალითIად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ველფეარ ფაუნდეიშენის" კვლევამ, რომელიც 2008 წელს ჩატარდა, ცხადყო, რომ დაზღვეულების 73% კმაყოფილია აღშნული პროგრამით და სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებით. კონკრეტულად "ჯიპიაის" სერვისით კმაყოფილების მაჩვენებელი კი 70%-ია.

გიორგი კვირიკაძე: "ამ პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, სადაზღვევო ბაზრისთვის. ამ პროექტის თანმდევი შედეგი იყო ზოგადად დაზღვევის კულტურის პოპულარიზება საქართველოში. დღეს ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობაზე ყველა საუბრობს. ეჭვგარეშეა, რომ კერძო სადაზღვევო სისტემის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ზრდასთან საქართველოში. ცხადია, ჩვენი მიზანია საქართველოს ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს ჯანმრთელობის და სხვა სახის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა."

როგორც სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, ოთხი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 93% ზარალების ანაზღაურებასა და პროგრამის ადმინისტრირებას მოხმარდა.

R