კოსმეტიკური ბაკალეა - კვირის პალიტრა

კოსმეტიკური ბაკალეა

თუ თაფლი არ იწვევს ალერგიას, შაქრის მაგივრად იხმარეთ. ის შეიცავს 70 სასარგებლო ნივთიერებას, რომელთა შორისაა თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მიკროელემენტი, ბევრი ფერმენტი, ბუნებრივი ანტიბიოტიკები. ამიტომაც იყენებდნენ კოსმეტიკაში უხსოვარი დროიდან.თაფლი ასწორებს ნაოჭებს, არბილებს კანს, ხსნის დაძაბულობას, წმენდს ფორებს.

მაგალითად, მშრალი კანისთვის ძალზე სასარგებლოა ასეთი ნიღაბი:

თითო ჩ/კ თაფლის და ხაჭოს და 1/2 ჩ/კ არაჟნის ნარევი წაისვით სახეზე, ყელსა და მკერდზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მცენარეული ზეთი უჯერი ცხიმმჟავების (F ვიტამინი) წყაროა. ორგანიზმში ამ ვიტამინის რაოდენობაზეა დამოკიდებული კანის სილამაზე და ახალგაზრდული იერი. მისი დღეღამური ნორმა 2-6 გ-ია. ყველაზე მეტ F ვიტამინს შეიცავს ზეითუნის, სიმინდის, სელისა და განსაკუთრებით მზესუმზირის ზეთი.

აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ დღეგრძელობის საიდუმლო მწვანე ჩაიშია. ამიტომაც გვირჩევენ, დიდხანს რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი და სილამაზე, ვსვათ მწვანე ჩაი. ჩაი აძლიერებს იმუნიტეტს, ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ხელს უწყობს წონაში დაკლებას და, რაც მთავარია, ჩაის ფოთლები შეიცავს ყველაზე ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს.

კოსმეტიკაში ჩაის ექსტრაქტის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის და ნებისმიერ ასაკში. ის კანს იცავს დაბერებისგან, აუმჯობესებს ფერს, შველის შეშუპებას, ასწორებს ნაოჭებს და ავიწროებს ფორებს.

სახის კანის ნიღაბი: 1ჩ/კ ჩაის დაამატეთ 1/4 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 30 წუთი თავდახურული გააჩერეთ, გაწურეთ, შეურიეთ 2 ს/კ ფქვილი და 1 კვერცხის გული. ნიღაბი წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.