გრიპი - მითი და რეალობა - კვირის პალიტრა

გრიპი - მითი და რეალობა

მითი 1: ამბობენ, რომ ანგინის დროს საჭიროა ყელის, ჰაიმორიტის დროს კი - ცხვირის გათბობა.

ხალხური რეცეპტით - მტკივნეულ ადგილზე ქსოვილში გახვეული ცხელი მარილი ან ორად გაჭრილი მოხარშული კვერცხის დადება ტკივილს დროებით ამცირებს, მაგრამ რადგან ჰაიმორიტისა და ფრონტიტის დროს ცხვირის ღრუები ჩირქით ივსება, გათბობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის ტვინში შეღწევას.

ანგინის დროსაც არ შეიძლება შესივებული გლანდების გათბობა. საკმარისია თბილი შარფის ყელზე შემოხვევა. სასურველია, ბევრი სითხის მიღება და ხშირად თბილი (და არა ცხელი) ნახარშისა და ნაყენის ყელში გამოვლება, რადგან ცხელი აღიზიანებს ისედაც "დაზარალებულ" ლორწოვანას. ასევე არ შეიძლება ართრიტის დროს სახსრების გარეგანი საშუალებით გათბობა, რადგან კანის გათბობის დროს აქტიურდება და ფართოვდება კაპილარები, ეს კი ამძაფრებს ტკივილს.

მითი 2: ამბობენ, რომ გრიპით დაავადებისას აუცილებელია წოლითი რეჟიმი.

ხანგრძლივად ლოგინში წოლისას ირღვევა ფილტვებისა და ბრონქების ვენტილაცია. ამიტომ ფილტვების ანთებით და ბრონქიტით უფრო მეტად ავადდებიან ისინი, რომლებიც დიდხანს იცავენ წოლით რეჟიმს. ფერხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, სისხლის მოძრაობა, რაც ხელს უშლის გამოჯანმრთელებას. ასე რომ, გრიპით დაავადებულს ნუ აიძულებთ წოლას, მხოლოდ დაიცავით ორპირისაგან.

მითი 3: ამბობენ, რომ მაღალი სიცხის დროს სასარგებლოა სითბო და ოფლის მოდენა.

ეს არ შეიძლება, რადგან ასე ხელოვნურად ვზრდით შინაგან ტემპერატურას, რაც ორგანიზმის გადახურებას იწვევს, იტვირთება გულ-სისხლძარღვები, ხშირდება გულის ცემა, სუნთქვა და წნევა მაღლა იწევს.

უნდა შეეცადოთ, ტემპერატურა დასწიოთ; საჭიროა ავადმყოფი ცივი წყლით დაზილოთ, შუბლზე ცივი კომპრესები დაადოთ.

მითი 4: ამბობენ, რომ ავადმყოფმა სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად ბევრი უნდა ჭამოს.

ძალა რომ მოიკრიბოს, მის რაციონში უნდა გავითვალისწინოთ არა ხორცის კერძები და ბულიონი, არამედ ადვილად მოსანელებელი საკვები: ხილი, ციტრუსები, მოშუშული და ახალი ბოსტნეული, მოხარშული თევზი...

სხვათა შორის, გრიპს არ უყვარს ტუტიანი გარემო, ამიტომ რეკომენდებულია გაზგასული მინერალები (მაგ. "ბორჯომი"), რომელიც ეხმარება თირკმლებს წამლების გამოდევნაში (მაგ. პარაცეტამოლის).

მითი 5. ამბობენ, რომ გრიპის დროს საუკეთესო წამალია ჟოლოიანი ჩაი.

მართალია, ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს სალიცილის მჟავას და აქვს ანთებსაწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ოფლმდენი თვისება, მაგრამ არარეკომენდებულია გულით დაავადებულთათვის - შეიძლება გამოიწვიოს არითმია, აფერხებს თირკმლების მუშაობას. ასევე არარეკომენდებულია ანტიკოაგულანტებისა და ასპირინის მიღება - შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, თავბრუ და ცხვირიდან სისხლის დენაც კი.