"ავერსის" ცენტრალურ კლინიკაში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა - კვირის პალიტრა

"ავერსის" ცენტრალურ კლინიკაში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა

მომატებული ოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.

საქართველოში ამ პრობლემის მქონე პირთა ზუსტი რიცხვი, სამწუხაროდ, უცნობია, თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არაერთი გამოკვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ჰიპერჰიდროზს ამ ქვეყნის მოსახლეობის 2-3% უჩივის, ძირითადად ლოკალურს - სახის, იღლიებისა და ფეხისგულების. 90-იან წლებში სწორედ ამერიკაში სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს ჰიპერჰიდროზით დაავადებული პაციენტების დაფინანსება, რამაც, თავის მხრივ, ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრების დაარსების იდეა წარმოშვა.

პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულ ცენტრში კვალიფიციური ექიმების ჯგუფი თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად ადგენს, ტარდება კომპლექსური დიაგნოსტიკა და ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა.

კერძოდ, რა სამედიცინო სერვისს სთავაზობს "ავერსის კლინიკა" ჰიპერჰიდროზით დაავადებულებს, რა მეთოდებსა და აპარატურას იყენებენ სპეციალისტები? ამ კითხვებით მივმართეთ "ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელს, აკადემიურ დოქტორს მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორ კობა სახეჩიძეს:

- მომატებულ ოფლიანობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - ფარისებრი ჯირკვლის, ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადება, ტრავმული დაზიანება. ჰიპერჰიდროზს უჩივიან ტუბერკულოზით და პარკინსონიზმით დაავადებულებიც. ჭარბი ოფლიანობა ხშირია კლიმაქტერიულ პერიოდში, გარდატეხის ასაკში, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში მომატებულ ოფლიანობას აქვს გარდამავალი, ანუ ტრანზიტორული ხასიათი და ამიტომაც სასურველია მოზრდილები ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.

პაციენტს, რომელიც ჩვენს ცენტრს მომართავს, უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა, დაავადების ანამნეზის დეტალურად შესწავლა და კონსულტაცია. შედეგებზე ექიმთა ჯგუფი მსჯელობს - იკრიბება კონსილიუმი, რომელსაც ესწრებიან ცენტრის ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, კანისა და ვენერიულ სნეულებათა სპეციალისტები და განსაზღვრავენ მკურნალობის სტრატეგიასა და ტაქტიკას.

მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად პაციენტთან გასაუბრებისა და სტანდარტული ანალიზების ჩაბარების შემდეგ, თავად ვუკავშირდებით და ვაცნობთ ექიმების დასკვნას.

თუ მომატებული ოფლიანობა რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ საოფლე ჯირკვლების ჰიპერფუნქციით არის გამოწვეული, მივმართავთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

- სახელდობრ, რა მეთოდებია ეს?

- მსოფლიოში დანერგილია ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ოთხი მეთოდი.

პირველი მათგანი გახლავთ პრეპარატებით მკურნალობა - ინსულინის პატარა ნემსით სხეულის სხვადასხვა უბანში (ხელისგულები, ფეხისგულები და იღლიის ფოსოები) შეგვყავს პრეპარატი - ბოტოქსი ან დისპორტი, რომლებიც სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას იწვევს. შედეგის მიღწევის შემთხვევაში ეფექტი ექვსიდან-თორმეტ თვემდე გრძელდება.

კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდია იონოფორეზი (ელექტროფორეზი), რომელიც ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ამ პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების წარმოება. კერძოდ, პაციენტი 20-40 წუთის განმავლობაში იღებს პრობლემური კიდურების აბაზანას და სულ რაღაც ათიოდე პროცედურის შემდეგ მიიღწევა ნერვული დაბოლოებების ინაქტივაცია.

თუ ჰიპერჰიდროზი იღლიის არეშია, რეკომენდებულია ე.წ. კიურეტაჟის გაკეთება, რაც ქირურგიული ჩარევის შედეგად საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევას გულისხმობს. ამ პროცედურის შედეგიც დროებითია, მაგრამ შედარებით უფრო ხანგრძლივი, ვინაიდან სადინარები დროთა განმავლობაში თანდათან აღდგება.

დღესდღეობით ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალურ მეთოდად მიიჩნევა თორაკოსკოპიული სიმპატექტომია, რაც ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. გულმკერდზე საოპერაციო მხარეს კეთდება ორი მცირე - ხუთ და ათმილიმეტრიანი - განაკვეთი, სპეციალური ინსტრუმენტის - "თორაკოსკოპის" საშუალებით ოპერაციის მსვლელობას ეკრანზე ვაკვირდებით. ხდება სიმპატიკური ნერვული ღეროს მეორე და მესამე ნეკნის დონეზე გადაკვეთა. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება. პაციენტი მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.

აი, ამ ოთხი მეთოდით ხდება დღეს მსოფლიოში და მათ შორის "ავერსის კლინიკაში" ჰიპერჰიდროზის მკურნალობა და ასევე პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ყველა სახის კვლევა, კონსულტაცია და მკურნალობა, რაც აღნიშნულ პათოლოგიას შეეხება.

არჩევანს, რა თქმა უნდა, პაციენტი აკეთებს - ის თავად ირჩევს მკურნალობის მეთოდს, თუმცა მანამდე პაციენტი იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდების შესახებ.

"ავერსის კლინიკის" ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ცენტრი იმითაც არის უნიკალური, რომ თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის არჩევის შემთხვევაში პაციენტებს აქვე სთავაზობენ კომპლექსურ წინასაოპერაციო გამოკვლევას. მათ უტარდებათ ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა.

P.S. კიდევ ერთი რეკომენდაცია ჩვენი რესპონდენტისგან: დეოდორანტები საოფლე სადინარებს ავიწროებს და ამით ოფლიანობას ამცირებს. ისინი სავსებით უსაფრთხოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გამოიყენებთ - დეოდორანტი სუფთა, დაბანილ კანზე უნდა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სადინარების დახშობა მოხდება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება საოფლე ჯირკვლების ანთების მიზეზად იქცეს.

"ავერსის კლინიკა" მუშაობს ყოველდღე 9:00-21:00სთ.

შაბათ-კვირას 10:00-19:00სთ.

მისამართი: თბილისი 0160, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27ბ

ტელ.: 399-888; 391-501;

394-853; 967-227

ფაქსი: 399-370;

ელ-ფოსტა: clinic@aversi.ge

www.aversi.ge

R