დამწვრობის ცენტრს ორი თვეღა დარჩენია - კვირის პალიტრა

დამწვრობის ცენტრს ორი თვეღა დარჩენია

"ამჟამად თბილისში 12 საავადმყოფო იყიდება"

პაციენტების უმეტესობა სპეციფიკური მკურნალობის გარეშე დარჩება

ორიოდე თვეში საქართველოში დამწვრობის ცენტრი აღარ იარსებებს. კლინიკა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისგან შედგება და ასეთი პროფილის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა სამხრეთ კავკასიაში, ფაქტობრივად, უქმდება. არადა, ეს მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, სტრატეგიული ობიექტია ქვეყნისთვის, რომელიც კატასტროფების და უბედური შემთხვევების დროს დაზარალებულ პაციენტებს ემსახურება.

კლინიკისგან, რომელიც ამჟამად ექვს სართულზეა განთავსებული და რომელსაც  ყოველდღე დაახლოებით 30 სტაციონარული პაციენტი ჰყავს, 10 პაციენტზე გათვლილი მხოლოდ ერთი განყოფილება დარჩება, რომელსაც მე-5 საავადმყოფოს (31-ე ქარხანასთან არსებული კლინიკა) ბაზაზე მიუჩენენ ადგილს. თბილისის დამწვრობის ცენტრს თითქმის 40-წლიანი ისტორია აქვს.

თანამშრომლები იხსენებენ, რომ ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში, უკიდურესად რთულ პირობებში უხდებოდათ მუშაობა. ოპერაციების კეთებისას ხშირად შუქი არ იყო, პაციენტებს ზოგჯერ იარაღის მუქარით იღებდნენ... დღეს მედიცინის ამ მიმართულებას განადგურება ემუქრება; კლინიკაში დაახლოებით 150 თანამშრომელია და ცენტრის გაუქმების შემთხვევაში მათი უმრავლესობა უმუშევარი დარჩება.

დამწვრობის ცენტრს საფრთხე მაშინ დაემუქრა, როცა ფარმაცევტული კომპანია "პსპ"-ს შვილობილმა კომპანია "ნიუ ჰოსპიტალმა" თბილისში რამდენიმე კლინიკა და მათ შორის ის შენობაც შეიძინა, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამედიცინო ცენტრი. რამდენიმე წელია, დამწვრობის ცენტრის ერთ-ერთ ფლიგელში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები შეასახლეს. რამდენად მიზანშეწონილია  ადამიანთა ცხოვრება იმ შენობაში, სადაც მისი პროფილის გამო ძალიან მაღალია შიდა ინფექციის გავრცელების რისკი, ეს ალბათ სხვა სტატიის თემაა, ახლა კი იმაზე მინდა გიამბოთ, რა საშიშროების წინაშე აღმოჩნდება საზოგადოება ამ კლინიკის გაუქმებით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია კომპანია "ნიუ ჰოსპიტალშიც" გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ამჟამად თბილისის მე-5 საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მაის-ივნისისათვის დამწვრობის ცენტრი სწორედ იქ გადავა, უფრო სწორად, იარსებებს ათ პაციენტზე გათვლილი ერთი განყოფილება. დანარჩენ პაციენტებს რა ბედი ელით, არავინ იცის. ექიმები პირადი საუბრისას ამბობენ, რომ დამწვრობის ცენტრის სრულფასოვნად მუშაობისთვის აუცილებელია, ცალ-ცალკე  არსებობდეს ბავშვთა, მოზრდილთა და რეანიმაციული განყოფილებები;

ასევე აუცილებელია  თერმული დაზიანებებისას ქალი და მამაკაცი პაციენტების ცალ-ცალკე მოთავსება. რა თქმა უნდა, ზოგადი პროფილის საავადმყოფოში, სადაც დამწვრობის ცენტრს მხოლოდ ერთ განყოფილებას უთმობენ, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული ვერ იქნება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ცენტრის პაციენტთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და

ცხადია, კერძო კომპანიისთვის ასეთი პროფილის საავადმყოფოს მუშაობა მომგებიანი არ არის, თუმცა ქვეყნის  ხელისუფლებას ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს მომხდარი რამდენიმე აფეთქება რომ ახსოვდეს, ყველაფერს გააკეთებდა ამ უმნიშვნელოვანესი ობიექტის შესანარჩუნებლად.

გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში: "პაციენტებს მთელი საქართველოდან ვიღებთ. შესაძლოა, ბათუმსა და ქუთაისში მოხვდეს რამდენიმე პაციენტი, მაგრამ მძიმე პაციენტები საქართველოს ყველა რეგიონიდან კატასტროფის ბრიგადებს ძირითადად აქ ჩამოჰყავთ. ჩვენ ვემსახურებით როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს. ბავშვებში უფრო ხშირია საყოფაცხოვრებო ტრავმა, ანუ სახლის პირობებში მიღებული თერმული დაზიანება. ზრდასრულ პაციენტებში ხშირად ტრავმა გამოწვეულია გაუფრთხილებლობით, ანუ ადვილად აალებად, ფეთქებად ნივთიერებასთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. მაგალითად, ხშირად შემოდიან პაციენტები გაზის აფეთქების, ბენზინის ან სხვა ნავთობპროდუქტების აალების შედეგად მიღებული დამწვრობით, ელექტროკონტაქტური დაზიანებით. არის დღეები, როცა სტაციონარში 25-30  პაციენტი გვიწევს.

წლის განმავლობაში რამდენჯერმე საგანგებო რეჟიმით მუშაობაც გვიწევს,  მაგალითად, მაშინ, როცა კატასტროფა ხდება. გახსოვთ, ალბათ, ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება; ცოტა უფრო ადრე იყო ხანძარი სასტუმრო "აფხაზეთში" და ერთდროულად 33 პაციენტი მივიღეთ. კიდევ უფრო ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის დროს კლინიკაში ერთდროულად 15 პაციენტი მოგვიყვანეს. კლინიკის მასშტაბის გათვალისწინებით, ასეთ სიტუაციებს თავს ვართმევთ. წლების წინ დამწვრობის ცენტრს ერთდროულად 50 პაციენტის მიღება შეეძლო, ახლა კი მხოლოდ 30-მდე პაციენტის მიღება შეგვიძლია.

ეს სპეციფიკური დარგია და რამდენიმე განყოფილებას მოიცავს. ერთი შეხედვით ვიწრო სამედიცინო პროფილია, მაგრამ დაავადებათა მთელ სპექტრს ემსახურება.

დამწვრობის მკურნალობა გადაუდებელი სამედიცინო პროფილია და  დიდ დანახარჯებს მოითხოვს. მკურნალობისას უამრავი მედიკამენტია საჭირო და მძიმე პაციენტის განკურნება საკმაოდ ძვირი ჯდება. განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამები ამ მიმართულებითაც მოქმედებს, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობას  მკურნალობის ხარჯების გაღება საკუთარი ჯიბიდან უხდება. დამწვრობისგან დაზღვეული არავინ არის.

ახლა რეანიმაციის განყოფილებაში გვიწევს პაციენტი, რომელსაც  მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს და დამწვრობის შემდეგ, ცხრა დღის განმავლობაში, ექიმბაშთან მკურნალობდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა. რატომღაც ხალხს ჰგონია, რომ "ჯადოსნური", ე. წ. "შინაური"  მალამოს საშუალებით შესაძლებელია ასეთი ხარისხის თერმული დაზიანებების მკურნალობა. მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე,  ფართობსა თუ სიღრმეზე განსხვავებული მალამოები იხმარება. ამ პრეპარატების დანიშვნა ექიმის გარეშე ძალიან რთულია.

ჩვენი ცენტრი მრავალპროფილიან კლინიკაშიც რომ გადაიტანონ, იქაც ცალკე სახელმწიფოსავით უნდა ვიყოთ, რადგან ეს დარგი, შიდაჰოსპიტალური ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. აუცილებლად დაგვჭირდება ცალკე შესახვევი, საოპერაციო. ჩვენს პაციენტებს განსაკუთრებული მოვლა და სანიტარიული პირობების დაცვა სჭირდებათ".

ჯონი ჯანაშია, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე: "თავის დროზე დამწვრობის ცენტრის დაარსება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. ამ ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ბესიკ იაშვილმა დარგის სპეციალისტების მრავალი  თაობა გამოზარდა და ამ ცენტრის ბაზაზე მთელი სკოლა შექმნა.

გამოგიტყდებით და, ისეთი ფუფუნება, როგორიც საქართველოს დამწვრობის ცენტრი გახლავთ, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ ღირსებია. აქ ტარდება კანის გადანერგვის უნიკალური ოპერაციები. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული დარგია, ამიტომ კლინიკაც და ზოგადად, დარგიც სახელმწიფო პროგრამული დაფინანსებით უნდა გადარჩეს.

ამჟამად თბილისში 12 საავადმყოფო იყიდება, მათ შორის - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი, კანისა და ვენერიულ სნეულებათა დისპანსერი. სტუდენტობისას ყველა ცალკეულ საგანს ამა თუ იმ პროფილის კლინიკაში ვსწავლობდით. ახლა მთელი რიგი  დარგები გაუქმების საშიშროების წინაშე დგას, ათასობით თანამშრომელი კი სამსახურიდან გათავისუფლებას ელოდება".