რატომ გვეღუპებიან ბავშვები?! - კვირის პალიტრა

რატომ გვეღუპებიან ბავშვები?!

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობით ევროპის 47 ქვეყანას შორის პირველი ადგილი უჭირავს. ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს.

"პრობლემას ქვეყნის ხელისუფლებაც აღიარებს, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად სწორი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს!" - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანსაღი სამყაროს" ხელმძღვანელი, ირინა ფუტკარაძე.

- 1960-90 წლებში ყოველწლიურად, საშუალოდ 93 ათასი ბავშვი ევლინებოდა ქვეყანას. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო, 2005 წელს მხოლოდ 46 ათასი ბავშვი დაიბადა, ე. ი. შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის სტაბილურობა დიდ გავლენას ახდენს დემოგრაფიაზეც.

თვალში საცემია ისიც, რომ 2008 წლის ომის შემდგომ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც განსაკუთრებით იმატა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ბავშვთა სიკვდილიანობას გვიჩვენებს, 2007 წელს ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების 656 შემთხვევაა აღრიცხული, 2008 წელს - 959, 2009 წელს - 945. ე. ი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი არათუ ათეულებით, ასეულებითაც გაიზარდა.

5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის მიხედვით 47 ქვეყანას შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია. 2008 წლის უკვე გამოქვეყნებული მონაცემებითაც საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს.  ყოველ ათი ათას მოსახლეზე 20 ბავშვის გარდაცვალებაა აღრიცხული. ე. ი ბავშვთა სიკვდილიანობით მნიშვნელოვნად ვუსწრებთ მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს, აზერბაიჯანს. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში შეინიშნება, გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა სწორედ ამ ასაკობრივ  კატეგორიაზე მოდის.

მაგალითად, თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევა ასეულებით აღირიცხება, 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით ნაკლებია. თუმცა არც ეს მონაცემებია დამამშვიდებელი და ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდა ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც შეინიშნება. მაგალითად, თუ 2007 წელს მხოლოდ  44 ( ერთიდან 4 წლამდე) გარდაცვლილი ბავშვი გვყავდა, 2008 წელს ეს რიცხვი 73-მდე გაიზარდა, ხოლო 2009 წელს 69-მდე გარდაცვლილი ბავშვი აღრიცხეს. 2008 წელს განსაკუთრებით დიდი იყო 10-დან 14 წლამდე ბავშვების სიკვდილის შემთხვევებიც. კერძოდ, 2007 წელს თუ 67 მოზარდი გარდაიცვალა, 2008-ში - 100, 2009 წელს კი - 83.

- ე. ი. ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდა ომმაც განაპირობა?

- ომი ქვეყნისთვის არის სტრესი, რაც სხვადასხვა დაავადების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორია. თუმცა, სხვა რამეს მინდა ხაზი გავუსვა. როცა ლაპარაკია 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის გაზრდაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსაკუთრებით მაღალია ერთ წლამდე ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ფეხმძიმობის პერიოდში გადატანილი სტრესი ბავშვთა თანდაყოლილი პათოლოგიებით დაბადებას უწყობს ხელს. ამას ემატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, არასრულფასოვანი კვება, რაც დაავადებების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზია.

ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ერთ წლამდე  ასაკის ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. არც ის არის სადავო, რომ საქართველოში ორსულ ქალებს საკმაოდ  აგრესიულ გარემოში უხდებათ ცხოვრება, არ მიუწვდებათ ხელი პროფილაქტიკურ გასინჯვებზე.

პრობლემის აღიარება ერთია და მეორე - გამოსავლის ძებნა. სახელმწიფოს პოლიტიკა და ჯანდაცვის სამინისტროს  სტრატეგია არ არის მიმართული იქით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ბავშვთა სიკვდილიანობა. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამ წლამდე  ასაკის ბავშვების მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ თანადაფინანსებით, მაშინ როცა ამ ასაკის ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურება უფასო იყო, ხოლო 18 წლამდე მოზარდებისთვის სამედიცინო მომსახურების 80%-ს სახელმწიფო ანაზღაურებდა.

ბოლო ორი-სამი  წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება თანდათან დამძიმდა, გაიზარდა უმუშევრობა, კვების პროდუქტები და კომუნალური გადასახადები გაძვირდა, ოჯახებს შემოსავალი აღარ ჰყოფნით. საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურების ფასი ადრინდელთან შედარებით მაღალია. ე. ი. ბავშვის კლინიკაში მიყვანა დიდი ფუფუნება გახდა, აღარაფერს ვამბობ პროფილაქტიკურ კვლევებსა და დროულ, სათანადო ყურადღებაზე.

- მაინც რა დაავადებებით კვდებიან ბავშვები?

- თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადებებით,  სხვადასხვა ვირუსით, ფილტვების ანთებითა და საკვები პროდუქტებით მოწამვლით. რა თქმა უნდა, დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე სიკვდილის რისკი იზრდება. ვფიქრობ, ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ საგანგაშოა, ამიტომ დროა, სახელმწიფო დაუბრუნდეს ძველ მოდელს, რომელიც ბავშვთა სამედიცინო მომსახურების 100%-იან დაფინანსებას ითვალისწინებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავხდებით მსოფლიოში თითით საჩვენებელი ქვეყანა, რომელიც უკვე ბოლო წლებია, ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით "მოწინავე" ადგილს "არავის უთმობს".

www.kvirispalitra.ge

თქვენი აზრით, რა განაპირობებს ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდას ქვეყანაში. გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ.