ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

აფთიაქში რომ არ დაიბნეთ, უნდა იცოდეთ, თუ რას ნიშნავს ახალი ტერმინები:

კარნიტინი, ლუტეინი, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები, ფოლიუმის მჟავა და სხვ. ბევრს გაგიგონიათ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რისთვის არის საჭირო და რა როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმში.

კოენზიმ Q10 - ცხიმის გამხსნელი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია ელასტინისა და კოლაგენის სინთეზისთვის. აფერხებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. მას შეიცავს ხორცი და თევზი. გარდა ამისა, ამ ნივთიერების უკმარისობა შეიძლება შეივსოს ექიმის მიერ დანიშნული წამლებით.

კარნიტინი კუნთოვანი ქსოვილის ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით გულში, ღვიძლსა და ჩონჩხის მუსკულატურაში. კარნიტინს შეიცავს ხორცი და რძის პროდუქტი.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და დნმ-ის სინთეზში. პასუხს აგებს სისხლის უჯრედების ფორმირებაზე, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისთვის - ხელს უშლის ნაყოფის არასწორად განვითარებას. სასარგებლოა მისი მიღება ვიტამინებთან ერთად. ფოლიუმის მჟავას შეიცავს უხეშად დაფქული ხორბლის პური, ისპანახი, მწვანილი, მუხუდო.

ლუტეინი ანტიოქსიდანტია, პასუხს აგებს მხედველობაზე. სასარგებლოა კანისთვის, იცავს მას მზის სხივებისგან. არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. მას შეიცავს ყვითელი და წითელი ხილი და ბოსტნეული, კვერცხის გული. ეს ანტიოქსიდანტი განსაკუთრებით აუცილებელია კომპიუტერთან მომუშავეთათვის.

ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებია, მონაწილეობენ ცვლის პროცესში, ამცირებენ გულის დაავადებათა რისკს, აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას, ხელს უწყობენ ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. ორგანიზმი ამ მჟავებს იღებს საკვებიდან - შეიცავს ცხიმიანი თევზი.