ბუნება ენდოკრინულ სისტემასაც შველის - კვირის პალიტრა

ბუნება ენდოკრინულ სისტემასაც შველის

დღეს ბევრ ქალს აწუხებს ჰორმონული მოშლილობა, რომელიც ესტროგენების ნაკლებობის ბრალია. ზოგჯერ კი ამის მიზეზია გადაღლილობა, დაძაბული მუშაობა, სტრესი.

თუ თირკმელზედა ჯირკვლები, რომლებიც ქალებს სასიცოცხლო ძალას აძლევს, ცუდად მუშაობს, ეს აისახება მათ გარეგნობაზე, გუნება-განწყობილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს ბევრი დაავადება. ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია ცნობილია მცენარეები, რომლებიც არეგულირებენ ენდოკრინული სისტემის მუშაობას. მათ შორის არის როგორც სამკურნალო, ისე საკვები მცენარეები. მაგალითად, მინდვრის მიხაკი, რომელიც შეიცავს ალკალოიდებს, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს მთელ ჰორმონულ სისტემას, შველის კუჭ-ნაწლავის აშლილობას, ოსტეოქონდროზსა და რადიკულიტს, ზოგიერთ წამალზე უკეთესად წმენდს სისხლს:

1 ს/კ მიხაკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი. სვით ნაყენი ჩაის მაგივრად 4-ჯერ დღეში, 15 დღის განმავლობაში. 15 დღის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

ორფერი (ფილტვის ბალახი, კოკოჩი, ხავერდა) - უნივერსალური საშუალებაა, რომელიც აწესრიგებს ენდოკრინული სისტემის ჯირკვლებს, ამაღლებს იმუნიტეტს. ორფერი ააქტიურებს ვიტამინების მოქმედებას,  კურნავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას, შველის ხველებას. ორფერის ფოთლებისა და ღეროებისგან შეიძლება მომზადდეს სალათები, წვნიანი.

გთავაზობთ სამკურნალო რეცეპტს:

1ს/კ ორფერს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და სვით პატარა ყლუპებით ჭამამდე 30 წუთით ადრე. უნდა მოამზადოთ დღეში 3-4-ჯერ. საღამოს შეიძლება დაამატოთ 2 ჩ/კ თაფლი.

რათა ენდოკრინული სისტემა წესრიგში იყოს, ქალებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ კვებას. უნდა მიიღოთ ქალის ჰორმონების მსგავსი ფიტოესტროგენების შემცველი პარკოსნები, სოია, ხორბალი, კენკრა და ქამა სოკო. ფიტოესტროგენებს აქვს ანტიმიკრობული, კიბოს საწინააღმდეგო და ანთებსაწინააღმდეგო თვისება. ამ პროდუქტების ხანგრძლივად მიღება ამცირებს კლიმაქსის სინდრომის გამოვლენას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. არის ოსტეოპოროზისა და სარძევე ჯირკვლების პროფილაქტიკურ საშუალება.