"ნაცების" ცოლები ევროპაში მშობიარობენ, ამათ კი ბავშვები შიმშილით ეხოცებათ" - კვირის პალიტრა

"ნაცების" ცოლები ევროპაში მშობიარობენ, ამათ კი ბავშვები შიმშილით ეხოცებათ"

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ "ვარიანის ვარამს" საზოგადოების  გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, მცირეწლოვანების შიმშილით სიკვდილი მხოლოდ  ზუბაშვილების ოჯახის ტრაგედია არ არის.

პარლამენტის წინაშე წარმდგარმა ჯანმრთელობის მინისტრმა საზოგადოებას ახალი ინიციატივა აუწყა: ოჯახებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვების გამოკვება უჭირთ, გადაეცემათ ვაუჩერები, რითაც "საკვებ დანამატს" მიიღებენ. ბოლო პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტომ ღარიბი ოჯახებისთვის შვილების ჩამორთმევა და მათი ბავშვთა სახლებში გადაყვანა არაერთხელ მოითხოვა, რასაც მშობლებმა  წინააღმდეგობა  გაუწიეს. ვფიქრობთ, სწორი გამოსავლის პოვნაში ხელისუფლებას საზოგადოების მოსაზრებები დაეხმარა, რისთვისაც მადლობას გიხდით. გთავაზობთ www.kvirispalitra.ge-დან ამონარიდებს:

www.kvirispalitra.ge

ლუიზა: ოჯახი არ უნდა დარჩეს პრობლემებთან მარტო, მეტი მოეთხოვება საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას.

გუნცი: მშობლის გამტყუნება როგორ შეიძლება? ღმერთის მაინც არ ეშინიათ? რამდენი ბავშვი შიმშილობს, მაგათ მშობლებს უნდა  უთხრა, რომ შვილები არ უყვართ?

არსენა: ბავშვთა სახლში ბავშვების ჩაბარების შემთხვევაში რა გარანტია აქვს ბავშვის მშობელს, რომ შვილს დაიბრუნებს? შეიძლება ეს ბავშვი ერთ მშვენიერ დღესაც ვიღაც უცხოელს მიაშვილონ!   რამდენი თანხა იხარჯება არაფრისთვის და ამ ოჯახის დახმარება ნუთუ უფრო სოლიდური თანხით არ შეიძლებოდა? ან ძროხა ეჩუქებინა გამგეობას, ან რაღაც ქმედითი ღონისძიება გაეტარებინა!

ნუცა: "ნაცების" ცოლები ევროპაში მიდიან სამშობიაროდ მთელი ამალით და ამ საცოდავებს შვილები შიმშილით ეხოცებათ.

დავითი: ფული თუ არა აქვს, შიმშილით უნდა მოკვდეს ადამიანი, მით უმეტეს - ბავშვი? რად გვინდა ძეგლები და ტურიზმი, ბავშვებს თუ ვერ მივხედეთ?!

შავლეგო: გადაუხადეთ ასეთ ოჯახებს ჩემი ხელფასიდან დაქვითული თანხის სულ მცირე ნაწილი მაინც და მას ნუ ხარჯავთ შადრევნების გაკეთებასა და მძაღე შოუებში!

წერილის გამოქვეყნების შემდეგ არაერთი   სოციალური პრობლემით შეწუხებული მოქალაქეც დაგვიკავშირდა და გვთხოვა, მათ შესახებ ინფორმაცია გამოგვექვეყნებინა.  გთავაზობთ ზოგიერთის მონათხრობს.

რუსუდან ჭყოიძე: "48 წლის ვარ. ხერხემალზე ჰემანგიომა, სიმსივნური წარმონაქმნი მაქვს. დამეწყო ძვლის განგრენაც. სადაზღვევო კომპანიას მივმართე (უმწეობის პოლისი მაქვს), მაგრამ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი მითხრეს, ამ დაავადების მკურნალობა ჩვენს მოვალეობაში არ შედისო. ინვალიდის სტატუსის მიღებას ვერაფრით მივაღწიე. მყავს 20 წლის ქალიშვილი, პარკინსონით დაავადებული, აქვს სახის დამბლაც.

მის მომსახურებაზეც სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა. იძულებული გავხდი, პატრული გამომეძახებინა. როცა პატრულმა ოქმი შეადგინა და დაწერა, რომ ჩემი კონფლიქტი სადაზღვევოსთან  მომსახურებაზე უარის თქმამ გამოიწვია, კეთილი ინებეს და ბავშვს  ჩაუტარეს გამოკვლევა. ჯანმრთელობის მინისტრი  ანდრია ურუშაძე პარლამენტში ანგარიშით წარდგა და გვარწმუნებდა, გაჭირვებული მოსახლეობა უყურადღებოდ არ დარჩებაო.

საბუთებს ხელი დავავლე და ქუჩაში გავედი, მინდოდა მინისტრს პარლამენტთან დავხვედროდი, მაგრამ ქუჩაში ჩავიკეცე.  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს, საიდანაც პირველადი დახმარების შემდეგ გამწერეს. უბედურება ის არის, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ბევრი ბრძოლა და აქეთ-იქით სიარული მჭირდება. მე კი დღითი დღე ვუძლურდები".

მზია ძაგანიძე: "70 წლის ვარ,  მენჯ-ბარძაყის  ოპერაცია რამდენჯერმე გავიკეთე, ორი ყავარჯნით მიხდება სიარული, ახლა სახლიდან ვეღარ გავდივარ.  ახლობლის ბინაში ვცხოვრობ, რადგან საცხოვრებელი ოპერაციის თანხის უქონლობის გამო გავყიდე. ვერ ვსარგებლობ სიღარიბის პოლისით. ერთხელ სოციალური აგენტი მოვიდა და იმის გამო, რომ ოთახში გამათბობელი ნახა, მაღალი ქულებით შეაფასა  ჩემი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. Aარ გაითვალისწინა, რომ ბინაც  და გამათბობელიც ჩემი საკუთრება არ იყო. მას შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავედი, სხვა ნათესავს შევეკედლე. იქნებ ახლა მაინც აღწეროს ვინმემ ჩემი სიღარიბე."