წიწვოვანები - ჯანმრთელობის საწინდარი - კვირის პალიტრა

წიწვოვანები - ჯანმრთელობის საწინდარი

მეცნიერთა აზრით, წიწვოვანი მცენარეები უნიკალური კოსმოსური ენერგიის მატარებლები არიან. რადგან ეს მცენარეები სამკურნალო თვისებებს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ.

ვიტამინებით მდიდარი ნაძვის წიწვების, ღეროებისა და გირჩების ნახარში ამაღლებს იმუნიტეტს. წიწვების აბაზანა რეკომენდებულია გადაღლილობის მოსახსნელად.

ქრონიკული ძლიერი ხველების, ტუბერკულოზის საწყისი სტადიის, გაცივებისა და სასუნთქი ორგანოების ინფექციური დაავადებების დროს 50 გ დაქუცმაცებულ ნაძვის ახალ გირჩას დაასხით 1ლ წყალი, თავდახურული ადუღეთ ნელ ცეცხლზე მანამდე, სანამ წყალი 1/3-ს არ მიაღწევს, გაწურეთ, დაატკბეთ  თაფლით ან შაქრით და მიიღეთ 1 ჭიქა ნახარში პატარ-პატარა ყლუპობით, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

გაცივებისა და ხველების დროს 1ს/კ დაქუცმაცებულ ნაძვის ახალ წიწვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 4-6 საათი გააჩერეთ. გაწურეთ. მიიღეთ თბილი ნაყენი ყლუპობით დღის განმავლობაში.

მწვავე ხველების (ქრონიკული ბრონქიტის) დროს შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ნაძვის ფისი და ყვითელი ცვილი, გაადნეთ და გააცივეთ. ნარევის პატარა ნატეხი დადეთ ნაღვერდალზე ან ცხელ ლითონზე და ბოლი შეისუნთქეთ.

ჰერპესის დროს შეურიეთ ერთმანეთს ფიჭვის ფისი და მცენარეული ზეთი (პროპორციით 1:2-ზე) და დღეში 2-3-ჯერ წაისვით მტკივნეულ ადგილზე.

სოჭის ეთეროვან ზეთს (შეიცავს წიწვები და ქერქი)  იყენებენ ნევრალგიის, რევმატიზმის, მიოზიტისა და გაცივების სამკურნალოდ. სოჭის ფისი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

კედრის კაკალი და წიწვი ჯანმრთელობის საგანძურია. მდიდარია იოდითა და სპილენძით, თუთიით კედრის ეთეროვანი ზეთი - უმთავრესი იმუნოსტიმულატორია. წიწვის ნახარში ხელს უწყობს ცხიმის წვას, წმენდს ორგანიზმს და იცავს ნაადრევი დაბერებისაგან.