უებარი ნიორი - კვირის პალიტრა

უებარი ნიორი

უხსოვარ დროში ძველი ბერძნები ნიორს წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ და თილისმასავით მუდამ ყელზე ეკიდათ. მათი რწმენით, ამით თავს იცავდნენ ეპიდემიებისგან, დევნიდნენ ბოროტ სულებს...

ნიორს დღესაც არ დაუკარგავს "ღირსება"... არცთუ დიდი ხნის წინ გერმანიაში გამოაცხადეს ნივრის წელი, იტალიასა და ესპანეთში მთავარი სანელებელია (ამატებენ ყველა კერძს, გარდა დესერტისა), საფრანგეთში ყოველ აგვისტოს თვეში აწყობენ ნივრის დღესასწაულს.

ნიორი უნიკალური მკურნალია, ალიცინის შემცველობის წყალობით - ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ალიცინი აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას და სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ხსნის სტრესს და ორგანიზმს იცავს კიბოსაგან.

ნიორი ასევე შეიცავს ბევრ A (მხედველობას აუმჯობესებს), PP (გვიცავს სტრესებისა და უძილობისაგან), D (ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას) და B ჯგუფის (მონაწილეობენ ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაში) ვიტამინებს.

ნიორში ისევე, როგორც ხახვში ბევრია ბაქტერიციდული ნივთიერება - ფიტონციდები, რომლებიც სპობენ ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებს.

ცნობისთვის: ნიორი 6000 წლისაა, მისი სამშობლოა შუა აზია.

XIX ს-ის ბოლოს ევროპაში გამოაქვეყნეს ეგვიპტური პაპირუსები, რომელიც დაწერილი იყო 1550 წ. ჩვ.წ.აღ-მდე. მათში ნივრის საფუძველზე შექმნილი 22 სხვადასხვა რეცეპტია აღწერილი.

ნივრისა და ნივრით შეზავებული კერძების ჭამის შემდეგ, მისი უსიამოვნო სუნის გასაქრობად დაღეჭეთ ოხრახუში, ილი ან დარიჩინი, კარგია ყავის მარცვლებიც.