დიაგნოზი არ არსებობს?! - კვირის პალიტრა

დიაგნოზი არ არსებობს?!

მარჩენლის დასაქმებამ მძიმე ავადმყოფი გოგონა მკურნალობის გარეშე დატოვა

გადავარჩინოთ ელენე!

რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, ვფიქრობ, შესაბამისი უწყებების ინტერესისა და კვლევის საგანი უნდა გახდეს. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ჟურნალისტებს ექიმების დისკრედიტაციაში, ამიტომ ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ამ სამწუხარო ისტორიის მონაწილე მედიკოსების განკითხვისგან, რადგან ახლა 16 წლის ელენეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად საზოგადოების მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე მტყუან-მართლის მხილება. თუმცა ჩვენი მხრივ, ამ ამბავს ჟურნალისტური მოკვლევის თემად ვაქცევთ და ახლო მომავალში დამატებით დეტალებს შევთავაზებთ მკითხველს.

16 წლის ელენე წერეთელი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში, ქირურგიულ განყოფილებაში წევს. მეთერთმეტეკლასელი გოგონა უკვე რამდენიმე თვეა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის იბრძვის. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს, ამიტომ მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს. არადა მოზარდს, რომელსაც მიზეზთა გამო ღრმა ანემია განუვითარდა, მკურნალობისთვის შესაბამისი მედიკამენტები და გამოკვლევა სჭირდება.

რუსუდან წერეთელი, ელენეს დედა: "8 დეკემბრის დილას ბავშვს შეტევითი ტკივილები და პირღებინება დაეწყო. ქარელში ვცხოვრობთ. ექოსკოპიური გამოკვლევის შემდეგ მითხრეს, რომ კისტოზური წარმონაქმნი ჰქონდა საკვერცხეზე და გამსკდარიყო, რის შედეგადაც მუცლის ღრუში სისხლი იყო ჩაღვრილი.  სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია კისტაზე. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, პაციენტთან თავმდგმურს არ ტოვებდნენ, ამიტომ იმ ღამეს შინ გამიშვეს. დილის 7 საათზე ბავშვი გაიბერა. ექიმები ვერ მიხვდნენ, ეს რა იყო.

შარშანაც მუცლის შებერილობით დავაწვინე იაშვილის სახელობის კლინიკაში. მაშინ გამწმენდი ოყნა გაუკეთეს ექიმებმა და მომჯობინდა. ამის შემდეგ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ელენემ სწორედ ეს ამბავი მოუთხრო ქარელში ექიმებს და მათაც გადაწყვიტეს, ამჯერად უკვე ნაოპერაციები ბავშვისთვის კვლავ გამწმენდი ოყნები გაეკეთებინათ. ბავშვი კიდევ უფრო დამძიმდა. ზონდი ჩაუდგეს, სითხეს ერთდროულად უღებდნენ პირიდან და ცხვირიდან. ამასობაში ელენემ გონება დაკარგა. გორიდან გამოიძახეს ბავშვთა ქირურგი და გადაწყვიტეს, რომ ბავშვი მეორედ უნდა გაეჭრათ. თანხმობა მივეცი და ხელიც მოვუწერე, სხვა რა უნდა მექნა? რადგან ექიმებმა გადაწყვიტეს, ალბათ ასე იყო საჭირო, მათ ხომ ჩემზე უკეთ იციან.

ბავშვი რომ გაჭრეს, საოპერაციოში შემიყვანეს და გაჭრილი ბავშვი მაჩვენეს. ნაწლავები საოცრად ჰქონდა შებერილი. როგორც შემდეგ ამიხსნეს, ოპერაცია გაუვალობის საბაბით გაკეთდა, და სწორი ნაწლავი დროებით ზემოთ ამოუტანეს. ელენეს მდგომარეობა მაინც მძიმე იყო, ამიტომ თბილისიდან რეანიმობილი გამოიძახეს, რომ ბავშვი იაშვილში გადაეყვანათ. იაშვილში ყველა ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატი დაკავებული იყო და ელენე ღუდუშაურში დავაწვინეთ. ოთხი დღის განმავლობაში აპარატზე ჰყავდათ მიერთებული. ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ გადარჩენის იმედს არ მაძლევდნენ, თირკმლებიც კი გაეთიშა.

აპარატიდან რომ მოხსნეს, ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაგვიყვანეს. იქაც ჯერ რეანიმაციაში დააწვინეს, შემდეგ ქირურგიულ განყოფილებაში. მაღალი ტემპერატურა და პირღებინება ისევ ჰქონდა. ექიმებს ტუბერკულოზზეც კი შეეპარათ ეჭვი, მაგრამ არ დადასტურდა. შემდეგ მოიყვანეს ექიმი სეფსისის ცენტრიდან, რომელმაც თქვა: ბავშვი გასაჭრელია, რადგან მუცელში პერიტონიტი განვითარდაო. კლინიკის ექიმებმა დაგვიბარეს მე და ჩემი მეუღლე და პირდაპირ გვითხრეს:

თქვენი შვილის ავადმყოფობას ვეღარ ვუმკლავდებით და სეფსისის ცენტრში უნდა გადაიყვანოთო. რაღაც დროის განმავლობაში იქაც გავდიოდით მკურნალობის კურსს, მაგრამ 21 იანვარს გამოგვწერეს, ბავშვს 37,5 ჰქონდა ტემპერატურა... ეს იმით ახსნეს, სწორი ნაწლავი რომ არის გამოტანილი გარეთ, ასე იცისო. 23 იანვარს კი იაშვილის კლინიკაში დავბრუნდით. ისევ მაღალი სიცხე ჰქონდა და პირღებინებაც  დაეწყო. ამჯერად ექიმებმა ასეთი რამ მითხრეს: ღვიძლზე ორი ჩრდილი ჩანს, უკვე გულთან აქვს სითხე, რომელსაც ნაწლავების ანთებაც ერთვის, ოპერაციას ვერ გავუკეთებთ, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეაო.

- მთელი ამ ხნის განმავლობაში, მკურნალობის ხარჯებს როგორ ფარავდით?

- სკოლა დაეხმარა ბავშვს და ნათესავებმა შეგვიგროვეს, ვისაც რამდენი ჰქონდა და ამით გავიტანეთ თავი. ახლა უკვე აღარავის არაფერი აქვს და ჩვენც ვერ ვაფინანსებთ ბავშვის სათანადო მკურნალობას. ახლა მას სჭირდება კარგი გამოკვლევა და ნორმალური მკურნალობა. ფული თუ არ გაქვს, არაფერი ხარ. ჩვენ ვსარგებლობდით სოციალური პაკეტით, მაგრამ ჩემმა მეუღლემ დაცვაში დაიწყო მუშაობა, ლილოს ბაზრობაზე, ხელფასი 250 ლარი აქვს და სოციალური შეღავათები მოგვიხსნეს.

კლინიკის მენეჯერი გვეუბნება, იქნებ ნახევარი მაინც შემოიტანოთო, გადასხმებს უკეთებენ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, არც მიკითხავს ჯერ, რამდენია გადასახადი. ბავშვი 40 კილოგრამია, სისხლი ვერ აუღეს..."

P.S. ბედის ირონიაა, მაგრამ ოჯახს მარჩენლის დასაქმება უბედურებად შემოუტრიალდა. სადაზღვევო პოლისის არსებობის შემთხვევაში ელენე სრულფასოვან მკურნალობას ჩაიტარებდა, ახლა კი მხოლოდ გულისხმიერი ადამიანების მოწყალების იმედად არის დარჩენილი.

გთავაზობთ ანგარიშის ნომერს:

სს "კორ-სტანდარტ ბანკი"

საკორესპონდენტო ანგარიში საქ. ეროვნულ ბანკში #900161245

კოდი: AGREGE22

მიმღები: მანანა ბუზიაშვილი

მიმღების ანგარიში:

# GE64 KS00 0000 0360 1014 95