პიტნა - მკურნალი - კვირის პალიტრა

პიტნა - მკურნალი

პიტნას სამკურნალოდ დღესაც აქტიურად იყენებენ. ეს სურნელოვანი მცენარე შეიცავს ბევრ ფიტონციდს - ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანთებსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ასევე შეიცავს მენთოლსა და აზულინს. მენთოლი აქვეითებს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ხსნის ტვინის ძარღვებისა და გულის შეტევით სპაზმებსა და თავის ტკივილს, სტენოკარდიულ და ნევროტიკულ ტკივილებს, აწესრიგებს ტაქიკარდიის დროს მდგომარეობას და სინოსურ არითმიას. მაგალითად, თუ მგზავრობის დროს გულისრევის შეგრძნება გაქვთ, საკმარისია ენის ქვეშ ჩაიდოთ პიტნის შემცველი ვალიდოლის აბი, რომ ეს უსიამოვნო გრძნობა გაივლის. აზულინი პიტნას სძენს ანთებსაწინააღმდეგო თვისებას, აღადგენს ბრონქიალურ გამავლობას, ხსნის ბრონქების სპაზმებს.

პიტნის არომატი აღადგენს ენერგიას, ხსნის გადაღლილობითა და უძილობით გამოწვეულ ნერვულ დაძაბულობას, შოკსა და სტრესს, ადამიანს სძენს სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის გრძნობას...

პიტნას შეიცავს კორვალოლი, პექტუსინი და ბევრი სხვა წამალი.

გთავაზობთ პიტნის რეცეპტებს:

- მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ს/კ პიტნა, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15-20 წუთი თავდახურული გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, როგორც სპაზმოლიტური და შარდმდენი საშუალება.

კუჭის აშლილობისა და გულის რევის დროს - 2 ჩ/კ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და მიიღიეთ 0,3 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

გაცივების დროს - 1 ს/კ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი და დალიეთ, როგორც ჩაი (ეს ნაყენი ოფლმდენია, დაბლა სწევს ტემპერატურას).

ჰიპერტონიის დროს - თითო წილი პიტნის, გვირილისა და კატაბალახას 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მიიღეთ 1/3 ჭიქა ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

პიტნის ნაყენით (1 ჩ/კ გამხმარ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი) გაიწმინდეთ სახის კანი მუწუკებისა და დერმატიტის დროს. ეს ნაყენი ავიწროებს ფორებს და ანელებს ცხიმის გამოყოფას.

ფეხების დაღლილობას მოგიხსნით - 1 ჩ/ჭ გამხმარ პიტნას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, დაამატეთ ცხელ წყალს და 15-20 წუთით ჩააწყვეთ ფეხები.