როგორ ვუმკურნალოთ ნევრალგიას - კვირის პალიტრა

როგორ ვუმკურნალოთ ნევრალგიას

ალბათ ყველას განუცდია კბილის ტკივილი. ეს შეგრძნება გაზარდეთ 100-ჯერ და მიხვდებით, თუ რა არის ნევრალგია (შეტევითი მწვავე ტკივილი ნერვის მიმართულებით, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლის გარეშე).

რადგან ნერვების დაბოლოება ადამიანის მთელ სხეულზეა განლაგებული, შეტევითი ტკივილები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილზე: კეფაზე, სახეზე, ზურგში, წელში, ნეკნთაშუა, სამწვერა ნერვის და სხვ. ნევრალგიის დროს ნერვში ვითარდება სტრუქტურული ცვლილებები, სუსტდება ან სულ ქრება მგრძნობელობა, შეტევით ტკივილს დაერთვის ვეგეტაციურ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (კანის გაწითლება ან გაფითრება, ოფლიანობა, ცრემლდენა, კუნთების ადგილას ტკივილი (კრუნჩხვა), მტკივნეული ტიკი და სხვ. ყველაზე მტკივნეულია სამწვერა ნერვის ნევრალგია.

ნევრალგიის მთავარი სიმპტომია გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან - რამდენიმე წუთიც კი. ნევრალგიის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, ტოქსიკური მოწამვლა (მათ შორის ალკოჰოლითაც), ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები, ხერხემლის მალთაშორის თიაქარი, შაქრიანი დიაბეტი, დაქვეითებული იმუნიტეტი.

ნევრალგია ძალიან "მატყუარაა", შეიძლება შეინიღბოს სხვა დაავადებებით, მაგალითად, თირკმლის ჭვალით, ზოგჯერ წააგავს ინფარქტსაც კი, ან კბილის ტკივილს, არადა, შეიძლება იყოს სამწვერა ნერვის ნევრალგია...

შეტევითი ტკივილის დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა (მაგალითად წელის), რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს, დააფიქსირეთ ხერხემლის მტკივნეული ადგილი წოლით მდგომარეობაში, შეიხვიეთ შალით (მაგრამ არა ტრავმით გამოწვეული ნევრალგიის დროს), დაიზილეთ გამათბობელი მალამოთი და გელით (დოლოფენი, ფასტუმგელი), დაიდეთ პირშუშხას ფოთლები (ჯერ ცხელ წყალში ჩააწყვეთ და შემდეგ სწრაფად დაიფინეთ) მტკივნეულ ადგილზე - 10 წუთით, დაიკარით წიწაკის სალბუნი, მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი აბი (ისიც მხოლოდ ერთი დღე).

როდესაც ექიმი დაადგენს, რომ ნევრალგია გაწუხებთ, დაგინიშნავთ ტკივილგამაყუჩებელ არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო (დიკლოფენაკს, ნუროფენს, ნიმესილს, ვოლტარენს, მოვალისს) პრეპარატს, საჭიროების შემთხვევაში - სამკურნალო მედიკამენტურ ბლოკადას, ანესტეტიკებს (ნოვოკაინს, ლიდოკაინს) და B12 ვიტამინს, ასევე კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს (დექსამეტაზონს). ამ პროცედურას ატარებს ექიმი - პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრული დოზით.

ტკივილის შემსუბუქების შემდეგ უნდა იზრუნოთ სახსრებზე, რაშიც დაგეხმარებათ ქონდროპროტექტორები (ტერაფლექსი, სტრუქტუმი, ალფლუტოპი).

ნევრალგიის განკურნებაში დიდ როლს თამაშობს ფიზიოლოგიური მკურნალობა, მასაჟი, რეფლექსოთერაპია, წონაში დაკლება, იმუნიტეტის გაძლიერება.

შეეცადეთ, არ გაცივდეთ, არ ინერვიულოთ, თავი აარიდეთ სტრესებს, არ მოსწიოთ, უარი თქვით სპირტიან სასმელებზე და ხშირად ისეირნეთ ფეხით.

გთავაზობთ ერთ ხალხურ რეცეპტსაც: 10 გ დაქუცმაცებულ ტირიფის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. ნევრალგიური ტკივილის დროს მიიღეთ 1/2 ჩ/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე.