თუ თავი გტკივათ... - კვირის პალიტრა

თუ თავი გტკივათ...

მეცნიერთა კვლევებით დამტკიცებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში თავის ტკივილის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია თავისა და კისრის კუნთების შევიწროება, სისხლძარღვების სპაზმები, მთელი დღის განმავლობაში გადატანილი სტრესები, დაღლილობა, გონებრივი დაძაბულობა, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა.

საღამოხანს თუ თავის ტკივილი გაგიმძაფრდათ, დაგიამებთ უბრალო ანალგეტიკი ან კოფეინისა და ანალგეტიკის კომბინაცია, წერტილოვანი მასაჟი, მასტიმულირებელი ნოოტროპული საშუალებანი, B  და ჩ ვიტამინების კომპლექსი.

არტერიული წნევის დროს ტკივილი მძაფრდება კეფაში, ჩნდება თავბრუსა და გულისრევის შეგრძნება, ფეხის გადადგმისას თავის ტკივილი მძაფრდება. სანამ წამალს დალევდეთ, გაიზომეთ წნევა, რადგან ეს სიმპტომები დამახასიათებელია როგორც მაღალი, ისე დაბალი წნევისთვის.

მაღალი წნევის დროს მიიღეთ სპაზმების მომხსნელი წამლები: სპაზგანი, სპაზმალგონი და პაპავერინი, ნო-შპა, ფეხები ჩააწყვეთ ცხელ წყალში, დაწექით და თავი დადეთ მაღალ ბალიშზე.

დაბალი წნევის დროს უნდა მიიღოთ კოფეინის შემცველი წამლები (ციტრამონი, კორდიამინი, კაფეტინი) ან ელეუტეროკოკით, ჩინური ლიმონურათი და მწვანე ჩაით დამზადებული საშუალებანი. დალიეთ ტკბილი ყავა, შაქარი მაღლა სწევს წნევას.

თუ ნახევარი თავი გტკივათ, ტკივილი პულსირებადია და ძლიერი, სინათლე თვალებს გჭრით, ნებისმიერი ხმაური გაღიზიანებთ, თავის ტკივილი გეწყებათ დილით, ეს უკვე შაკიკია. ეს დაავადება აწუხებს მოსახლეობის 15%-ს (უმეტესად ქალები). ტკივილს იწვევს თავში სისხლძარღვების გაფართოება და სამწვერა ნერვის ანთება (ამიტომაც ტკივილი ჩნდება ცალ მხარეზე).

შაკიკის დროს უნდა მიიღოთ ანალგეტიკები და ანთების საწინააღმდეგო წამლები, რომლებსაც ექიმი დაგინიშნავთ. დაბოლოს, საჭიროა სიმშვიდე, სიბნელე და სითბო.

შაკიკის პროფილაქტიკის მიზნით, პაციენტებს ენიშნებათ ბეტაბლოკატორები, ანტიდეპრესანტები.