ელენე გადარჩა,მაგრამ ჯერჯერობით ძვირი მკურნალობა სჭირდება - კვირის პალიტრა

ელენე გადარჩა,მაგრამ ჯერჯერობით ძვირი მკურნალობა სჭირდება

თემის გაგრძელება

სათაურით "დიაგნოზი არ არსებობს!" "კვირის პალიტრის" ერთ-ერთ ბოლო ნომერში დაიბეჭდა წერილი, სადაც მკითხველს 16 წლის ელენე წერეთლის გასაჭირის შესახებ ვუამბეთ. მოზარდი, რომელსაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ორჯერ გაუკეთდა ოპერაცია, საბოლოო დიაგნოზის დასადგენად კვალიფიციურ გამოკვლევასა და მკურნალობას საჭიროებდა.

იმის გამო, რომ ელენეს მამა დასაქმებულია და მისი შემოსავალი თვეში 250 ლარს შეადგენს, ოჯახი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით არ სარგებლობს. საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ერთი ექიმისგან - მეორე ექიმთან სიარულში ოჯახმა ყველა მატერიალური რესურსი ამოწურა, ამიტომ გოგონას ჯანმრთელობა, ფაქტობრივად, გულისხმიერი ადამიანების ანაბარა იყო დარჩენილი.

მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" ელენეს შესახებ დავწერეთ და მის სახელზე საბანკო ანგარიშიც გაიხსნა, გოგონას გასაჭირს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. დახმარების სურვილით გვიკავშირდებოდნენ უცხოეთში მყოფი ქართველებიც. რამდენიმე დღის წინ ელენე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკიდან გაწერეს. რაც მთავარია, გოგონას დიაგნოზი ცნობილია, თვეების განმავლობაში ნატანჯი ბავშვი უნდა მოღონიერდეს, რათა მისმა ორგანიზმმა კიდევ ერთ, ამჯერად უკვე საბოლოო ქირურგიულ ჩარევას გაუძლოს და ამის შემდეგ, თანატოლების მსგავსად, სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებს.

ელენე წერეთელი: "ახლა უკეთ ვარ, ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულისხმიერებისთვის. ექიმები იმედს მაძლევენ, რომ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მსხვილ ნაწლავზე მრავლობითი წყლულები ალაგდება. შემდეგ კიდევ ერთ ოპერაციას გამიკეთებენ და სკოლაში სიარულსაც შევძლებ. როცა გამოვჯანმრთელდები, ჩვენთან ქარელში გეპატიჟებით სტუმრად".

რუსუდან წერეთელი (ელენეს დედა): "ენდოსკოპიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბავშვს მსხვილ ნაწლავზე მრავლობითი წყლულები აღენიშნება. როგორც ექიმები ამბობენ, ახლა ელენეს ხანგრძლივი მკურნალობის კურსი ესაჭიროება, რაც შესაბამისი მედიკამენტების მიღებას გულისხმობს. მხოლოდ ამ კურსის ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი მისთვის ოპერაციის გაკეთება, რომ სწორი ნაწლავი რეზექციის შემდეგ თავის ადგილას დააბრუნონ.

"კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი წერილის შემდეგ დაგვირეკა გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, რომელმაც ელენეს მკურნალობისთვის 200 ევრო გამოგვიგზავნა. კლინიკაში გვესტუმრა ქალბატონი, რომლის შვილიც ამ საავადმყოფოში იწვა და 100 დოლარი გადმოგვცა. როგორც თავად გვითხრა, ეს ქალბატონი აფხაზეთიდან დევნილია. მოდიოდნენ სრულიად უცხო ადამიანები და ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმით გვეხმარებოდნენ.

ქარელის გამგეობამ გადმოგვირიცხა 700 ლარი. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობამაც მნიშვნელოვანი შეღავათი გაგვიკეთა. კლინიკაში ყოფნის პერიოდში 2.500 ლარი დაგვიგროვდა გადასახდელი და გვითხრეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ეს თანხა შეგვიძლია ეტაპობრივად დავფაროთ. ჯერ კიდევ "კვირის პალიტრაში" წერილის გამოქვეყნებამდე მივმართეთ დახმარებისთვის სანდრა რულოვსის საქველმოქმედო ფონდს, რამდენიმე დღის წინ კიდევ შევახსენეთ თავი, მაგრამ არანაირი დახმარება მათგან არ მიგვიღია. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც ჩემი შვილის მდგომარეობა გულთან მიიტანა და დახმარების ხელი გამოგვიწოდა".

P.S. ელენეს მშობლებმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართეს, რათა აღნიშნულმა უწყებამ გამოიკვლიოს, რამდენად მართებული იყო ქარელის სამშობიაროსა და გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმების ქმედება. შეგახსენებთ, რომ ელენეს ორი ოპერაცია სწორედ ამ ორ კლინიკაში გაუკეთდა, რის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პაციენტის ნათესავების ამ ნაბიჯს, სამედიცინო დანაშაულში ეჭვმიტანილი ექიმების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა: "ბავშვი ხომ ცოცხალია და რატომ გვიჩივითო?!"