დავეხმაროთ სახსრებს - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ სახსრებს

საბედნიეროდ, დღეს მედიცინა ეხმარება სახსრებს, თუმცა მისი შესაძლებლობა არცთუ უსაზღვროა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მუხლების სახსრებს, ყველაზე ხშირად სწორედ ისინი განიცდიან შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებას.

მუხლების ტკივილი მიანიშნებს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. თუკი ტკივილს გრძნობთ კიბეზე ასვლისას და ჩამოსვლისას, ან ჩაჯექით და გიჭირთ ადგომა, მიმართეთ ორთოპედს. ღამითაც თუ გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები, ტემპერატურა გემატებათ, მუხლები შეგისივდათ - გჭირდებათ რევმატოლოგი.

ტკივილის მიზეზი აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ და იმკურნალოთ.

სახსრების დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა რაციონალური კვება და ზომიერად ფიზიკური დატვირთვა.

იცოდეთ, 1 კგ-ით მეტი წონაც კი სახსრებისთვის დამატებითი დატვირთვაა. ასევე, არ ატაროთ 3კგ-ზე მეტი ტვირთი. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ - იცურავეთ, იცეკვეთ, იარეთ ფეხით, საუცხოოა აკვააერობიკა, აერობიკა, თხილამურებით სრიალი. სწორად შერჩეული ფიზიკური დატვირთვა ამაგრებს კუნთებს და ტონუსს მატებს სახსრებს.

მეტად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საკვები. ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი რაციონი დადებითად მოქმედებს სახსრების მდგომარეობაზე. ეს პროდუქტებია: კალციუმით მდიდარი უცხიმო რძის ნაწარმი, ომეგა-3, ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზი. მუხლების სახსრების ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, მიიღეთ ბევრი სითხე, ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი, რადგან არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი, ძალიან მაღალი, ან მოუხერხებელი ქუსლი იწვევს სახსრების ტკივილს და მათ დაშლას.

დაიხსომეთ: სიგარეტი ნეგატიურად მოქმედებს სახსრებსა და ძვლების ქსოვილზე.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვის რაციონშიც მუდმივად არის ზეითუნის ზეთი, ნაკლებად ავადდებიან ართრიტით, ხოლო ლაშქარა (მცენარეა), რომელიც შედის მალამოებში, ამცირებს სახსრების ანთებას და ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.