"რა ვქნათ, დავხოცოთ ბავშვები?" - რა მითითებებს იძლევიან სადაზღვევო კომპანიები? - კვირის პალიტრა

"რა ვქნათ, დავხოცოთ ბავშვები?" - რა მითითებებს იძლევიან სადაზღვევო კომპანიები?

ვაგრძელებთ სტატიების ციკლს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #15,16)

რა ფარულ მითითებებს იძლევიან სადაზღვევო კომპანიები

რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს ბებია გარდაეცვალა საავადმყოფოში და კლინიკის ხელმძღვანელობასთან ფორმალური საკითხები იყო მოსაგვარებელი. მიცვალებულის საავადმყოფოდან გადასვენების უფლებას გარდაცვალებიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ აძლევენ ჭირისუფალს, ამიტომ საავადმყოფოს ხელმძღვანელის კართან მომლოდინემ ისეთი რამ ვნახე და მოვისმინე, გადავწყვიტე, აუცილებლად დამეწერა. ვიდრე დოკუმენტებს აფორმებდნენ, კლინიკის ხელმძღვანელის ოთახში სატელეფონო ზარი გაისმა, - სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან რეკავდნენ.

ტელეფონში აშკარად ისმოდა ხმა, ვიღაც კლინიკის ხელმძღვანელს ემუდარებოდა, ქუჩაში წაქცეული შუახნის მამაკაცი მოგვყავს, ყველა კლინიკა მიღებაზე უარს გვეუბნება, იქნებ თქვენ მაინც მიიღოთო. კლინიკის დირექტორმა პირველად ის იკითხა, პატრონი თუ ჰყავსო. ქუჩაში წაქცეული კაცის პატრონი სად ვიპოვოო, ეუბნებოდნენ ყურმილის მეორე მხრიდან.

დიდი დავიდარაბის შემდეგ როგორც იქნა, კლინიკა დათანხმდა, ავადმყოფი მიეღო. ამ ვაჭრობით გაოგნებულმა დირექტორს ვკითხე, როცა ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, იმის გარჩევა, პატრონიანია თუ უპატრონო, შეიძლება-მეთქი?

"თქვენ რა იცით, რა შავ დღეში ვართ. თუ პაციენტის გადახდისუნარიანობა წინასწარვე არ გავარკვიე, შეიძლება საავადმყოფო გაკოტრდეს", - გვითხრა კლინიკის დირექტორმა. ამასობაში ის მამაკაციც შემოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი...

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დიდმა წილმა კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელში მოიყარა თავი, ჯანდაცვის სისტემას საერთო აღარაფერი აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სიცოცხლის გადარჩენასთან. თუმცა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან ამ ცოდვის ტრიალში მთავარი ბრალი სახელმწიფოს მიუძღვის, თავად აქვს საკანონმდებლო ბაზა იმდენად ხარვეზიანი, რომ სადაზღვევო კომპანიებს ლავირების საშუალება ეძლევა.

მართალია, კონტროლის პალატამ სადაზღვევო კომპანიების შემოწმების შემდეგ სკანდალური დასკვნა წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას მხოლოდ 20-30% მოხმარდა და სადაზღვევო კომპანიები 60-70%-იან მოგებას იჯიბავდნენ, ამით არაფერი შეცვლილა, უფრო სწორად, საქმე უფრო გართულდა.

ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე მომზადებულ სტატიებში რესპონდენტთა უმეტესობა ვინაობის გამჟღავნებას თავს არიდებს ზედმეტი პრობლემების შიშით. ექიმმა ნანა საპანაძემ კი, როცა ინფორმაციის სანაცვლოდ კონფიდენციალობის გარანტიას ვაძლევდი, მითხრა, დაწერეთ ჩემი გვარი, რადგან ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია, შიში კი - დანაშაული! თუ ხმას არ ამოვიღებთ, ჩვენს შვილებს მომავალი არ ექნებათო!

ნანა საპანაძე, პედიატრი: - სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების დასაზღვევად სახელმწიფომ საკმაოდ დიდი თანხები გამოუყო სადაზღვევო კომპანიებს. როცა პაციენტი საავადმყოფოში ხვდება, სტაციონარი შეტყობინებას უგზავნის სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც ეს თანხა საავადმყოფოს პაციენტისთვის გაწეული დახმარების შესაბამისად უნდა გადაურიცხოს. ჯერ ერთი, ყველა სადაზღვევო კომპანიას ვალი აქვს, ზოგიერთს ჯერ კიდევ დეკემბრის დავალიანება არა აქვს გადარიცხული. ამასობაში კი საავადმყოფო გადასახადებს ვერ იხდის. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ ბოლო დროს მოხდა.

აპრილში ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი გამოგვეცხადა და სიტყვიერი გაფრთხილება მოგვცა, რესპირაციული სისტემის ინფექციებით (ზედა სასუნთქი გზების მრავლობითი და დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე ინფექციები, მწვავე ბრონქიტი და ფილტვების ანთება) დაავადებული უმწეო პაციენტების სტაციონარული მკურნალობა (კრიტიკული მდგომარეობის გარდა) არ ანაზღაურდებაო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, თუ როდის, რა სიმძიმის გათვალისწინებით უნდა მოთავსდეს ბავშვი სტაციონარში, სადაზღვევო კომპანია კი გვთხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს გვერდი ავუაროთ და მათი სტანდარტებით ვიმუშაოთ.

თუ ბავშვი საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს, ვინ დატოვებს სტაციონარში?

წარმოიდგინეთ, სასწრაფო დახმარებას მოჰყავს ბავშვი, რომელიც უმწეო ოჯახიდან არის, აქვს გართულებული ფილტვების ანთება, სადაზღვევო კომპანია კი მავალდებულებს, ბავშვს დახმარება არ გავუწიო და მის პროვაიდერ პოლიკლინიკაში გავუშვა.

თუ ასე არ მოვიქცევი, თურმე მომსახურების ხარჯებს არ აგვინაზღაურებს. იძულებული ხარ, ღარიბ-ღატაკ მშობელს უთხრა, თქვენ არ დაგიფინანსებენ ბავშვის მკურნალობას, ამიტომ უნდა წახვიდეთ სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერ პოლიკლინიკაშიო. მას ვერც სასწრაფოთი გზავნი უკან, რადგან სასწრაფომ დატოვა საავადმყოფოში. შეიძლება ასეთ დროს აღარ აწვალო მშობელი, მისცე  დანიშნულება და გაუშვა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ სწორად უმკურნალებს უმწეო მშობელი და ბავშვი არ დაიღუპება? სასუნთქი სისტემის დაავადებებთან ხუმრობა არ შეიძლება.

იმ მშობელს, რომელიც უმწეოა, სახელმწიფო აფინანსებს, რომ ასეთ დროს მაინც იყოს დაცული, სადაზღვევო კომპანია კი გვაძლევს მითითებას, რომ უმწეო ავადმყოფი ბავშვები სტაციონარში არ დავაწვინოთ. რაც მთავარია, ამას გვეუბნებიან ზეპირად და არა წერილობით! ჩვენი კლინიკა იძულებული გახდა სადაზღვევოსთვის წერილი მიეწერა, ოფიციალურად, წერილობით გვინდა მოგვწერონ, ვინ დავაწვინოთ სტაციონარში და ვინ - არა.

პასუხი არ მიგვიღია, რადგან თავადაც იციან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და სტანდარტები. მათი მოთხოვნისამებრ ალალბედზე, ქუჩაში გაშვებული უმწეო ბავშვი შეიძლება დამძიმდეს და გარდაიცვალოს კიდეც. მშობელი კი ვის უჩივლებს? ექიმს! სპეციალური ორგანოებიც სასწრაფოდ "დაადგენენ", რომ ექიმმა გულგრილობა გამოიჩინა და სამაგალითოდ დასჯიან, ტელევიზიები კი ხმაურიან სიუჟეტებს გააკეთებენ. მერე ამტკიცე, რომ სადაზღვევო კომპანიიდან სიტყვიერი მითითება გქონდა. სადაზღვევო კომპანია აუცილებლად იტყვის, რომ ასეთი რამ სინამდვილეს არ შეეფერება!

სადაზღვევო კომპანიებთან ყოველდღე გაწევ-გამოწევა გვაქვს. თუ საღამოს შემოვიდა დაზღვეული ბავშვი, მეორე დილამდე არ ვიცით, სადაზღვევო კომპანია რას იზამს, აანაზღაურებს თუ არა მომსახურების ხარჯებს.

გაგვცეს ვინმემ პასუხი, რა ვქნათ, დავხოცოთ ბავშვები?