საკვები, როგორც ნარკოტიკი - კვირის პალიტრა

საკვები, როგორც ნარკოტიკი

ბულიმია - დაავადება, რომელსაც მალავენ...

მუცლის ამოყორვა, ღორმუცელობა - სწორედ ამ სიტყვებით ახასიათებენ მედიკოსები თანამედროვეობისთვის ერთ-ერთ საშიშ დაავადებას, ბულიმიას. ბულიმია ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც თან ახლავს კვების დარღვევა და უმეტეს შემთხვევაში 15-30 წლის ქალებში გვხვდება. როგორც გავარკვიეთ, ამ დაავადების შემთხვევა ხშირია საქართველოშიც, მაგრამ პაციენტთა დიდი ნაწილი ცდილობს ავადობა დამალოს.

ნანა ჩაჩუა (ფსიქოლოგი): "ბულიმია რთული და თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი დაავადებაა. ეს არ გახლავთ ორგანული დაავადება, რადგან მეტწილად ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. დაავადებას ახასიათებს კვების რეჟიმის დარღვევა, ჭამისადმი გაძლიერებული მოთხოვნილება, ადამიანს თავში სულ ჭამაზე ფიქრი უტრიალებს. საკვების უზომოდ მიღების შემდეგ, ბულიმიით შეპყრობილთ ეუფლებათ დანაშაულის განცდა და ამას თან სდევს სურვილი განთავისუფლდნენ ჭარბი საკვებისგან. ამას კი ან ხელოვნურად გამოწვეული გულისრევით აღწევენ, ან სხვადასხვა გამწმენდ საშუალებას მიმართავენ. ნერვულ, ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან ერთად, დაავადების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს ცხოვრების არასწორი რიტმი, ოჯახური გარემო. საინტერესოა, რომ ბულიმია და ანორექსია, ეს ორი დაავადება ყოველთვის ერთად განიხილება. ანორექსიის დროს ადამიანს აქვს გასუქების შიში, ბულიმიის დროსაც ეუფლებათ ასეთი განცდა, მაგრამ პირველ შემთხვევაში ადამიანი წონაში იკლებს და ამის მიუხედავად მაინც ფიქრობს, რომ მსუქანია. ამ დაავადების მქონენი კვების შეზღუდვას მაშინაც კი აგრძელებენ, როდესაც არასრულფასოვანი კვების გამო ორგანიზმი დასუსტებულია. ამის მიუხედავად, მაინც ჰგონიათ, რომ მსუქნები არიან და ფაქტობრივად სიმსუქნის შიში ემართებათ.

- რა არის ყველაზე სავალალო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ ორ დაავადებას?

- ანორექსიის დროს ადამიანი შესაძლოა, კახექსიამდე მივიდეს და გამოსავალი ფატალური იყოს. ბულიმიის შემთხვევაში კი, იმდენად არის ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, რომ გარე სამყაროსადმი ადეკვატურობას კარგავს. ბულიმიით შეპყრობილს აშინებს საკუთარი სხეულის ფორმები და წონა, ამის გამო მუდამ დაძაბულია. აღსანიშნავია, რომ ბულიმიის დროს, საკვების ჭარბი მიღებისას, არ ეუფლებათ დანაყრების შეგრძნება და მანამ, სანამ საკვები არ დამთავრდება, ჭამის სურვილი არ ასვენებთ. მაგალითად, თუ მაცივარში რამე საკვები ეგულებათ, არ მოისვენებენ, სანამ სულ არ შეჭამენ. ბულიმიით დაავადებულს არ შეუძლია ჭამისგან თავის შეკავება, როდესაც საკვებს ხედავს. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, ბულიმიის მდგომარეობას ექიმები, ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებასაც ადარებენ.

- რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები ამ დაავადებით?

- საკმაოდ ხშირად გვყავს როგორც ბულიმიით, ასევე ანორექსიით დაავადებულნი. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელიც უმეტესად 15-30 წლის ქალებში გვხვდება. მაგალითად, ახლახან მყავდა 17 წლის პაციენტი გოგონა, რომელსაც ბულიმიის დიაგნოზი დავუსვით. ხუმრობით ამ გოგონას შოკოლადიც კი დავარქვით. ჩასუქებული გოგონა იყო და ერთ ეტაპზე, ნერვული დაძაბულობის ფონზე, თვითშეფასების უნარი დაკარგა, რის შემდეგაც დაიწყო გადაჭარბებული კვება. ჭარბი საკვების მიღების შემდეგ, დანაშაულის განცდა ეუფლებოდა და ხელოვნურად გამოწვეული გულისრევით თავისუფლდებოდა საკვებისგან. ამის შემდეგ, განერვიულებული გამოდიოდა სახლიდან, აჩქარებული ნაბიჯით დადიოდა ქუჩაში და არ იცოდა, რა ეკეთებინა. ბოლოს ყველაფერი მაინც იმით მთავრდებოდა, რომ მაღაზიაში 5-6 ფილა შოკოლადს ყიდულობდა და ერთბაშად ჭამდა. რა თქმა უნდა, ჭარბი საკვებისგან შეუძლოდ ხდებოდა, განმარტოვდებოდა, ჩაიკეტებოდა ოთახში, მაგრამ იქაც არ ასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ მაცივარში საჭმელი იყო. ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა, მიდიოდა მაცივართან, ჭამდა და ჭამდა. მის ფსიქორეაბილიტაციაში ოჯახის ყველა წევრის ჩართვა გახდა საჭირო. რთული პროცედურების შემდეგ, შედეგს მივაღწიეთ. სხვათა შორის, მამაკაცებში ბულიმია და ანორექსია იშვიათად გვხვდება.

- გამოდის, რომ ბულიმია არც ისე იშვიათი დაავადებაა...

- ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მოგვმართავენ პაციენტები ამ დაავადებით. ნერვული დაძაბულობის ფონი, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია, ამიტომაც გაიზარდა სხვადასხვა ფსიქოლოგიური დაავადების შემთხვევები, მათ შორის ბულიმიაც. ამას ემატება ისიც, რომ თანამედროვე კულტურაში, სიგამხდრე ფიზიკურ მომხიბვლელობასთან ასოცირდება და ხშირად საკუთარ სხეულზე გადაჭარბებულ ზრუნვას ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ. ავადობის ზრდა დაკავშირებულია ასევე თანამედროვე ცხოვრების რიტმთან. იქ, სადაც ტექნიკას უკავია მთავარი ადგილი, ადამიანი ფიზიკურად ნაკლებად აქტიურობს და შესაბამისად ფიზიკურად დინამიკური არ არის. ეს არის კომპლექსური ფსიქოლოგიური პრობლემები და რაც დრო გადის და რაც უფრო ცივილიზაციის მაღალ საფეხურზე ავდივართ, ფსიქოლოგიური პრობლემები მატულობს. ადამიანებს შორის ურთიერთობებიც კი შეზღუდულია. კომუნიკაციები კომპიუტერით, მობილური ტელეფონით მყარდება და არა ცოცხლად. ემოციებსაც კი ერთმანეთს "სმაილებით" ვუგზავნით. ამიტომაც გაიზარდა ფსიქოლოგიური პრობლემები. ცხოვრების რიტმმა სწრაფი კვების სპეციფიკური რიტმიც კი ჩამოგვიყალიბა. ხშირად საჭმლით ხელში ვკითხულობთ ან კომპიუტერთან ვმუშაობთ და კვება, როგორც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი რიტუალი, მისი შემადგენელი ნაწილი, დაიკარგა. კვების პროცესს თან უნდა ახლდეს სიამოვნების განცდა, მაგრამ სისწრაფეში ამას ვერ ვგრძნობთ. თითქოს კონვეიერულ სისტემაში ვცხოვრობთ. სხვათა შორის, ჭამის სტილშიც ჩანს ბულიმიით დაავადებულის თვისებები. ჭამს ხარბად, ჩქარ-ჩქარა და ხმაურით. საინტერესოა, რომ ბულიმიით და ანორექსიით დაავადებულები შინაგანად უხერხულობას განიცდიან და ხშირად ამ პრობლემას მალავენ კიდეც. ამიტომ, დაავადების სტატისტიკა სრულყოფილი არ არის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის კომპლექსური მუშაობა.