"დაავადება, რომელსაც მუდმივად მიხედვა სჭირდება" - კვირის პალიტრა

"დაავადება, რომელსაც მუდმივად მიხედვა სჭირდება"

"სამწუხაროდ,  პროქტოლოგიური დაავადებები რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიო ხუთეულში შედის"

რამდენიმე დღის წინ ექიმ-პროქტოლოგთან გავყევი მეგობარს. პაციენტი მისი ხუთი წლის ვაჟი იყო. ბიჭუნას ბუასილი დაუდგინდა. ბავშვს მანამდე კოლიტი და ყაბზობა აწუხებდა. მედიცინის დოქტორმა დავით კალანდაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ბოლო დროს პატარების ბუასილით დაავადების შემთხვევებმა იმატა.

დავით კალანდაძე: - სამწუხაროდ,  პროქტოლოგიური დაავადებები რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიოს ხუთეულში შედის. ანუ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის აქტუალური პრობლემა და გამოწვეული იმით, რომ მეგრული სამზარეულო ძალიან მწარე და ცხარეა. ეს არის სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადების შედეგი. სამწუხაროდ,  ეს არის უძველესი დაავადება, რომელიც ძალიან გაახალგაზრდავდა.

- გაახალგაზრდავების მიზეზი რა არის?

- ბავშვებში დაავადების მიზეზი არის მემკვიდრეობით გადაცემული სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები, ხელოვნური საკვები, რომელსაც, საუბედუროდ, პატარებს აჭმევენ. სამწუხაროდ, დედის რძით კვების კულტურა ძალიან დაქვეითდა. ადრეული ასაკიდან ხელოვნური კვება განსაკუთრებით საშიშ დამატებით ფაქტორს ქმნის იმ პატარის ორგანიზმისთვის, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცა სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებისკენ მიდრეკილება.

- ექვემდებარება თუ არა ბუასილი  მკურნალობას მცირე ასაკში?

- თუ პრობლემა მედიკამენტური მკურნალობით არ გაქრა, უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ისევე, როგორც ხდება ე.წ. გლანდების შემთხვევაში. მკურნალობა ორნაირია - მედიკამენტური და ქირურგიული, რომელიც თავის მხრივ არის პალიატიური - დამხმარე და რადიკალური.

სამწუხაროდ, ბუასილზე არანაკლებ გავრცელებულია კოლიტი, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს აწუხებს. 3-5 წლის ასაკის ათი ბავშვიდან ორს ჩამოყალიბებული კოლიტი აქვს კლასიკური სიმპტომატიკით, რაც დიდებისთვისაც არის დამახასიათებელი.

- ზოგადად რა მიზეზები იწვევს ამ დაავადებას?

- ცხოვრების წესი: დიდხანს ჯდომა, წიწაკიანი და ცხარე სამზარეულო, გენეტიკური ფაქტორები. შესაძლოა, გადაეცეს მშობლებიდან ან იყოს შეძენილი. ეს არის დაავადება, რომელსაც მუდმივად მიხედვა სჭირდება. უნდა გამორიცხო ისეთი საკვები, რომელიც აირების დაგროვებას იწვევს:  ნიორი, ბოლოკი, კომბოსტო და ა.შ.

ბუასილს ეძახიან მონარქების, მილიონერების და იმ ადამიანთა დაავადებას, რომლებიც პროფესიული საქმიანობის გამო, ძირითადად, სხედან.

პროქტოლოგიური დაავადებები და მით უფრო - ბუასილი, არ ჩნდება უცებ, არაფრიდან. ისე, როგორც მოწმენდილ ცაზე წვიმა არ მოდის - ჯერ უნდა დაიქუხოს, მოიღრუბლოს და მერე წამოვიდეს - საღ ნაწლავზე ბუასილი არ ჩნდება. თავიდათავი  არის კოლიტი, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც ახასიათებს კლინიკური, ტრადიციული სიმპტომები: ყაბზობა, შეკრულობა, აშლილობა და ქავილი. დაავადების გამწვავებას ხელს უწყობს დაბალი სამედიცინო კულტურაც. პაციენტები ბოლო წუთამდე არ მიდიან ექიმთან.

- ალბათ, ეშინიათ, რომ შესაძლოა, სიმსივნე აქვთ. არადა, პროქტოლოგიურ დაავადებათაგან ბუასილი ერთადერთია, რომელიც სიმსივნეში არ გადადის.

- იმის გამოც, რომ დაავადება ინტიმურია, განსაკუთრებით ქალბატონები ცდილობენ, კრიტიკულ მომენტამდე ექიმთან არ მივიდნენ.

ქალებშიც ხშირია ბუასილი. რატომ? ათი შემთხვევის 80%-ში ორსულობის დროს პროცესი მწვავდება. თუ ყაბზობა ან კოლიტი ჰქონდა, ორსულობა იწვევს დაავადების პროგრესირებას. ასევე მშობიარობის დროს ჭინთვებიც იწვევს დაავადების გართულებას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მალავს ამ სატკივარს, რითაც დიდი ზიანს აყენებენ თავს. დაავადების გამაღიზიანებელი ფაქტორია სინთეტიკური საცვალიც.

მოკლედ, უარი თქვით გამღიზიანებელ საკვებზე (მწარე, ცხარე, შებოლილი, შემწვარი), დაიცავით ჰიგიენის წესები, დროდადრო პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის მიმართეთ  ექიმს, თვალი ადევნეთ შვილების ზრდის პროცესში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამით პროქტოლოგიური დაავადებების რისკს საგრძნობლად შეამცირებთ.