A და B ებრძვის დეპრესიას... - კვირის პალიტრა

A და B ებრძვის დეპრესიას...

თუ უმიზეზოდ გეცვლებათ გუნება-განწყობილება, ადვილად ღიზიანდებით, გიპყრობთ აპათია, ეს ნიშნავს, რომ სისტემატურად არ იღებთ საკვებიდან ერთ ან რამდენიმე ვიტამინს ან მინერალს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენს ჯანმრთელობაზე.

მაგალითად, A ვიტამინს აქვს ორგანიზმის აღმდგენი და მასზე ზოგადგამაჯანსაღებელი ზემოქმედების უნარი, ააქტიურებს ტვინის მუშაობას. მას შეიცავს წითელი და ნარინჯისფერი ხილი - ბოსტნეული, ზღვის კომბოსტო, ძროხის ღვიძლი, კარაქი, კვერცხის გული. A  ვიტამინი აითვისება ცხიმის მეშვეობით, ამიტომ სტაფილოს წვენი უნდა სვათ ნაღებით, ღვიძლი კი არაჟანში მოშუშოთ.

B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებას. მაგალითად, B5 (პანტოთენის მჟავა) ცნობილია, როგორც ანტისტრესული ვიტამინი, ეხმარება ორგანიზმს ვიტამინების ათვისებაში, დაავადებებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში. ამ ვიტამინს შეიცავს ღვიძლი, კვერცხი, ლობიო, ნებისმიერი ზეთი; ის ორგანიზმში არ გროვდება ამიტომ, ყოველდღე უნდა მიიღოთ საკვებიდან.

ანტიოქსიდანტებს (C,  E ვიტამინებს, თუთიას, სელენს, ასევე ბიოფლავონოიდებს) შეიცავს წითელი ღვინო, ყურძენი, სხვა ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, შავი ქლიავი, ქიშმიში, მოცვი, მაყვალი, მარწყვი, კომბოსტო, ჭარხალი, ისპანახი, ჟოლო.

კალციუმს, რომელიც ენერგიასა და ტონუსს მატებს ორგანიზმს, შეიცავს რძის პროდუქტები, სარდინი, თეთრი თავხვეული კომბოსტო, ყველი, შავი პური, კაკალი. კალციუმი ხელს უწყობს ორგანიზმს D ვიტამინის ათვისებაში, რომლის მთავარი წყაროა მზე.

კალციუმი ამაგრებს ნერვებს და ხელს უწყობს გულის ნორმალურად მუშაობას, ადამიანს მატებს ხალისს. მას შეიცავს ბანანი, ნიახური, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, ლობიო, ჩირი.

მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს სტრესს, უმიზეზო გაღიზიანებას. მას შეიცავს კაკალი, კაკაო, პური, ქატო.

იოდი ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს "გამოიმუშაოს" ხალისი და მხნეობა. მას შეიცავს თევზი, ზღვის პროდუქტები; ამ მინერალს სტანდარტული რაციონი ნაკლებად შეიცავს, ამიტომ გამოიყენეთ იოდიზებული მარილი.