ბუნებრივი "მკურნალები" - კვირის პალიტრა

ბუნებრივი "მკურნალები"

სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე ყოველი მეხუთე ადამიანი დაავადებულია ფეხის ტერფებისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებით - მიკოზით.

ეს დაავადება ძალიან სწრაფად გადადის სპორებით და შეიძლება სწრაფად გადაგედოთ აუზში, აბანოში, საშხაპეში, სპორტდარბაზში, სილამაზის სალონში, პლაჟზე... მიკოზი ძალიან ადვილად გადადის საყოფაცხოვრებო ნივთებიდან (პირსახოცით, ზეწრით, ფეხსაცმლით და ტანსაცმლით). თუ ოჯახის რომელიმე წევრი დასნებოვნდა სოკოთი, ყველამ უნდა იმკურნალოს აუცილებლად ექიმის დანიშნულებით და არა თვითმკურნალობით.

თუ დროზე არ მიმართეთ ექიმს, სოკო გამრავლდება და კანის უფრო მეტ ფართობს დააზიანებს. აქერცლილი კანი, ქავილი, გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები, ხელებისა და ფეხების ფრჩხილების განშრევება - მიკოზის ნიშნებია. მიკოზი აქტიურდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია, სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და ხელ-ფეხის გაძლიერებული ოფლიანობის დროს.

პირველი სიმპტომებისთანავე უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც გამოკვლევის შემდეგ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას, მკურნალობის დროს აუცილებელია მუდმივად გაუკეთდეს დეზინფექცია საგნებს, რომლებსაც ეხებით - პირადსა და საოჯახო ნივთებს.

მიკოზს ხანგრძლივი მკურნალობა (თითქმის ნახევარი წელი) სჭირდება. ამ დროს შეიძლება ჩართოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები: დილა-საღამოს შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე კვლიავის ეთეროვანი ზეთი (განსაკუთრებით ეფექტიანია დაავადების საწყის სტადიაზე).

ნიორი (მდიდარია ფიტონციდებით - ბუნებრივი ანტიბიოტიკები), დანაყეთ, დაასხით ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ 7 დღე და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.

კალენდულას (ნარგიზულას) ნაყენი ამშვიდებს ქავილს, არბილებს კანს, სპობს სტაფილოკოკებს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. დღეში 2-ჯერ შეიზილეთ ლიმონის წვენი სოკოს საბოლოოდ გაქრობამდე. შეგიძლიათ ატაროთ სოკოს საწინააღმდეგო წინდები (აფთიაქში იყიდება).

კანის ნებისმიერი დაზიანებული ადგილი შეიძლება დაიმუშაოთ სპირტით ან იოდით.

ისარგებლეთ მხოლოდ თქვენი საბანაო ნივთებით, არ ატაროთ სხვისი ფეხსაცმელი, აბანოში წასვლამდე დაიმუშავეთ ფეხები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით.