"იცნობდე, რათა დაამარცხო" - გზამკვლევი მედიცინის სფეროში - კვირის პალიტრა

"იცნობდე, რათა დაამარცხო" - გზამკვლევი მედიცინის სფეროში

წიგნების სერია "ოჯახის მკურნალთან" ერთად

"იცნობდე, რათა დაამარცხო" - სამედიცინო ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ამ ახალმა პროექტმა როგორც რიგით მკითხველთა, ასევე სამეცნიერო წრეების დიდი გამოხმაურება პოვა. უკვე მესამე თვეა, თვეში ერთხელ, ჟურნალის ყოველ მეორე ნომერთან ერთად გამოდის წიგნი, რომელშიც თავმოყრილია ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტული პათოლოგიისა და მისი მკურნალობის შესახებ.

ექიმები ფიქრობენ, რომ სამედიცინო საკითხებზე შექმნილი წიგნების ეს სერია შეავსებს იმ ნიშას, რომელიც ქართულ ენაზე სამედიცინო ლიტერატურის სიმცირის გამო თავისუფალი იყო. ისინი რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაეცნონ ყოველ ახალ გამოცემას. რიგით მკითხველს კი მიაჩნია, რომ წიგნი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დაავადებათა ეტიოლოგია და მისი დაძლევის გზები, მათთვის საუკეთესო სახელმძღვანელო და გზამკვლევი გახდება.

თამარ მამაცაშვილი, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი: "სხვათა შორის, წელს ჩვენი ჟურნალი იუბილარია, 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ოჯახის მკურნალი" გამოდის. წელს კი საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს; ეს არის წიგნების სერია - "იცნობდე, რათა დაამარცხო". სერიის ყოველი ახალი წიგნი თვეში ერთხელ, ჟურნალის ყოველ მეორე ნომერთან ერთად გამოდის. ამ სერიის პირველი წიგნი  გახლდათ "ყველაფერი დიაბეტის შესახებ"; შემდეგ გამოვეცით - "ყველაფერი წნევის შესახებ", ამას მოჰყვა "ყველაფერი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ" და ბოლოს  - "ყველაფერი ალერგიის შესახებ". უნდა ვაღიაროთ, რომ წიგნების ამ სერიამ მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" მკითხველი არც მანამდე აკლდა, მაგრამ ახალმა პროექტმა მათი რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. ახალ გამოცემას კმაყოფილებით ეხმაურებიან როგორც რიგითი მკითხველები, ასევე ექიმები, რაც ჩვენთვის ერთიორად  სასიამოვნოა. მართალია, წიგნები სამედიცინო თემებს ეძღვნება, მაგრამ ისეა დაწერილი, რომ ინფორმაცია კონკრეტული დაავადების შესახებ ყველასათვის გასაგები და საინტერესოა.  ყოველ წიგნში თავმოყრილია სრული ინფორმაცია ამა თუ იმ დაავადების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, უკეთ გაიცნოს პათოლოგია, რომელიც მას ან მის ახლობელს აწუხებს.

რაკი უკეთ გაიცნობს, ისწავლის მასთან ბრძოლის ხერხს და დაამარცხებს კიდეც. წიგნის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა დროს ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" გამოქვეყნებული მასალების კრებულია. წიგნის ნაწილი ეთმობა ხალხური მკურნალობის მეთოდებს და მკითხველს ვთავაზობთ იმ სამკურნალო საშუალებებს, რომელთა მომზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

წიგნების სერია - "იცნობდე, რათა დაამარცხო" გაგრძელდება. ვეცდებით, მოვიცვათ მედიცინის თითქმის ყველა სფერო. წიგნის შემდგენელია ჩვენი ჟურნალისტი ნინო ჩარგეიშვილი, ხოლო რედაქტორი მე გახლავართ. ყოველ გამოცემაში ჩვენი ჟურნალის ყველა ჟურნალისტის წვლილია. მოგეხსენებათ, ისინი პროფესიონალი ექიმები არიან.

ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" აქვს ასევე ინტერნეტვერსია - მკურნალი.გე, სადაც ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს მკითხველებთან ინტერაქტივი. ჩვენი ჟურნალისტი ექიმები დღეში მკითხველების მიერ გამოგზავნილ დაახლოებით 200-მდე შეკითხვას უპასუხებენ. გვაქვს ასევე რადიოგადაცემა "რადიომკურნალი" და ამ ბლოკს ახლა წიგნების ეს სერიაც შეემატა."

მარინა გორდელაძე, ასისტენტ-პროფესორი, ნუტრიციოლოგიის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი: "შესანიშნავი წიგნებია,  ერთდროულად კომპეტენტურიც და საკითხავიც. სრულყოფილი ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული დაავადების და მისი მკურნალობის შესახებ. წიგნში ამომწურავად არის გაცემული პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შეიძლება ადამიანს კონკრეტულ პათოლოგიასთან დაკავშირებით გაუჩნდეს.

ისე პროფესიონალურად არის მომზადებული ეს წიგნები, განცვიფრებული დავრჩი - ვერ წარმომედგინა, პოპულარულ, ყველასთვის გასაგებ ენაზე თუ შესაძლებელი იყო  სამედიცინო ლიტერატურის შექმნა. მაგალითად, წიგნში - "ყველაფერი დიაბეტის შესახებ" ისეთი ამომწურავი ინფორმაციაა ამ პათოლოგიის შესახებ, რომ სტუდენტებთან მუშაობისას მას ხშირად ვიყენებ."

მანანა ნამორაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი:

"ძალიან კარგი გამოცემაა, როგორც თავად ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", ასევე მისი წიგნების ახალი სერია.  კონკრეტული დაავადების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია ძალიან კარგად არის გადმოცემული. მე ორი წიგნი უკვე შევიძინე: "ყველაფერი წნევის შესახებ" და "ყველაფერი გადაუდებელი დახმარების შესახებ". მე და ჩემი კოლეგები სტუდენტებს ვურჩევთ, გამოიყენონ ეს წიგნები. ვფიქრობ, ეს სერია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

სხვათა შორის, როდესაც პრესის ჯიხურში ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" წიგნთან ერთად ვყიდულობდი, ასეთ ფაქტს შევესწარი: გამყიდველმა დისტრიბუტორს მოსთხოვა, გაზრდილი მოთხოვნის გამო ამ სერიის წიგნები მეტი რაოდენობით მიეწოდებინა".