ცელულიტის "დამარცხება" შეიძლება - კვირის პალიტრა

ცელულიტის "დამარცხება" შეიძლება

სპეციალისტი-დიეტოლოგები ამტკიცებენ, ცელულიტს რომ "მოერიოთ", საჭიროა მუდმივად დაიცვათ კვების განსაკუთრებული რეჟიმი. თქვენი ყოველდღიური რაციონი უნდა იყოს დაბალკალორიული, ბალანსირებული.

რაციონის დიდი ნაწილი უნდა დაუთმოთ წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულს (ტკბილი წიწაკა, კომბოსტო, მწვანილი, სტაფილო). ხშირად მიირთვით მოხარშული (ან ორთქლით დაბუღული) თევზი, ზღვის პროდუქტები, უხეშად დაფქული ხორბლის პური, სვით მეტი წყალი, ნატურალური წვენები (განსაკუთრებით ციტრუსები).

თავი შეიკავეთ ყავისგან, გაზიანი სასმელებისა და ცომეულისგან, შეამცირეთ ცხოველური ცხიმები და შაქარი, მარილი. უარი თქვით მაიონეზზე, ნახევარფაბრიკატებზე, შებოლილზე, ძეხვეულზე.

ზოგიერთ საკვებს აქვს ცელულიტთან "შებრძოლების" უნარი. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც შეიცავს თევზი, უჯრედების სტრუქტურას ხდის ელასტიკურს, კანს - მკვრივსა და გლუვს. სასურველია, კვირაში 2-3-ჯერ მიირთვათ თევზი.

ნიახური, რომელიც შეიცავს მცენარეულ ჰორმონებსა და ეთეროვან ზეთს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.

"ფორთოხლისებურ კანთან" ბრძოლაში წარმატებით დაგეხმარებათ წყალი ან გაზგაცლილი მინერალური წყალი, რომელიც უნდა მიიღოთ დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა.

კომბოსტო აფერხებს ნახშირწყლების ცხიმად გადაქცევას. გახსოვდეთ: მწვანე ჩაი გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებსა და ზედმეტ სითხეს, ასტიმულირებს ცხიმების დაყოფა-დანაწევრებას და აქრობს ცხიმოვან უჯრედებში დაგროვილ ცხიმს.

ანანასი შეიცავს ბრომელაინს, რომელიც ცხიმებს გაიწოვს.