"მშრალი თვალების" სინდრომი - კვირის პალიტრა

"მშრალი თვალების" სინდრომი

უმეტეს შემთხვევაში "მშრალი თვალების" სინდრომი აწუხებთ ოფისებში მომუშავეებს. კომპიუტერი, ტელევიზორი და კონდიციონერი კომფორტულია, მაგრამ ზოგჯერ ამ კომფორტისთვის პასუხს ვაგებთ ჩვენი ჯანმრთელობით...

"მშრალი თვალის" სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებაა.

ოფთალმოლოგები გვირჩევენ: ამ დაავადებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, თვალები ხშირად დაახამხამეთ, ამ დროს რქოვანას თხელი ზედაპირი იცავს საცრემლეს გამოშრობისაგან, ინფექციებისა და მტვრისგან, ეხმარება რქოვანამდე მიკროელემენტებისა და ჟანგბადის მიტანაში.

ცრემლი გროვდება თვალების ირგვლივ არსებულ ჯირკვლებში, რომელსაც დახამხამების დროს ქუთუთოები ანაწილებს მთელ გუგაზე და რეცხავს მათ. როდესაც ხამხამი იშვიათდება და თვალებს აკლდება სისველე (ცრემლი) და თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, თავს იჩენს "მშრალი თვალის" სინდრომის სხვადასხვა სიმპტომი: წვა, სინათლის შიში, ქუთუთოების ქავილი, თვალების გაწითლება, სწრაფად დაღლა და "სილის" შეგრძნება...

ამ დაავადების მთავარი პროვოკატორია - კომპიუტერი. შეადარეთ: თუ ჩვეულებრივ თვალებს წუთში 20-ჯერ ახამხამებთ, რომლის დროსაც რქოვანა საკმარისად სველდება, კომპიუტერთან მუშაობის დროს საათობით უმოძრაოდ მისჩერებიხართ ეკრანს, ე.ი. 3-ჯერ ნაკლებად ახამხამებთ თვალებს. მეორე მიზეზია მშრალი კლიმატი, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, სიგარეტის ბოლი, ლინზების მუდმივად ხმარება, წამლების (ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) მიღება, ზოგიერთი დაავადება, ასაკი და კიდევ - სქესი! ხშირად ეს სინდრომი აწუხებთ ქალებს, რაც პირდაპირ კავშირშია ჰორმონულ გარდაქმნასთან, რომელიც მუდმივად, სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს ქალების ორგანიზმში.

"მშრალი თვალების" სინდრომი არა მარტო დისკომფორტულია, არამედ აუარესებს მხედველობასაც. დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ოფთალმოლოგს. გარდა ამისა, დაიწყეთ თვალების ბუნებრივად "დატენიანება".

...კომპიუტერთან მუშაობისას საათში ერთხელ შეისვენეთ, ადექით, გაიარეთ, გაიხედეთ ფანჯარაში, შეასრულეთ თვალების მარტივი ვარჯიშები.

...თვალები ხშირად დაახამხამეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპიუტერთან მუშაობთ, კითხულობთ ან ტელევიზორს უყურებთ - არასდროს დაისრისოთ თვალები, ეს აძლიერებს გაღიზიანებას.

...ბინის დალაგებისას გაიკეთეთ სპეციალური სათვალე.

...თვალებმა რომ მეტი სისველე მიიღონ, სვით დღეში არანაკლებ 1,5-2 ლ-მდე სითხე.

...ხშირად გაანიავეთ ბინა, სუფთა ჰაერი ბუნებრივად ატენიანებს თვალებს.

...კვირაში 2-ჯერ მენიუში გაითვალისწინეთ ცხიმიანი ზღვის თევზი. მეცნიერთა ბოლოდროინდელი მონაცემებით ომეგა-3, რომელსაც თევზი შეიცავს 20-ჯერ ამცირებს "მშრალი თვალების" სინდრომის განვითარებას.