სტაფილო - ჯანმრთელობის ელექსირი - კვირის პალიტრა

სტაფილო - ჯანმრთელობის ელექსირი

სტაფილო სხვა ბოსტნეულზე მეტ კაროტინს - პროვიტამინ A-ს შეიცავს. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს თირკმლებს და გამოდევნის ორგანიზმიდან ქვიშას. ხელს უწყობს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, გამოაქვს ქოლესტერინი.

სასარგებლოა სტაფილოს მწვანე ფოთლებიც, მათში C ვიტამინი უფრო ბევრია, ვიდრე ფორთოხალსა და გრეიპფრუტში.

სტაფილოს წვენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რომელიც სასარგებლოა პატარებისთვის, ორსულებისთვის, იმუნიტეტდაქვეითებულებისთვის.

სტაფილოს წვენი პატარებისთვის პროვიტამინის წყაროა, კარგია კუჭის აშლილობისა და ჭიების (ჰელმინათების) დროს. ის, გარდა კაროტინისა და  A  ვიტამინისა, შეიცავს რკინას, ფოსფორსა და კალციუმს.

წვენი აუმჯობესებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელების პროცესს, მხედველობას, კანს, ამაგრებს კბილებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მატებს ორგანიზმს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ამაღლებს ტონუსსა და იმუნიტეტს. რაც მთავრია, ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას.

სტაფილოს თვისებების ცოდნა აუცილებელია დედებისთვის: მისი ზედა ფენა უფრო მეტ კაროტინს შეიცავს, ვიდრე გული, სამაგიეროდ, გული - მეტ უჯრედისს. ამიტომ სასურველია, გამდინარე წყლით კარგად გარეცხილი სტაფილო მთლიანად მისცეთ პატარას.

ორგანიზმი კაროტინს უკეთ ითვისებს, თუ არაჟანს ან კარაქიან პურს მიაყოლებთ.

სტაფილომ რომ არ ავნოს პატარას (მავნეა, როგორც მისი დეფიციტი, ასევე სიჭარბე), მიეცით დღეში 150-200 მლ ახალგამოწურული წვენი (შეგიძლიათ ორ ნაწილად გაყოთ), არ დაგავიწყდეთ არაჟნის დაყოლებაც. ჩაუტარეთ ბავშვს 10-დღიანი კურსი და სამი კვირა დაასვენეთ. ამ შუალედის დაცვა აუცილებელია, რათა ბავშვის კანი არ გახდეს ნარინჯისფერ-ყვითელი, რომელიც რამდენიმე დღეში ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გაივლის, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში სტაფილო აღარ უნდა მისცეთ.

წვენი ყოველთვის ახალი უნდა მოამზადოთ, რადგან. 30 წუთის შემდეგ კარგავს თვისებებს (ფერსა და გემოს).

უმადობის, საერთო სისუსტისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს მიიღეთ 1ს/კ სტაფილოს წვენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში.

მეძუძურმა დედებმა ლაქტაციის გასაუმჯობესებლად მიიღეთ 100 მლ სტაფილოს წვენი დღეში 2-ჯერ (შეგიძლიათ დაამატოთ 1 წილი რძე 2 წილ სტაფილოს წვენს).

ნერვულ სისტემას ამშვიდებს და უძილობას უშველის 1-2 ჩ/კ თაფლდამატებული რძიანი სტაფილოს წვენი საღამოს.

შეკრულობის დროს მოზრდილებმა უზმოზე მიიღეთ 150-200 მლ სტაფილოს წვენი, პატარებს კი მიეცით 1ს/კ ჭამამდე დილა-საღამოს.

სტაფილოს წვენის კომპრესები შველის დამწვრობას, აყუჩებს ტკივილს, აქრობს ანთებას, ახორცებს ჭრილობებს. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავებისთვის.

ღრძილების ანთების დროს პირის ღრუში გამოივლეთ სტაფილოს წვენი.

ვიდრე სტაფილოსა და ჭარხლის წვენს ერთმანეთს შეურევდეთ - 2-3 საათით მოათავსეთ მაცივარში.