გულძმარვამ შეგაწუხათ? - კვირის პალიტრა

გულძმარვამ შეგაწუხათ?

მიუხედავად იმისა, რომ გულძმარვის ბევრი უებარი სამკურნალო წამალი არსებობს, ბევრი მაინც უპირატესობას ანიჭებს კარაბადინის რეცეპტით მკურნალობას, მაგალითად, წყალში გახსნილი ლიმონის წვენით ან საჭმელი სოდით...

ცნობილია, რომ ციტრუსები, რომლებიც ბევრ მცენარეულ მჟავას შეიცავს, აძლიერებენ გულძმარვას, ხოლო სოდა დროებით ანელებს ამ პროცესს და ისიც, გარკვეული დროის შემდეგ, აძლიერებს ამ უსიამოვნო შეგრძნებას. სხვათა შორის, სოდის რეგულარულად მიღებამ შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსი.

გულძმარვას სწრაფად "ამშვიდებს" ანტაციდები (ალმაგელი, ფოსფალუგელი, მაალოქსი და სხვ.). ანტაციდები მიიღება გულძმარვის შეტევის დროს ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ, მაგრამ სწრაფმოქმედი წამლები არ გამოდგება დიდხანს მკურნალობისთვის, რადგან ანტაციდებს აქვს უკუჩვენება (მაგ. არ შეიძლება მათი მიღება თირკმლების დაავადებისას).

გულძმარვის გამომწვევი მიზეზების დადგენის გარეშე მისი მკურნალობა შეუძლებელია. ყველაზე ხშირად მას იწვევს მაძღრისობა. როდესაც კუჭი ყოველთვის გადატვირთულია, სფინქტერის აქტიურობა იკლებს, რის შემდეგადაც კუჭის შიგთავსი გადადის საყლაპავ მილში, რაც იწვევს წვას და ტკივილს.

განსაკუთრებით ეს აწუხებთ მათ, ვინც ღამით ჭამს. ძილის დროს ხომ საყლაპავი მილი ბევრად ნელა ეწინააღმდეგება მჟავას, რაც ძალიან აღიზიანებს ლორწოვან გარსს. გულძმარვამ რომ არ შეგაწუხოთ, საღამოს უნდა ჭამოთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. ჭამის მერე დალიეთ კამის ჩაი, ხოლო ძილის წინ გასეირნება გააუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

გულძმარვა შეიძლება გამოიწვიოს მარინადმა, შემწვარმა, ცხიმიანმა, მწარე და ცხარე საკვებმა, ყავამ, ჩაიმ, ალკოჰოლმა, სიგარეტმა, წელზე შემოჭერილმა ტანსაცმელმა, მუდმივმა სტრესმა, ახასიათებს ფეხმძიმობას, რომელიც მშობიარობის შემდეგ გაივლის.

გულძმარვამ რომ არ შეგაწუხოთ, დაიცავით შემდეგი წესები:

...შეეცადეთ, ყველაფერს შეხვდეთ მშვიდად, დაივიწყეთ მავნე ჩვევები, მიმართეთ იოგას, მედიტაციასა და სუნთქვით ვარჯიშებს.

...რაციონიდან ამოიღეთ გულძმარვის გამომწვევი პროდუქტები, ჭამეთ ცოტა და ხშირად, კარგად დაღეჭეთ.

...ჭამის შემდეგ თავი შეიკავეთ მკვეთრი მოძრაობებისგან (განსაკუთრებით დახრისგან).

...არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი. ვიწრო სამოსი აწვება მუცელს, ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს.

...თუ ღამით გაწუხებთ გულძმარვა, ძილის დროს თავი უნდა იყოს 10-15 სმ სიმაღლეზე.

...თუ კუჭქვეშა ჯირკვალი არ გაწუხებთ, მიიღეთ 1ს/კ ზეითუნის ზეთი.

...გულძმარვის დროს ნელ-ნელა დაღეჭეთ თეთრი პურის ორცხობილა - შეაკავებს კუჭის წვენის გამოყოფას.

...თუ სისტემატურად გაწუხებთ გულძმარვა, რაციონიდან ამოიღეთ ციტრუსები, ჰამბურგერი, შემწვარი კარტოფილი, კეტჩუპი, შოკოლადი, კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც ასტიმულირებენ კუჭის წვენის გამოყოფას. დალიეთ უკოფეინო ყავა ან მწვანე ჩაი.