სილამაზის "მტრები" - კვირის პალიტრა

სილამაზის "მტრები"

პირველი მტერი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ქალის სილამაზეზე, არის სტრესი.

ის ასუსტებს იმუნიტეტს, რომელიც კანის გამოშრობას იწვევს. ცხიმიანი სახის კანის მქონე ქალები მაშინვე გრძნობენ ამ ცვლილებას, მშრალი კანი უფრო შრება და მეტად მგრძნობიარე ხდება. უჭირს გაუმკლავდეს ალერგიულ და ანთებით დაავადებებს. კოსმეტოლოგები გვირჩევენ: თავი ავარიდოთ სტრესებს, ვიძინოთ მეტხანს, არ ვინერვიულოთ. თავი არ დავიტვირთოთ ზედმეტი შრომით.

მეორე მტერია თამბაქო. მწეველ ქალებს სახის კანი აქვთ გამომშრალი, მორუხო-მომწვანო ფერის, კბილები - ჩაყვითლებული, თვალების ირგვლივ - ნაოჭები. სპეციალისტები ამტიცებენ, რომ ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, რის გამოც ფერხდება ქსოვილების სისხლით მომარაგება; უჯრედები ვეღარ იღებენ საკმაო რაოდენობის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს. ასევე ფერხდება უჯრედთა აღდგენა (განახლება), კანი კარგავს ელასტიკურობას და ფერს, ნაადრევად ბერდება. ამ უსიამოვნებას აგაცილებთ ჩ ვიტამინის (ანტიოქსიდანტია) რეგულარულად მიღება.

მესამე მტერია ყავა. ყავა შეიცავს კოფეინს, აფართოებს სისხლძარღვებს, ბლოკავს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას. სპეციალისტები გვირჩევენ, დავლიოთ დღეში მინიმუმ 2 ფინჯანი ყავა და თუ შემდეგ მოგვინდება, მივიღოთ მწვანე ჩაი, რომელიც ასევე მატონიზებელი საშუალებაა და ყავასთან შედარებით სასარგებლო.

მეოთხე მტრად მიაჩნიათ სპეციალისტებს გაუნიავებელ, დახშულ ოთახებში ყოფნა, ამ დროს ორგანიზმი განიცდის უჟანგბადობას და მზის სინათლის ნაკლებობას, რაც ხელს უშლის ორგანიზმის სისხლით მომარაგებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. კანი ფერმკრთალდება და ბერდება. დახშული სივრცე ფსიქიკურ დისკომფორტსაც ქმნის. დიდხანს კონდიციონერიან ოთახში ყოფნაც არ არის სასარგებლო - კანი შრება, ნაოჭდება, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა და ნერვული სისტემის გამართულად მუშაობა.

სილამაზის მეხუთე მტერია ცხიმები. მაგალითად, შოკოლადში, რომელიც ძალიან უყვართ ქალებს, 35% ცხიმია და 60% შაქარი, რაც ვნებს სილამაზეს. ხშირად სახეზე არასასურველი გამონაყარი (მათ შორის ფერისმჭამელებიც კი) ჭარბი ცხიმის შედეგია. კოსმეტოლოგებისა და დიეტოლოგების რეკომენდაციით, ქალებმა, თუ სურთ სილამაზე შეინარჩუნონ, ტკბილეული უნდა შეცვალონ ქიშმიშით, ჩამიჩით, ხილის ჩირით, თავი უნდა შეიკავონ ცხიმიან-მარილიანი საკვებისგან (ღორის ხორცი, ძეხვეული და შებოლილი), უპირატესობა მიანიჭონ ხილ-ბოსტნეულს, ფრინველის ხორცს, მცენარეულ ზეთს, მეტი იმოძრაონ, ივარჯიშონ, იცურაონ...