"ამ ეტაპზე საქართველოში ამ ეპიდემიის გავრცელების არანაირი წინა პირობა არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"ამ ეტაპზე საქართველოში ამ ეპიდემიის გავრცელების არანაირი წინა პირობა არ არსებობს"

"ამ დაავადების მიმდინარეობა არაფრით განსხვავდება კლასიკური ნაწლავური ინფექციის მიმდინარეობისაგან"

"ეპიდემიის გავრცელების ზუსტი წყარო ჯერჯერობით უცნობია"

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება არაერთმა დაავადებამ დაზაფრა: ეს ხან ღორის გრიპია, ხანაც ქათმის... 2011 წლის მაისიდან მოყოლებული მსოფლიოს მოსახლეობისათვის შიშის მომგვრელ დაავადებათა რიცხვს გერმანიაში აღმოჩენილი ჩხირებიც მიემატა, რომელმაც უკვე სამ ათეულამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ზაფხული უმი ბოსტნეულის მოხმარების პერიოდია. ყველას აინტერესებს, რამდენად უქმნის საფრთხეს თავს თუნდაც სითბურად დაუმუშავებელი კიტრისა და პომიდვრის გამოყენებითა და რა არის ის ავადსახსენებელი ჩხირები. კითხვებზე საპასუხოდ მივმართეთ გასტროენტეროლოგ-ინფექციონისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ თენგიზ თელიას:

- ცოტა ხნის წინ გერმანიაში ბოსტნეულში აღმოჩნდა ჩხირები, რომელსაც მუტაციაგავლილ კოლის ჩხირადაც მოიხსენიებენ. როგორც ამბობენ, ამ ჩხირით დაავადება ლეტალურად მთავრდება. რა ჩხირია ეს და რამდენად არის გამოკვლეული მისი ბოსტნეულში გაჩენის მიზეზი?

- ეშერიხიის ჩხირები (იგივე ეშერიხია კოლი, ან E.Coli) ენტერობაქტერიების დიდი ოჯახის წარმომადგენელია. ის 1885 წელს ახალშობილის ფეკალურ მასებში აღმოაჩინა ავსტრო-გერმანელმა პედიატრმა თეოდორ ეშერიხმა და მეცნიერის პატივსაცემად ეშერიხიას უწოდებენ. ეშერიხიები მორფოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მათი დიდი ნაწილი ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (მსხვილ ნაწლავში) აბსოლუტურად უვნებლად ბინადრობს, თუმცა ზოგიერთ შტამს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

სწორედ E.Coli-ს ერთ-ერთმა ასეთმა შტამმა გამოიწვია ის მასობრივი ეპიდემიური აფეთქება, რომელსაც ახლა ვაკვირდებით ჩრდილოეთ გერმანიასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ლაპარაკია ეშერიხიის ჩხირზე, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (და არა ადამიანის!) ნაწლავებში ბინადრობს და ფეკალური მასებით გამოიყოფა გარემოში.

აღნიშნული შტამი, ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვედრის შემდეგ, იწვევს კლასიკურ ნაწლავურ ინფექციას და გამოყოფს სპეციფიკურ ტოქსინს, რომელსაც, სტატისტიკურად, შემთხვევათა 10%-ში შეუძლია ადამიანის სიცოცხლისათვის მეტად საშიში გართულებები გამოიწვიოს. სამედიცინო ენაზე ამ გართულებას მიკროანგიოპათიურ ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს უწოდებენ; ანუ ეს არის გართულება, რომელიც მიმდინარეობს წვრილი სისხლძარღვების დაზიანებით, სისხლის წითელი ბურთულების დაშლით და თირკმლის უკმარისობით. ბაქტერიის ამ ტოქსინს შიგა-ტოქსინს ან ვერო-ტოქსინს უწოდებენ.

ეშერიხია კოლის ბაქტერიების ცალკეული შტამები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ნაწლავურ ინფექციას იწვევენ. ზოგიერთ მათგანს კი, რომელთაც შეუძლიათ შიგა-ტოქსინი გამოიმუშაონ, შემთხვევათა 10%-ში აქვთ დაავადების მიმდინარეობის HUS-ით გართულების უნარი.

- შემოგთავაზებთ ციტატას გავრცელებული ინფორმაციიდან: "თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დაავადებით ათამდე პაციენტს მოუწია მკურნალობამ. შარშან კი კოლის ბაქტერიით გამოწვეულმა გართულებამ 7 კაცი იმსხვერპლა". შარშან ეს არავის უთქვამს. რეალურია თუ არა ცნობა?

- სამწუხაროდ, არ ვფლობ სტატისტიკურ მონაცემებს. დაავადებათა გავრცელების სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეროგატივაა. თუმცა ის, რომ გასულ წლებში ეშერიხიოზის შემთხვევებს (ეშერიხია კოლის შტამებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები) ადგილი ჰქონდა, ეს ახალი ნამდვილად არ არის, არც ის, რომ შიგა-ტოქსინის მაპროდუცირებელი ეშერიხიოზების ცალკეული შემთხვევები ჩვენს რეგიონში წლიდან წლამდე მუდმივად ფიქსირდება, თუმცა ამას საქართველოში არ მიუღია ეპიდემიის სახე და იმედი მაქვს, არც ამჯერად ვდგევართ მსგავსი საშიშროების წინაშე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამ დიაგნოზით არც ერთი პაციენტი არ დაღუპულა.

- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მტკიცებით, ევროპული ეპიდემიის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ქვეყანაში ინფექციური წარმოშობის დიარეის 4607 შემთხვევაა აღნუსხული, მათ შორის E.Coli-ს დიაგნოზით წელს 185 პაციენტი მკურნალობდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ საფრთხე მინიმალურია.

- ინფექციური დიარეები მსოფლიო პრობლემაა. საქართველოშიც წლიდან წლამდე გარკვეული სეზონური პიკებით ვხვდებით ამ დაავადებებს და აქამდე და არც მომავალში იმედია, არანაირი პრობლემა მათი მკურნალობისათვის არ შეგვექმნება!... ვეთანხმები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიის გავრცელების არანაირი წინა პირობა არ არსებობს!.. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელემენტარული კვებითი ჰიგიენის ნორმები არ დავიცვათ. ჩვენ ჩვენი რეგიონული ნაწლავური ინფექციებიც გვყოფნის.

- გერმანიიდან საქართველოში დაავადების გავრცელებას არ ელოდებიან, რადგან საქართველოში ევროპიდან ბოსტნეული და შეუმოწმებელი პროდუქტები არ შემოდის. ამით მართლა შეიძლება თავი დავიმშვიდოთ?

- ეპიდემიის გავრცელების ზუსტი წყარო ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ დაავადების გამომწვევის იდენტიფიცირება მოხდა და ეს არის ეშერიხია კოლის ერთ-ერთი შტამი, რომელიც ნაწლავური ინფექციების გამომწვევ შტამად ადრეც ითვლებოდა, თუმცა ახლა შიგა-ტოქსინის გამომუშავების უნარი შეიძინა და ზოგიერთ პაციენტში HUS-ის გართულებით მიმდინარეობს.

რაკი ბაქტერიის გადაცემა საკვებ პროდუქტებს უკავშირდება და საქართველოში სახიფათო რეგიონიდან საკვები პროდუქტები არ შემოდის, ამ შტამის ჩვენს რეგიონში გავრცელება მართლაც ნაკლებად სავარაუდოა.

- დაბოლოს, როგორ ვითარდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ მის თავიდან ასაცილებლად?

- ამ დაავადების მიმდინარეობა არაფრით განსხვავდება კლასიკური ნაწლავური ინფექციის მიმდინარეობისაგან. თუმცა ამ შტამით გამოწვეული დიარეა ხშირად სისხლიანი გამონაყოფის სახით მიმდინარეობს და სტატისტიკურად 10%-ში მიკროანგიოპათიურ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით რთულდება.

ამ ეტაპზე საქართველოში ამ ეპიდემიის გავრცელების არანაირი წინა პირობა არ არსებობს. ზოგადად კი, ისე, როგორც ყველა ნაწლავური ინფექციისაგან თავდაცვისათვის, საჭიროა პირადი და კვებითი ჰიგიენის ნორმების დაცვა, თერმულად კარგად დამუშავებული პროდუქტისა და კარგად გარეცხილი ხილ-ბოსტნეულის მოხმარება.