საათივით იმუშავებს - კვირის პალიტრა

საათივით იმუშავებს

უპირველეს ყოვლისა, ყაბზობას იწვევს კვების არასწორი რეჟიმი, როდესაც ჩვენს მენიუში ძირითადად შედის მცენარეული ბოჭკოთი ღარიბი საკვები, რასაც ემატება ნაკლები მოძრაობა და სითხის მცირე რაოდენობით მიღება, გვიან გაღვიძება და ა.შ.

ყაბზობის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმ-გასტროენტეროლოგს, რომელიც დაადგენს ყაბზობის გამომწვევ მიზეზებს, დაგინიშნავთ მკურნალობას.

გარდა ამისა, ამ უსიამოვნო ფაქტმა რომ არ შეგაწუხოთ, რაციონში უნდა გაითვალისწინოთ მცენარეული უჯრედისებით მდიდარი პროდუქტი (ბოსტნეული, ხილი, დაღერღილი ხორბლის შავი პური და ა.შ.) და დალიეთ დღეში არანაკლებ 2 ლ სითხე.

იკვებეთ რეგულარულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ 5-ჯერ), შუალედებში ჭამეთ ხილი ან კენკრა (ჟოლო, მარწყვი). კუჭის მოქმედებას არეგულირებს ვაშლი, ქაცვი, ატამი, ლეღვი; შეიძლება გამოიყენოთ ნატურალური გამხსნელი საშუალება - აბუსალათინის ზეთი, სელისა და სინამაქის ხის ნახარში.

ოყნა და ძლიერი გამხსნელები გამოიყენეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით. კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკის გასაუმჯობესებლად მეტი იმოძრავეთ, იარეთ ფეხით, ირბინეთ ძუნძულით, იცურავეთ, ითამაშეთ ჩოგბურთი და შეძლებისდაგვარად დაიცავით დღის რეჟიმი.

ამ პირობების დაცვის შემდეგ თქვენი კუჭ-ნაწლავი იმუშავებს საათივით. გთავაზობთ კუჭ-ნაწლავის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს.

ლეღვი შეიცავს უჯრედისებს, რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

ნესვი რეკომენდებულია არა მარტო ყაბზობისას, არამედ სხვა დაავადებების დროსაც. გახსოვდეთ, ნესვი ეკრძალება ორსულს.

ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი მარწყვი. ეს კენკრა არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას და ხელს უშლის ორგანიზმის ინტოქსიკაციას.

ქლიავი ორგანული მჟავების წყალობით ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას, შეკრულობის დროს ქლიავი მიიღეთ ნებისმიერი სახით (ნაყენი, პიურე, ნაყოფი).

ნიახურის ფესვების წვენი და ფოთლები მსუბუქი გამხსნელია. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს.

გარგარი (ახალი, ჩირი) მდიდარია პექტინებით, რომლებიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას.

მოხარშული, ზეთით შეზავებული ჭარხალი ან მისი ახალგამოწურული წვენი საუკეთესო კუჭში გამხსნელია.