უშვილობა და მისი გადაჭრის გზები - კვირის პალიტრა

უშვილობა და მისი გადაჭრის გზები

"უშვილობის მიზეზთა შორის წინ მამაკაცის ფაქტორმა წამოიწია"

გაგიკვირდებათ და კვერცხუჯრედის ადამიანის ორგანიზმის მიღმა განაყოფიერების პირველი მცდელობა ამერიკელ მეცნიერებს ჯერ კიდევ 1944 წელს ჰქონდათ. პირველად კი ეს სამედიცინო ტექნოლოგია წარმატებით დიდ ბრიტანეთში 1977 წელს გამოიყენეს. საქართველოში და ზოგადად ამიერკავკასიაში პირველი სინჯარის ბავშვი 1999 წელს დაიბადა.

წლების წინ, საზოგადოების ინფორმირების დონე ინ ვიტრო განაყოფიერების - IVF მეთოდის შესახებ საკმაოდ დაბალი იყო, დღეს ვითარება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

მეთოდის არსში, ტექნოლოგიასა და მის შედეგებში გარკვევამ, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა "ინ ვიტროში" პაციენტთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ექიმები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მაღალი იქნება მოსახლეობის ინფორმირების დონე ამ მეთოდის შესახებ, მით უფრო დროულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ყოველი უშვილო წყვილი.

ქეთევან ოსიძე (ექიმი-რეპროდუქტოლოგი): "ზოგადად უშვილობა ძალიან სერიოზული პრობლემაა და ბოლო დროს, სულ უფრო აქტუალურია. შესაძლოა იმის გამო, რომ ადამიანებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის შესახებ და ეს პრობლემა უფრო წარმოჩნდა. თუმცა, ამასთან ერთად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიცვალა უშვილობის სტრუქტურა. მაგალითად, თუ უწინ ქალი უფრო წამყვანი ფიგურა იყო უშვილობის მიზეზთა თვალსაზრისით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, აბორტების გართულებების შედეგად, ბოლო დროს, უშვილობის მიზეზთა ძიებისას, წინ წამოიწია მამაკაცის ფაქტორმა.

სპერმატოგენესის დარღვევები გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. ჰორმონული და ინფექციური პათოლოგიების გარდა, დარღვევებს ეკოლოგიური ფაქტორი, სტრესი, კვებით დანამატებთან, არაჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებული ცვლილებები იწვევს. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემაა. მსგავსი ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება და ყველა სამეცნიერო კონგრესი, რომელიც უშვილობის თუ გინეკოლოგიურ თემაზე იმართება, სწორედ ამ თემის განხილვით იწყება.

- და გამოსავალი ნაპოვნია?

- სამწუხაროდ, გამოსავალი ამ შემთხვევაში არც ისე ბევრია. ძირითადად, უშვილო წყვილების დახმარება, რეპროდუქციული ტექნოლოგიებით ხდება. უშვილობის მიზეზი თავად განსაზღვრავს თუ რა პროცედურები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს.

- რა შემთხვევაშია საჭირო ინ ვიტრო მეთოდის გამოყენება?

- ქალის შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგია, ტუბოპერიტონიალური ფაქტორი, რაც ხელს უშლის სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შეხვედრას და ემბრიონის ჩამოყალიბებას ან მის მოხვედრას საშვილოსნო ღრუში. ნებისმიერი რთული ოპერაციული ჩარევა მუცლის ღრუზე, გადატანილი ინფექციური დაავადებები, განვითარების მანკები, ზოგჯერ მიზეზია იმისა, რომ ფიზიოლოგიურად, საშვილოსნოს მილში არ ხდება სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შეხვედრა, შემდეგ კი ზიგოტის - განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ტრანსპორტირება საშვილოსნოს ღრუში. ეს კი შესაძლოა საშვილოსნოს გარე ორსულობის მიზეზი გახდეს. ამ დროს ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, საშვილოსნოს მილის ამოკვეთა.

თუ ეს პროცესი ორმხრივია, ქალის ფიზიოლოგიური გზით დაორსულების შანსი მინიმუმამდე მცირდება. სხვათა შორის, თავდაპირველად სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა ე.წ. "სინჯარის" ანუ ინ ვიტრო განაყოფიერება. ინ ვიტროს ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შეხვედრა და განაყოფიერება ხდება ორგანიზმის გარეთ - სინჯარაში. ორი-სამი დღის შემდეგ ემბრიონი ტრანსვაგინალურად, ანუ საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადაგვაქვს.

- დღეს ინ ვიტრო მამაკაცის უშვილობის პრობლემების გადაწყვეტისთვისაც გამოიყენება ხომ?

- მეთოდის განვითარებამ, ტექნოლოგიების დახვეწამ განაპირობა ის, რომ მისი გამოყენება რეკომენდებულია ბევრი სხვა პათოლოგიის დროსაც. მაგალითად, მამაკაცის შემთხვევაში ოლიგოსპერმიების შემთხვევაში, ან მაშინ, როდესაც მის სპერმაში არ მოიპოვება იმ ხარისხის სპერმატოზოიდები, რომ ინსემინაციით ველოდოთ ორსულობას. ამ დროს მივმართავთ ინტრაციტოპლასტური სპერმის ინიექციას. ეს არის იგივე ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდი, მაგრამ, სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმა სინჯარაში თავისთავად კი არ ხდება, არამედ განაყოფიერების პროცესს მიკრომანიპულატორის ქვეშ ემბრიოლოგი განახორციელებს - კონკრეტულად ის სპერმატოზოიდი, რომელიც ამორჩეულია მოძრაობის, მორფოლოგიის და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეჰყავს კვერცხუჯრედში. ამ მეთოდს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია - ICSI ეწოდება. ასეთ დროს გადალახულია ე.წ. იმუნოლოგიური ფაქტორები, როდესაც ანტისხეულების, კვერცხუჯრედის გარსზე არსებული სხვადასხვა პრობლემის გამო არ ხდება გამეტების შერწყმა.

მიღებული ემბრიონების ხარისხი, ორსულობის პროგნოზი ძირითადად დამოკიდებულია ქალის ასაკზე. იმის მიხედვით, თუ რამდენად რთულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგჯერ საშვილოსნო ღრუში გადაგვაქვს რამდენიმე ემბრიონი, რაც ერთი-ორად ზრდის ორსულობის ალბათობას. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში არსებობს მსუბუქი რისკი იმისა, რომ მივიღოთ მრავალნაყოფიანი ორსულობა, რასაც ხშირად პაციენტები მიესალმებიან, თუმცა ევროპული მიდგომით ტყუპი ორსულობა მსუბუქ სამეანო გართულებად განიხილება, თუმცა ამერიკაში სხვა შეხედულება აქვთ.

- ინ ვიტრო განაყოფიერების რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმი წყვეტს, თუ ეს პაციენტის ნება-სურვილზეა დამოკიდებული?

- ამ გადაწყვეტილებას ექიმი-კლინიცისტი იღებს. ჩვენ ვუხსნით და ვურჩევთ პაციენტს თუ რა მოდიფიკაციები არსებობს და მის კონკრეტულ სიტუაციაში რა შეიძლება გაკეთდეს. პაციენტი იღებს სრულ ინფორმაციას და მხოლოდ მისი თანხმობით ხდება გადაწყვეტილების მიღება. შესაძლოა ჩვენ არ მიგვაჩნდეს აუცილებლად, პაციენტს ჩაუტარდეს ბლასტოცისტას ტრანსფერი - ეს არის ემბრიონის არა მესამე დღეს, არამედ სინჯარიდან მეხუთე დღეს გადატანა საშვილოსნოს ღრუში. ამ დროს, ცოტა უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ყოველი ბლასტოცისტას მიმაგრება მოხდეს. ასეთი მეთოდით ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარებას ის პაციენტები ითხოვენ, ვისაც სხვაგან აქვთ გაკეთებული ეს მანიპულაცია და კიდევ ერთი უშედეგო მცდელობისგან თავის დაზღვევა სურთ. მაგრამ ამ მეთოდის ჩატარებას ყველას არ ვურჩევთ, ამას თავისი პაციენტები და თავისი ჩვენება აქვს.

- რა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი სინჯარაში განაყოფიერებული ემბრიონის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ინ ვიტრო მეთოდის ჩატარებამდე ყველა კვერცხუჯრედი ხარისხობრივად ფასდება, მაგრამ მეტი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ემბრიონისგან. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ემბრიონი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის უჯრედებისგან შემდგარი, რაც ასახავს რამდენად სწრაფად იყოფა, ფასდება როგორია უჯრედების მორფოლოგია, ფორმა, ბირთვები, რაც გვაძლევს საშუალებას პროგნოზის თვალსაზრისით შევაფასოთ შედარებით ძლიერი და სუსტი ემბრიონები. ამ მონაცემებზე დაყრდობით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენი ემბრიონის გადატანა იქნებოდა უპრიანი.

ჩვენი თვითმიზანი სულაც არ გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ემბრიონის მიღება მოხდეს. თუ გადატანილი ემბრიონების გარდა კიდევ დაგვრჩა კარგი ემბრიონები, მათ გაყინვასა და შენახვას -  კრიოპრეზერვაციას ვახდენთ, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ მოხდეს მათი საშვილოსნოს ღრუში გადატანა. გაყინული ემბრიონის გამოყენება შესაძლოა მოხდეს ერთ-ორ თვეში უშედეგო IVF ციკლის შემდეგ, ან მშობიარობიდან რამდენიმე წლის შემდეგ. შესაძლებელია ასევე სპერმის შენახვა, რასაც რიგ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ მამაკაცს დაგეგმილი აქვს ოპერაცია სათესლე ჯირკვლებზე, ან სხვა სისტემის სიმსივნური პროცესის გამო აპირებს ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის კურსის ჩატარებას, ან ჩ ჰეპატიტის აგრესიულ მკურნალობამდე, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს სპერმის ხარისხს, ხდება სპერმის გაყინვა და შენახვა.

- იმ შემთხვევაში, თუ რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ორსულობა არ დგება, რა ვადაზეა მიზანშეწონილი, წყვილმა მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს?

- ამ ვადებს მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო სამეცნიერო ორგანიზაციები განსაზღვრავენ. თუ დაუცველი სქესობრივი ცხოვრების პირობებში ერთი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება, რა თქმა უნდა სასურველია ჩატარდეს გამოკვლევები, მაგრამ დიაგნოზი - უშვილობა, მხოლოდ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეიძლება დაისვას. მკურნალობის ხანგრძლივობაც არ უნდა იყოს განუსაზღვრელი. მაგალითად, თუ პაციენტი ჰიპერპროლაქტინების დიაგნოზით ექვსი თვის - ერთი წლის განმავლობაში მკურნალობს, მაგრამ ორსულობა არ დგება, ექიმი ვალდებულია პაციენტს უთხრას, რომ მისი დაავადების უკან შესაძლოა სხვა, უფრო რთული პრობლემა დგას.

თუ საჭიროა საშვილოსნოს მილების გამტარიანობის აღდგენა, მაგრამ შესაბამისი პროცედურიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ სასურველი შედეგი მაინც არ დგება, ექიმი ვალდებულია ურჩიოს პაციენტს ჩაიტაროს ინ ვიტრო განაყოფიერება. ყველაზე დიდი ზიანი რომელიც შეიძლება პაციენტს მივაყენოთ არის მისი დროის გაფლანგვა, რადგან ინ ვიტრო განაყოფიერების ეფექტურობა ძირითადად ქალის ასაკზეა დამოკიდებული.

R