რკინა - მნიშვნელოვანი ელემენტი - კვირის პალიტრა

რკინა - მნიშვნელოვანი ელემენტი

რკინის დეფიციტით გამოწვეული სისხლნაკლებობა პატარებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რკინა შედის ჰემოგლობინში, რომელიც ეხმარება ერითროციტებს, სისხლის წითელ ბურთულაკებს, გადაიტანოს ჟანგბადი ფილტვებიდან ქსოვილებში, ამიტომაც მისი დეფიციტი ასუსტებს პატარას, ამცირებს ინფექციებთან ბრძოლის უნარს, ანელებს ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებას.

ყურადღებიანი დედა ადვილად შეამჩნევს ანემიის ნიშნებს. პაწაწა ფერმკრთალია, სწრაფად იღლება, ცუდად ჭამს, ჩამორჩება მისივე ასაკის თანატოლებს განვითარებაში, მოთენთილია, დაქვეითებული აქვს კუნთების ტონუსი. პედიატრი როგორც კი დაადგენს ანემიას, დანიშნავს მკურნალობას: ერთ წლამდე ასაკის ბავშვის ანემიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია ძუძუთი კვება, რადგან დედის რძე 50% რკინას შეიცავს. თუმცა დედის რძე სასარგებლო მხოლოდ მაშინაა, თუ ის იკვებება რკინით მდიდარი სუბპროდუქტებით, ხორცით, კვერცხით, ხილითა და ბოსტნეულით.

სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, გარგარის ჩირი, ვაშლი, ჭარხალი შეიცავენ ნივთიერებას, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის წარმოქმნას (სპილენძი, კობალტი, მანგანუმი).

თუ პატარა ხელოვნურ კვებაზეა, დედამ უნდა მისცეს ადაპტირებული ნარევი, რომელიც გამდიდრებულია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ანემიით დაავადებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია ნარევი, რომელიც შეიცავს 0,7-0,8 მლგ (100მლ მზა პროდუქტი) რკინას, 6 თვიდან 1 წლამდე კი 1,1 მგ-ს. გარდა ამისა, მიეცით ხორციანი კერძები.

დედები არიან დამნაშავენი, როდესაც ფიქრობენ, რომ პატარა ვერ მოინელებს ხორცს და უპირატესობას მხოლოდ ბოსტნეულს ანიჭებენ, ინტენსიურად მზარდ ორგანიზმს კი რკინა სჭირდება და ამიტომაც ავადდებიან ანემიით, ხშირად ავადმყოფობენ.

1 წლიდან 3 წლამდე პატარას უნდა მისცენ უცხიმო ხბოს, ძროხის ხორცის პიურე, ქათმის, ინდაურის და კურდღლის თეთრი ხორცი, ღვიძლი, 1,6 თვიდან კი ორთქლზე მომზადებული ხორცის გუფთა, კატლეტი.

არ დაგავიწყდეთ ვაშლი და ვაშლის წვენი, რომელიც რკინის წყაროა. ხშირად გაანიავეთ ბავშვის ოთახი, ზაფხულში კი ფანჯარა ღია იყოს. დახუთული და გაუნიავებელი ოთახი არანაკლებ საშიშია პატარის ორგანიზმისთვის, ვიდრე ორპირი.

4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ასვან წვენები. ეს ასაკი აქტიური ზრდის პერიოდია. მზარდ კუნთებსა და გულს სჭირდება ბევრი რკინა, ამიტომ საკვები უნდა გაამდიდროთ რკინის შემცველი პროდუქტით - მუხუდოთი, ბრინჯით, რძით, ოხრახუშით, გარგარის ჩირით, შავი ქლიავით... ხორცით, ღვიძლით, თევზით. წიწიბურა არ მოამზადოთ რძით, რადგან რძე აფერხებს წიწიბურისგან რკინის შეწოვას.

ვაშლის, გარგარის, ატმის, ანანასის, ფორთოხლის წვენები ხელს უწყობს რკინის ათვისებას და იცავს სკოლამდელი ასაკის ბავშვს სისხლნაკლებობისგან.

სკოლის მოსწავლეებში ანემიის რისკი იზრდება, რადგან ისინი  ცოტა დროს ატარებენ ჰაერზე, მთელი დღე მეცადინეობენ, არარეგულარულად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან...

ნებისმიერი ასაკის მოსწავლის ჰემოგლობინი უნდა იყოს არანაკლებ 110გ/ლ-ისა.

ცნობისთვის:  ყოველი ავადმყოფობის შემდეგ უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის დონე. თუ ბავშვი არ ავადმყოფობს - 12 თვეში ერთხელ.

თუ ექიმი დაუნიშნავს პატარას რკინის შემცველ ვიტამინებსა და წამლების კომპლექსს, აუცილებლად მიეცით, არ შეცვალოთ წვენებით ან საკვებით.