შეშუპებას რომ ვუშველოთ - კვირის პალიტრა

შეშუპებას რომ ვუშველოთ

შარდმდენი მცენარეები არა მარტო ეხმარება ადამიანს გაუმკლავდეს სხვადასხვა წარმოშობის შეშუპებას, არამედ ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც. რადგან ისინი აქტიურად გამოდევნიან ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, ექიმები პაციენტებს უნიშნავენ პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით შარდმდენი ბალახების ნაერთს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი მიღება ზედიზედ შეიძლება არა უმეტეს 2-3 კვირისა, უნდა მიიღოთ კალიუმის პრეპარატები ან მიკროელემენტით მდიდარი საკვები (ბანანი, გარგარის ჩირი), რადგან სითხის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება კალიუმი.

გაგაცნობთ ზოგიერთი მცენარის თვისებებს:

სასარგებლოა შარდის ბუშტის დაავადებისას მატონიზებელი და სიცხის დამწევი წითელი მოცვის ჩაი, ნაყენი და ნახარში.

რეცეპტი: 2 ს/კ დაქუცმაცებულ მოცვის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გაწურეთ, დაამატეთ წყალი, რომ გახდეს იმდენი, რამდენიც თავიდან იყო. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

როზმარინის ზეთი ააქტიურებს გულის მუშაობას. შველის დაბალ წნევას, ხსნის დაღლილობას.

რეცეპტი: 2 ჩ/კ როზმარინს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 20 წუთის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 100-100 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კრაზანას ნახარში შველის ბევრ დაავადებას. თავბრუსხვევას, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის, ქალურ დაავადებებს. აჩერებს სისხლდენას, აძლიერებს მადას, აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი თვისება.

გახსოვდეთ: ეკრძალებათ ფეხმძიმეებს.

რეცეპტი: 1ჩ/კ გამხმარ ყვავილებსა და ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე, 5 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს.

ტყის მარწყვის ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი სასარგებლოა ჰიპერტონიის, სისხლნაკლებობის, იოდის ნაკლებობისა და ჰიპოვიტამინოზის დროს, ასევე ხელს უშლის წონაში მომატებას.

რეცეპტი: 1 ს/კ კენკრას, ფოთლებსა და ყვავილებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 10-15 წუთი გააჩერეთ, დაამატეთ თაფლი და მიიღეთ თბილი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ.

რუსული ღიღილოს ნაყენი შველის გულისა და თირკმლების დაავადებით გამოწვეულ შეშუპებას, ცისტიტსა და ნეფრიტს. აქვს ნაღველმდენის და ოფლმდენის თვისება.

რეცეპტი: 1 ს/კ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ.

ასისთავას საფუძველზე მომზადებული წამლები შველის მეტეორიზმს, კუჭ-ნაწლავის სპაზმს, ამ მცენარის ჩაი, ნაყენი და ნახარში ხსნის სტრესს, ეფექტიანია ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის დროს.

რეცეპტი: 1 ჩ/კ ასისთავას დაასხით 200 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 6-10 საათი, გაწურეთ და შეათბეთ. დალიეთ, როგორც ჩაი.