"ლაპარაკი იმაზე, რომ ეპიდემიის წინაშე ვდგავართ, აბსურდია!" - კვირის პალიტრა

"ლაპარაკი იმაზე, რომ ეპიდემიის წინაშე ვდგავართ, აბსურდია!"

"ეშერიხია კოლის შტამის გადაცემის გზები ბოლომდე გარკვეული არ არის"

თბილისში გავრცელებული ხმა, რომ 11 წლის დათო კოკაიას გარდაცვალების მიზეზი ეშერიხია კოლის ბაქტერია იყო, ლაბორატორიულად არ დადასტურდა, კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიაში ჩატარდა. ანალიზის შედეგად ნაწლავური ჩხირის აღმოჩენა ვერ მოხერხდა (თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს გადაჭრით არ გამორიცხავს ვარაუდს, რომ დაავადების მიზეზი შიგა-ტოქსინმაპროდუცირებელი E. COLI იყო!!!)

დათო კოკაია, იაშვილის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კლინიკის ექიმების თქმით, ბავშვს აღენიშნებოდა სისხლიანი დიარეა, ინტოქსიკაცია და ღებინება. ეს სწორედ ის სიმპტომებია, რომელსაც ევროპაში ეშერიხია კოლის ჩხირის ახალი შტამით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში ასახელებდნენ. რაკი ლეტალური შედეგი მივიღეთ, გამოითქვა ვარაუდი, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა სწორედ ევროპაში გავრცელებული ჩხირი გამხდარიყო.

საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა, მით უმეტეს მას მერე, რაც დასახელებული სიმპტომებით პირველი მსხვერპლი გვყავს. ევროპაში ეშერიხია კოლის ჩხირით უკვე 50-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა საქართველოში ბაქტერიის ეს შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა, საფრთხის შეგრძნება ძალიან მძაფრია...

რა ხდება საქართველოში ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით და რა შედეგებამდე მივიდნენ ევროპელი მეცნიერები, კითხვებზე პასუხისათვის მივმართეთ გასტროენტეროლოგ-ინფექციონისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ თენგიზ თელიას:

- ეშერიხიის ჩხირების (იგივე ეშერიხია კოლი E. COLI-ის) ახალი შტამი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა ევროპაში, ისევ აქტუალურია. გაირკვა თუ არა რაიმე დამატებით ამ შტამზე?

- გერმანიაში ეპიდაფეთქების შემთხვევებმა იკლო, თუმცა ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში (ბორდოს სამხრეთ რეგიონებში), ვარაუდობენ, რომ ეს გერმანიაში იდენტიფიცირებული შტამის იდენტური ან მონათესავე შტამია. ინფიცირების სავარაუდო (თუმცა არა გადაჭრით დამტკიცებული) წყარო გაღივებული პარკოსანი მცენარეებია (გაღივებული პარკოსანი მცენარეები ევროპაში ფართოდ მიღებული საკვებია დაბალკალორიულობის გამო).

აღნიშნული შტამი, თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებული რამე თვისებებით (ლეტალურობა, აგრესიულობა..) არ გამოირჩევა, თუმცა საბოლოო დასკვნას ექსპერტები  მოგვიანებით შემოგვთავაზებენ. კვლევა გრძელდება...

- ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ამ ახალმა ჩხირის შტამმა მუტაცია განიცადა და შეიძლება ეს ახალი დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაედოსო. რამდენად დასტურდება სამედიცინო საიტებზე ეს ინფორმაცია?

- აღნიშნული ეპიდემიური შტამი, კლინიკური მიმდინარეობის მხრივ, სხვა წინამორბედი შტამებისაგან განსხვავებული მიმდინარეობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა საბოლოოდ, მაინც ექსპერტები იტყვიან სათქმელს.

რაც შეეხება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის გზას, ის ჩვეულებრივი მოვლენაა ბევრი ნაწლავური ინფექციისათვის, მათ შორის შიგა-ტოქსინმაპროდუცირებელი E. COLI-სათვისაც (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეშერიხია კოლის ენტეროაგრეგაციული შტამის გადაცემის გზები ბოლომდე გარკვეული არ არის). ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაში იგულისხმება არა დაავადების ჰაერწვეთოვანი გადაცემა, არამედ კონტაქტური გზა, რომელიც თავს იჩენს არასათანადო ჰიგიენური წესების დაცვის დროს.

- რამდენად გაიზარდა ჩვეულებრივი ჩხირებით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში და არის თუ არა რაიმე უჩვეულო დაავადების მიმდინარეობაში? სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს თუ დგას საქართველო რაიმე გაურკვეველი კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადების წინაშე?

- წელიწადის თბილ პერიოდებში, ნაწლავური ინფექციების სიხშირე ისედაც მატულობს. ამაში უჩვეულო არაფერია. ნაწლავური ეშერიხიოზის შემთხვევები, მათ შორის შიგა-ტოქსინმაპროდუცირებელი შტამების სპორადული, ანუ ყოველწლიური, არაეპიდემიური შემთხვევები ჩვენს რეგიონში ყოველწლიურად ფიქსირდება. მაგრამ ლაპარაკი თუნდაც იმაზე, რომ დღევანდელი მონაცემებით, რაღაც ეპიდემიის წინაშე ვდგავართ, ან რაიმე გაურკვეველი ინფექციის შემთხვევები გვაქვს, აბსურდია!

ეშერიხია კოლი

ეშერიხიის ჩხირები (იგივე ეშერიხია კოლი E. COLI). არის ენტერობაქტერიების დიდი ოჯახის წარმომადგენელი ბაქტერია, რომელიც პირველად ავსტრო-გერმანელმა პედიატრმა, თეოდორ ეშერიხმა 1885 წელს აღმოაჩინა ახალშობილის ფეკალურ მასებში და მის პატივსაცემად, ამ ბაქტერიას ეშერიხიას უწოდებენ. ეშერიხიები მორფოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მათი დიდი ნაწილი ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (მსხვილ ნაწლავში) აბსოლუტურად უვნებლად ბინადრობს, თუმცა ზოგიერთ შტამს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

სწორედ E.COLI-ს ერთ-ერთმა ასეთმა შტამმა გამოიწვია ევროპაში ის მასობრივი ეპიდემიური აფეთქება, რომელსაც ახლა აკვირდებიან ჩრდილოეთ გერმანიასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ლაპარაკია ეშერიხიის ჩხირზე, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (და არა ადამიანის!..) ნაწლავებში ბინადრობს და ფეკალური მასებით გამოიყოფა გარემოში.

აღნიშნული შტამი, ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვედრის შემდეგ, იწვევს კლასიკურ ნაწლავურ ინფექციას და გამოყოფს სპეციფიკურ ტოქსინს, რომელსაც სტატისტიკურად, შემთხვევათა 10%-ში შეუძლია ადამიანის სიცოცხლისათვის მეტად საშიში გართულებები გამოიწვიოს. სამედიცინო ენაზე ამ გართულებას  მიკროანგიოპათიურ ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს (HUS-haemolytic uraemic syndrome) უწოდებენ, რომელიც მიმდინარეობს წვრილი სისხლძარღვების დაზიანებით, სისხლის წითელი ბუშტუკების დაშლით და თირკმლის უკმარისობით. ბაქტერიის ამ ტოქსინს შიგა-ტოქსინს ან ვერო-ტოქსინს უწოდებენ.