"სიცხეს არაერთი პრობლემა ახლავს" - კვირის პალიტრა

"სიცხეს არაერთი პრობლემა ახლავს"

"შადრევანში ერთი და იგივე წყალი მოძრაობს, ამიტომ ბევრი ადამიანის შესვლა და გაგრილება ზრდის დაინფიცირების შესაძლებლობას"

"ვიმედოვნებ, "საოჯახო ენციკლოპედია" სამაგიდო წიგნად იქცევა თითოეული ოჯახისათვის"

დადგა ზაფხული. წვიმიან-ღვარცოფიანი გაზაფხულის შემდეგ ნანატრმა თბილმა დღეებმა კი გაგვახარა, მაგრამ სიცხეს არაერთი პრობლემა ახლავს. საჭიროა კარგად ვიცოდეთ ყველა საფრთხის შესახებ, რომელიც ჩვენს ორგანიზმს შეიძლება დაემუქროს მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მიხეილ წვერავა, მედიცინის დოქტორი:

- ზაფხულში აქტუალურია მზის ზემოქმედება, რომელსაც დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც კი.

სიცხე, მაღალი ტემპერატურა შეიძლება ოთახშიც იყოს და გარეთაც. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი შეიძლება გადახურდეს და ეგრეთ წოდებული მზის დარტყმა მიიღოს. ეს საკმაოდ რთული მდგომარეობაა და მოხუცებში შეიძლება მძიმე შედეგიც მოიტანოს. ამ დროს ხდება დეჰიდრაცია - სითხის დაკარგვა.

მაღალ ტემპერატურას თან ახლავს კიდევ რამდენიმე რისკის ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ ინფექციებთან, ინფექციის გადამტან მწერებთან, მოწამვლასთან - მაღალ ტემპერატურაზე ცხოველური პროდუქტები ხომ ძალიან მალე ფუჭდება.

რაც შეეხება მზეს, მას აქვს ულტრაიისფერი და ულტრაწითელი გამოსხივება. ერთი მხრივ, ის აუცილებელია ორგანიზმისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, მის სიჭარბეს ცუდი შედეგი მოაქვს. დღეს უკვე დადგენილია, რომ პირდაპირი მზის სხივები ხელს უწყობს კანის კიბოს - მელანომის განვითარებას. ამას მაქსიმალურად უნდა გავუწიოთ ანგარიში. პირველი და ელემენტარული წესია: გასარუჯად დილით ადრე უნდა გახვიდეთ ზღვაზე და ათის ნახევარზე დაბრუნდეთ შინ... მერე უკვე საღამოს, მზის ჩასვლისას შეგიძლიათ მზის აბაზანის მიღება.

ნუ დავივიწყებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც - სიცხე და მზე მათთვის ნამდვილად არ არის სასურველი.

რაკი გაუწყლოება ვახსენეთ, აქვე გეტყვით, რომ დღეში აუცილებლად უნდა დავლიოთ 2 ლიტრი წყალი, ზაფხულში მეტიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სამუშაოს ვასრულებთ. რაც უფრო აქტიურად ვცხოვრობთ, მით მეტი წყალი გვჭირდება.

ორგანიზმიდან აორთქლებული წყალი გამოიყოფა კანიდან - ოფლის სახით და ფილტვებიდან. ეს იწვევს შინაგანი ორგანოების და სისხლის გაგრილებას, რაც ძალიან სჭირდება სხეულს.

მინერალური წყალი მეტად სასარგებლოა, მაგრამ წყლის მისით ჩანაცვლება არ შეიძლება...

- საინტერესოა, რომ აღმოსავლეთში ცხელ ჩაის სვამენ გასაგრილებლად.

- ამას რამდენიმენაირად ხსნიან. ერთი მხრივ, ცხელი ჩაის მიღების შემდეგ ოფლი გამოიყოფა და ორგანიზმი გრილდება. მეორე მხრივ კი, ჩაი კლავს წყურვილს. აღმოსავლეთის ქვეყნებში კი, სადაც წყლის ნაკლებლობაა, ეს საუკეთესო გამოსავალია. არსებობს მესამე ვარაუდიც: ჩაი ტონუსს მატებს, რაც აუმჯობესებს ადამიანის თვითშეგრძნებას... ეს ლოკალური მოვლენაა და აღმოსავლური ქვეყნების თავისებურება. ისინი ამას შეჩვეულნი არიან, ჩვენ კი ალბათ ნაკლებად მოგვეწონება...

- სიცხეში ხშირად თბილისელი მამაკაცები ლუდს ეტანებიან. ეს კარგია?

- ჩემი აზრით, ლუდის დალევა საღამომდე არ ღირს. ის თენთავს ადამიანს. ლუდი წყალს კარგად ანაცვლებს. ევროპაში ლუდის მოხმარება ძალიან მაღალია. გერმანიაში აქვთ რადერ-ლუდი - ლუდში შერეული ტკბილი სასმელი. მას ველოსიპედისტის სასმელს ეძახიან.  სვამენ წყურვილის მოსაკლავად, რადგან ძალიან მალე ავსებს სითხის მოთხოვნილებას. ალკოჰოლური სასმლის მიღება სიცხეში ძალიან მძიმეა. მცირე რაოდენობით ალკოჰოლი იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მოჭარბებული კი - ანადგურებს.

- თბილისში თაკარა მზეში ხშირად შადრევნებზე გრილდებიან ბავშვები...

- ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ შადრევანში ერთი და იგივე წყალი მოძრაობს, ამიტომ ბევრი ადამიანის შესვლა და გაგრილება ზრდის დაინფიცირების შესაძლებლობას. საცურაო აუზებში წყალი იწმინდება, შადრევანში ხომ ეს არ ხდება! სამაგიეროდ, ძალიან კარგია შადრევნის გვერდით დასვენება, წყლის ხმა აწყნარებს და ამშვიდებს ადამიანს, თანაც ჰაერიც უფრო გრილი და მსუბუქია.

- და კიდევ: სიცხისას ძალიან უჭირს თვალსაც...

- ცხადია, თვალს დაცვა სჭირდება. ხარისხიანი მზის სათვალე დაგიცავთ მზისაგან. მაღალი სინათლის პირობებში მუქი მინები თვალს შვებას აძლევს.

- რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, კარგია, ყველა ადამიანმა იცოდეს. საერთოდ, რაც მეტად გვეცოდინება საკუთარი ორგანიზმის შესახებ, უფრო დაცული ვიქნებით. ამაში პოპულარული სამედიცინო ლიტერატურაც შეიძლება დაგვეხმაროს...

- ცხადია, საჭიროა ასეთ ლიტერატურასაც იცნობდეთ. მაგალითად, "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", რომელიც სულ ახლახან გამოვიდა, მართლაც საინტერესო წიგნია. გაოცებული დავრჩი წიგნში ილუსტრაციების სიმრავლითა და სრულყოფილებით. გერმანულ "ჯანმრთელობის ენციკლოპედიასაც" კი არ აქვს ასეთი მაღალი დონის ილუსტრაციები.

ამ წიგნით იოლად შეიცნობთ საკუთარ ორგანიზმს და საჭირო ინფორმაციასაც მიიღებთ.

ჩვენ დაუკავშირდით "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის შემდგენელს მაია მუხიგულს.

- რა დანიშნულება აქვს ამ წიგნს? აქ თავმოყრილი ინფორმაცია დაგვეხმარება, უკეთ დავადგინოთ, რა გვაწუხებს?

- "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" განკუთვნილია საზოგადოების ფართო წრისათვის და მოიცავს ადამიანის დაავადებათა უდიდეს ნაწილს. წიგნში მკითხველისათვის გასაგებად, ნათლად და დაწვრილებით არის აღწერილი 250-ზე მეტი დაავადება, განხილულია მათი გამომწვევი მიზეზები, განვითარების მექანიზმი, კლინიკური მიმდინარეობა, გართულებები, აგრეთვე, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები.

ჩემი, როგორც შემდგენელის, მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა მკითხველისათვის მისთვის საინტერესო დაავადებების შესახებ.

ვიმედოვნებ, რომ წინამდებარე გამოცემა ძალზე სასარგებლო იქნება მკითხველისთვის და სამაგიდო წიგნად იქცევა თითოეული ოჯახისათვის. წიგნში მოცემული მასალა თითოეულ ადამიანს დაეხმარება, უკეთ შეიცნოს საკუთარი ორგანიზმი, იზრუნოს საკუთარ თავსა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.

- რამდენად განსხვავდება ეს წიგნი წინამორბედი ნაშრომებისაგან, თუნდაც "საოჯახო მედიცინისაგან"? მედიცინა წინ მიდის, არის თუ არა ამ წიგნში მედიცინის თანამედროვე მიდგომა დაავადებებთან?

- ცხადია, აქ თანამედროვე მედიცინის ჭრილშია ყველაფერი მოცემული, ამას გარდა, ადრე მსგავსი პოლიგრაფიული საშუალება არ არსებობდა, დღეს შესაძლებელია საუკეთესოდ ილუსტრირებული, მაღალი კომპეტენციის წიგნის გამოცემა.

- წიგნის მეორე გვერდზე ჩამოთვლილი მედიკოსები რა მონაწილეობას იღებდნენ წიგნის შედგენაში?

- "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის" რედაქტირებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წამყვანი სპეციალისტები, აგრეთვე პრაქტიკოსი ექიმები. წიგნი უხვად არის ილუსტრირებული, შედგენისას გამოყენებულია უცხოური ლიტერატურა.