ზღვის მარილი - სილამაზის მინერალი - კვირის პალიტრა

ზღვის მარილი - სილამაზის მინერალი

ზღვაზე დასვენებისას ალბათ, შეგიმჩნევიათ, თუ როგორ მოქმედებს კანზე ზღვის მარილიანი წყალი. წყალში ბანაობისას 3-4 დღის შემდეგ კანი ხდება გლუვი და კრიალა, გარდა ამისა, დღითი დღე უმჯობესდება თქვენი გუნება-განწყობილება, მშვიდდებით... ეს ზღვისა და ზღვის ჰავის სიკეთეა.

ზღვის წყალი, რომელიც შეიცავს ბევრ სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს, აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს ორგანიზმს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზღვის წყალში დღეში 40 წუთზე მეტხანს არ უნდა ვიბანაოთ, თორემ მარილიანი წყალი გააღიზიანებს კანს, ასევე, კანი რომ არ დაგეწვათ, არ დაგავიწყდეთ მზის სხივებისგან დამცავი კრემის წასმა.

თუ ზღვაზე ვერ მიდიხართ, შეგიძლიათ შინ მოიწყოთ კურორტი. აფთიაქში შეიძინეთ ზღვის მარილი, გახსენით თბილ წყალში და ჩაწექით აბაზანაში; ეს პროცედურა ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვებს, აახალგაზრდავებს კანსა და მთლიანად ორგანიზმს. სრული რელაქსაციისთვის აბაზანაში წყალს დაამატეთ ლავანდის ან პიტნის ნატურალური ზეთის რამდენიმე წვეთი. სხვათა შორის, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 0ჩ-ს, აბაზანის ხანგრძლივობა კი 20 წუთს. აბაზანის შემდეგ წამოწექით, დალიეთ მწვანე ან გვირილის ჩაი.

გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს: ნერვებს ამშვიდებს: 300გ ზღვის მარილი გახსენით 1ლ ცხელ წყალში, დაამატეთ 5 წვეთი ლავანდის ზეთი, ჩაასხით აბაზანაში და ჩაწექით 12 წუთი.

ტერფების პილინგისთვის 2 ს/კ წვრილად დაფქულ ზღვის მარილს დაამატეთ 4 ს/კ თაფლი და წრიული მოძრაობით წაისვით ტერფებზე, შემდეგ დაიბანეთ და წაისვით ფეხების დამატენიანებელი კრემი.

ტანის სკრაბისთვის შეურიეთ ერთმანეთს 100 გ ზღვის მარილი და 100 მლ ზეითუნის ზეთი, წაისვით წრიული მოძრაობით წინასწარ დატენიანებულ ტანზე (ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეთ თეძოებზე, დუნდულებსა და მუცელზე). 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორგანიზმის გაახალგაზრდავების კიდევ ერთი ხერხი, როგორიცაა კუჭის წვენის გამოყოფის დამატებით სტიმულირება. ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ ენის წვერზე დაიდეთ მარილის 2 პატარა კრისტალი, როდესაც გადნება, ნერწყვი გადაყლაპეთ. მარილის ასეთი რაოდენობა არ გავნებთ მაშინაც კი, როდესაც მარილი აკრძალული გაქვთ.