საჭიროა თუ არა აცრა შვებულების წინ - კვირის პალიტრა

საჭიროა თუ არა აცრა შვებულების წინ

თუ შვებულების დროს გიხდებათ ყოფნა სასტუმროსა და პლაჟზე და იცავთ ელემენტარულ ჰიგიენის წესებს, აცრა აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ აპირებთ აქტიურად დასვენებას, მაშინ სასურველია, აიცრათ. იკითხავთ, რომელი დაავადების საწინააღმდეგო აცრები უნდა ჩაიტაროთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ ქვეყანაში აპირებთ წასვლას.

A ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი გადაეცემა ნაწლავების ინფექციების მსგავსად ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ეს დაავადება შეიძლება "შეგეყაროთ", თუ გადაწყვეტთ აფრიკაში, ინდოეთში, ჩინეთსა და აზიის რომელიმე სხვა ქვეყანაში დასვენებას.  A  ჰეპატიტით რომ არ დაავადდეთ, საჭიროა გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე აიცრათ და დაცული იქნებით ნახევარი წელი, ხოლო თუ ნახევარი წლის შემდეგ კიდევ აიცრით - იმუნიტეტი დაგიცავთ 15 წელი.

ლ მუცლის ტიფი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ასევე გადაეცემა დაბინძურებული წყლითა და საკვებით. მას იწვევს სალმონელას ბაქტერია. თუ გადაწყვეტთ აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას, სასურველია, ჩაიტაროთ მუცლის ტიფის ვაქცინაცია გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე. იმუნიტეტი დაგიცავთ 3-5 წელი. ამასთან, უნდა დაიცვათ ჰიგიენური წესები.

ცოფის გადამდები ძირითადად არიან ცხოველები. სტატისტიკით ცნობილია, რომ ტაილანდში ცოფით დაავადებულია ძაღლების 4%. ცოფით დაავადების დიდი რისკია ინდოეთსა და ლათინურამერიკულ ქვეყნებშიც. ექსტრემისა და ეგზოტიკის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაიკეთოთ 3 ნემსი კვირა გამოტოვებით, ამიტომ ვაქცინაციის ჩატარება მოგიწევთ გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე. იმუნიტეტი გეყოფათ 3 წელი.

ქოლერა უმეტესად თავს იჩენს ზაფხულში, განსაკუთრებით აზიის, ლათინურამერიკულ ქვეყნებსა და აფრიკაში. არცთუ დიდი ხნის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მკაცრად მოითხოვა, ყველამ, ვინც კი ამ ქვეყნებში აპირებს გამგზავრებას, ჩაიტაროს ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დაიცვას ჰიგიენური წესები, სვას ანადუღარი და ბოთლებში ჩამოსხმული წყალი, ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხოს ანადუღარი წყლით.

ყვითელი ციებ-ცხელების ვირუსი გადაეცემა კოღოებით. ეს დაავადება იმდენად საშიშია, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაგიშვებენ სამოგზაუროდ ცენტრალურ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ფილიპინებზე, ოკეანიის კუნძულებსა და ჰაიტიზე აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე. აცრის აუცილებლობის შესახებ უნდა გაცნობოთ თქვენმა ტუროპერატორმა. ყვითელი ციებ-ცხელების ვაქცინაცია ტარდება გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე და იმუნიტეტი ძლიერდება 30 წლით. თუმცა, ვისაც ხშირად უწევს ამ ქვეყნებში ყოფნა, რეკომენდებულია აცრა 10 წელიწადში ერთხელ.

ენცეფალიტით, რომელიც გადააქვთ ტკიპებს, შეიძლება დაავადდეთ არა მარტო ურალისა და ციმბირის ტყეებში, არამედ ავსტრალიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ენცეფალიტით დაავადების რისკი  დიდია პიკნიკის მოყვარულთათვის.

ენცეფალიტის საწინააღმდეგო აცრა უნდა ჩაიტაროთ გამგზავრებამდე 1,5 თვით ადრე.

ტეტანუსის გამომწვევი მიკრობები ყველგან არის - მტვერში, წყალსატევებში, ნიადაგში. ამ მიკრობმა ორგანიზმში შეიძლება შეაღწიოს სულ პატარა განაკაწრიდანაც კი, ამიტომ, გამგზავრებამდე გაიხსენეთ, როდის გაიკეთეთ ტეტანუსის ნემსი. თუ უკვე 10 წელია გასული, ხელმეორედ აცრა აუცილებელია.

ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრას უტარებენ ბავშვებს ძუძუთა ასაკიდან.