გემუქრებათ თუ არა ჰიპერტონია - კვირის პალიტრა

გემუქრებათ თუ არა ჰიპერტონია

დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი წნევა მუდმივად იცვლება, დღისით მაღლა იწევს, ღამით კი იკლებს. განიცდის ატმოსფერული წნევის ცვლილებას, მკვეთრად იზრდება აღელვებისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. ხშირად ორგანიზმი იმდენად ეჩვევა ამ ცვლილებას, რომ საშიშ სიმპტომებს ისე იღებს, როგორც ნორმას. ზოგჯერ ამ არასასურველ სიგნალს მივაწერთ მაგნიტურ ქარიშხალს, დაღლილობას და არც ვფიქრობთ, რომ ყველაფრის მიზეზი არტერიული წნევაა.

სტატისტიკით ჰიპერტონიით დაავადებულია მოსახლეობის 40%. მათგან მხოლოდ ნახევარი აკონტროლებს წნევას და იცავს ექიმის დანიშნულებას. მეორე ნახევარმა ან არ იცის, რომ ჰიპერტონია აწუხებს, ან არარეგულარულად მკურნალობს, რადგან მაღალი წნევა არ მიაჩნია სერიოზულ დაავადებად, რაც არასწორია, რადგან მაღალი წნევა არცთუ ისე უსაფრთხოა. ის ყველაზე პატარა არტერიებში - არტეროილებშიც კი იწვევს ცვლილებებს: შეშუპებას, შესქელებას, სისხლს ვეღარ ატარებს, გული იძულებულია, იმუშაოს დიდი დატვირთვით. სისხლძარღვები ადრინდელივით ვეღარ უმკლავდებიან დატვირთვას, რამაც შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი.

გაგაცნობთ ზოგიერთ მიზეზს, რომლებიც ხელს უწყობენ წნევის აწევა-დაწევას. პირველია სტრესი, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლები სისხლში გადაისვრიან სტრესის ჰორმონებს, ადრენალინსა და ნორატიზენალინს. ისინი აჩქარებენ გულის რიტმს, ავიწროებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ წნევის ამაღლებას. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ, გულს დარდი და სანერვიულო არ გააკაროთ, როგორც კი იგრძნობთ წნევის აწევას, მოადუნეთ მუცლის კუნთები, ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნელა 5-ჯერ. ეს პროცედურა გაიმეორეთ 4-5-ჯერ. ნიკოტინი ხელს უწყობს წნევის მომატებას, სისხლის შესქელებას, აუარესებს ქსოვილების სისხლით მომარაგებას, აიძულებს გულს, იმუშაოს გაძლიერებულად, ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს.

გირჩევთ: არ მოსწიოთ სიგარეტი. მთავარია - სურვილი და ნებისყოფა. ზედმეტი წონა დამატებით ტვირთავს გულსა და სისხლძარღვებს. ამიტომ საჭიროა დაიკლოთ წონაში, რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულების მიხედვით. დასაშვებია მცირე რაოდენობის სპირტიანი სასმელი. დიდი პრობლემაა ჰიპოდინამია - ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი. გირჩევთ - დღეში 30 წუთს იარეთ ფეხით. საშუალო ტემპით სიარული ამცირებს სისხლძარღვების ამაღლებულ ტონუსს და აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიწოდებას. ტრანსპორტამდე მიდით ფეხით, იშვიათად ისარგებლეთ ლიფტით, ისეირნეთ პარკებში, ივარჯიშეთ, იცურავეთ. ფიზიკური ვარჯიშები აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას და ამცირებს ჰიპერტონიის, ინსულტისა და ინფარქტის რისკს.

ჰიპერტონიკებმა და ჰიპერტონიისკენ მიდრეკილებმა თავი უნდა შეიკავონ ძალისმიერი ვარჯიშებისგან.

ჰიპერტონიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც გამოკვლევის შემდეგ დაგინიშნავთ წამლებს. თუ წნევა დაგირეგულირდათ, ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიატოვოთ წამლის მიღება. არ მიიღოთ აფთიაქის ფარმაცევტის ან ახლობლის რჩევით წნევის დამწევი წამალი. წნევის "დასამორჩილებლად" ცხიმიან, შემწვარ, შებოლილ, მარილიან კერძებს ამჯობინეთ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, რადგან მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით, რომელიც უნარჩუნებს სისხლძარღვებს ელასტიკურობას, რაც მთავარია, ისინი არ შეიცავენ ქოლესტერინს.

ხშირად მიირთვით: უცხიმო (ძროხის, ხბოს, კანგაცლილი ქათმის) ხორცი, ზღვის თევზი (ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული, სარდინი, კამბალა, ქორჭილა, ორაგულისებრნი), კალიუმით მდიდარი ბანანი, გარგარი ან ჭერმის ჩირი, ფინიკი, ყაბაყი, კანიანად ღუმელში შემწვარი კარტოფილი, მაგნიუმით მდიდარი კაკაო, მწარე შოკოლადი, ნიგოზი, სალათა, მუხუდო, ლობიო.

შეზღუდეთ მარილის მოხმარება (აკავებს ორგანიზმში სითხეს და ხელს უწყობს წნევის მომატებას), არ ჭამოთ ჩიპსები და კეტჩუპი, იშვიათად დალიეთ ყავა, რადგან კოფეინი აღაგზნებს ნერვულ სისტემას, აჩქარებს სუნთქვასა და გულის მუშაობას, რის შედეგადაც წნევა იმატებს. ყავა შეიძლება შეცვალოთ ვარდკაჭაჭას ნაყენით (1ჩ/კ:1ჩ/ჭ წყალი).