ზღვა არც ისე უსაფრთხოა... - კვირის პალიტრა

ზღვა არც ისე უსაფრთხოა...

შვებულებაში გასვლის წინ მოიმარაგეთ სალბუნი, ბინტი, თავის ტკივილის, გაცივების, ალერგიის, დიარეისა და მზის დამწვრობის საწინააღმდეგო წამლები...

მცხუნვარე მზეზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს მზის დაკვრა, გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, შეციება, სისუსტე, გულის ცემის აჩქარება, ცხვირიდან სისხლის დენა, თავის ტკივილი, რაც იმის ნიშანია, რომ დაისიცხეთ. სასწრაფოდ შეეფარეთ საჩრდილობელს, სახეზე შეისხით ცივი წყალი, რაც გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და გუნება-განწყობილებას... დალიეთ ცივი წყალი, თავზე დაიდეთ სველი კომპრესი. თუ არ გამოკეთდით, გამოიძახეთ ექიმი.მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით, თავზე დაიხურეთ ქუდი.

ცნობისთვის: პლაჟის სილაში ბინადრობენ სილის რწყილები, რომლებიც იოლად აღწევენ კანქვეშ და მტკივნეულ ჩირქოვან მუწუკებს აჩენენ. მათი მოშორება მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება. ამიტომ სილაზე ნუ დაწვებით, ქვეშ დაიფინეთ პლედი ან დაწექით შეზლონგზე.

ზაფხულში ხშირია კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რისი მიზეზიც უმეტესად წყალი, ჭუჭყიანი ხელები და პროდუქტია.

ისეთი ნიშნები, როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი - არის სიგნალი ნაწლავის ინფექციისა. გირჩევთ, ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით, დაიცავით ჰიგიენის ელემენტარული წესები.

ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ ჯერ ცხელი წყლით, შემდეგ - ცივით, სვით მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყალი, წაიხემსეთ შინიდან წაღებული საუზმით, თავი შეიკავეთ პლაჟზე საკვების ყიდვისგან.

წყალში ყოფნისას თუ შეეხეთ მედუზას და იგრძენით მწვავე წვა და ტკივილი, სასწრაფოდ დაიბანეთ შეხების ადგილი ძმრით ან ლიმონის წვენით. თუ ტკივილმა არ გაგიაროთ, მიმართეთ ექიმს.