დავიცვათ ხერხემალი - კვირის პალიტრა

დავიცვათ ხერხემალი

თურმე მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს ხერხემლის დაავადებები აწუხებს. ამ დაავადების მსხვერპლთა ასაკი ძალიან გაახალგაზრდავებულია. საჭიროა ხერხემალი დავიცვათ:

ზურგის მთავარი "ხაფანგია" ნაკლებმოძრავი ცხოვრება (ოფისი, კომპიუტერი და ა.შ.) ალბათ შეგიმჩნევიათ, მთელი დღე ოფისში სამსახურის შემდეგ გტკივათ კისერი, წელი, ზურგი... ნევროპათოლოგებმა ამ მდგომარეობას "ოფისური ზურგი" უწოდეს: მუშაობის დროს ერთსა და იმავე პოზაში მოხრილი ვზივართ, ამ დროს ხერხემალი არაბუნებრივ მდგომარეობაშია, მალები აწვება ნერვებს, არათანაბრად ნაწილდება ფიზიკური დატვირთვა კუნთებზე, რაც ტკივილს იწვევს. ადრე თუ გვიან, ეს "ხაფანგი" აზიანებს მალთაშორის დისკებს, იჭყლიტება ნერვები, ტრავმირდება ზურგის კუნთები.

ეს რომ არ დაგემართოთ, საჭიროა სწორად მოვაწყოთ ოფისის გარემო, ავეჯი, სკამი, მონიტორი, მაგიდის სიმაღლე უნდა იყოს კომფორტული, კომპიუტერთან უნდა იჯდეთ გამართული, ფეხებით იატაკს ეხებოდეთ, ყოველ საათში ერთხელ 10 წუთით შეისვენეთ, ადექით, გაიარეთ, გაშალეთ კუნთები, გააკეთეთ მარტივი ვარჯიშები (შეგიძლიათ სკამიდან აუდგომლად!).

კიდევ ერთი "ხაფანგია" ზედმეტი წონა. რათა არ გადატვირთოთ ზურგის კუნთები და ხერხემალი, შეეცადეთ, არ მოიმატოთ (თუ ზედმეტი წონა გაქვთ - დაიკელით).

მიკროელემენტებიდან ხერხემლისთვის სასარგებლოა: კალციუმი (რძის პროდუქტი, კვერცხი), ფოსფორი (თევზი, სოია, ისპანახი), მაგნიუმი (პარკოსანი, კაკალი) და მანგანუმი (ღვიძლი, ყველი, ზღვის წყალმცენარეები), ასევე სასარგებლოა ხილი, ბოსტნეული (ვაშლი, მსხალი, ჟოლო, მარწყვი, ყურძენი, თხილი, ოსპი, გოგრა და სალათა). იმოძრავეთ! ისეირნეთ, მისდიეთ სპორტს (ფიტნესი, ჩოგბურთი, ცურვა). თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს შეინარჩუნოთ ლამაზი აღნაგობა, სხეულის მოქნილობა, ძლიერი კუნთები. რაც უფრო ძლიერია კუნთების კორსეტი, მით უფრო ნაკლებია ხერხემლის დეფორმაციის განვითარების რისკი (ე.ი. ზურგიც არ აგტკივდებათ).

გირჩევთ, არ ატაროთ მძიმე ჩანთები - ხშირად გადაიტანეთ ერთი ხელიდან მეორეში. დიდხანს ერთ მხარეზე გადაკიდებული ჩანთა დიდ დარტყმას აყენებს ხერხემალს.

არ დაწვეთ არც ძალიან რბილ და არც ძალიან მაგარ ლეიბზე. ვისაც ზურგის პრობლემები აწუხებს, ლეიბი უნდა იყოს გლუვი და სწორი; ოსტეოპოროზის დროს ექიმი-ორთოპედები ურჩევენ აირჩიონ მაგარი ლეიბი, ხოლო ხერხემლის მალთაშორის პრობლემის დროს - რბილი ოთროპედიული ლეიბი.ძილის დროს თავი უნდა გედოთ ბალიშზე, მხრები კი ლეიბზე (და არა ბალიშზე). თუ ხშირად გტკივათ წელი, დაიძინეთ უბალიშოდ.

არანაკლებ დიდ როლს თამაშობს გუნება-განწყობილება და ემოციები ლამაზი აღნაგობის ფორმირებაში. შეეცადეთ, თავი აარიდოთ სტრესებს, რომლებიც არ გვაძლევენ მხრებში გაშლის საშუალებას და ხერხემალი გამართოთ. არ ინერვიულოთ ყველა წვრილმანზე, ხშირად გაიღიმეთ, ისწავლეთ პატიება, რა თქმა უნდა, ეს არცთუ ადვილია, მაგრამ შესაძლებელია.