ფრთხილად ულტრაიისფერ სხივებთან - კვირის პალიტრა

ფრთხილად ულტრაიისფერ სხივებთან

კანის გაუწყლოება - ნაადრევი დაბერება, ალერგია, დამწვრობა, პიგმენტური ლაქები და სხვადასხვა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს მცხუნვარე მზის ქვეშ დიდხანს ყოფნამ. ამიტომ არ გაგვიტაცოს გარუჯვამ. გამოვიყენოთ მზის სხივებისგან დამცავი საშუალებები და, რაც მთავარია, დავიცვათ სპეციალისტების მიერ მზეზე ყოფნის მინიშნებული დრო. გარუჯვისთვის ყველაზე ოპტიმალური დროა: დილის 9 საათიდან 11 საათამდე და საღამოს - 16 საათიდან 19 საათამდე.

ზაფხულის ცხელ დღეებში კანის გაუწყლოების მიმანიშნებელია: აქერცლილი და მშრალი სახის კანი, დილით კანი დაჭიმულია, თანდათან კარგავს ელასტიკურობას, რასაც ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ოფლის სახით სითხის გამოყოფა.

ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა მიიღოთ სითხე და სახეზე ხშირად შეისხუროთ წყალი, გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები, არ იხმაროთ ტონალური კრემები და პუდრი, რადგან სიცხეში მათი გამოყენებისას კანი უფრო მეტად ოფლიანდება. შედეგად შეიძლება კანი გაღიზიანდეს და გამოიწვიოს ანთება, გამოიძინეთ.

კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენას ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივად ზემოქმედება, რომელიც ააქტიურებს მელანინის გამომუშავების პროცესს. თუმცა პიგმენტურ ლაქებს იწვევს ასევე ენდოკრინული დარღვევები, დაავადებული ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, გინეკოლოგიური დაავადებები, სტრესები, ზოგიერთი წამალი და კოსმეტიკური საშუალება.

პიგმენტური ლაქების გაჩენისას მიმართეთ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს, რომელიც გაარკვევს მათი წარმოქმნის მიზეზებს და საჭიროების შემთხვევაში, გირჩევთ ესტუმროთ სხვა სპეციალისტს.

ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული პიგმენტურ ლაქების სამკურნალოდ ექიმი გირჩევთ გამოიყენოთ გამათეთრებელი ნიღბები და კრემები, მაგალითად, მარილიანი პროცედურები (პილინგი, მიკროდერმაბრაზია, კრიოთერაპია, მეზოთერაპია, ფიტოთერაპია და სხვ.). თუმცა ამ პროცედურების ჩატარება სასურველია შემოდგომით და არა ზაფხულში.

გთავაზობთ გამათეთრებელ ნიღბის რეცეპტს: 50-70 დამატენიანებელ კრემს დაამატეთ 1ს/კ კიტრის წვენი, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

პლაჟზე ან სოლარიუმში ყოფნის შემდეგ თუ დაგეწყოთ კანის ქავილი და გაჩნდა წითელი ლაქები, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მარტო მზე ან სოლარიუმი, და ზემოთ აღნიშნული ფაქტორები, არამედ მტვერი და დაქვეითებული იმუნიტეტი. სასურველია, სიცხეში არ გამოიყენოთ საპონი, სპირტიანი ლოსიონი და ტონი, ტუალეტის წყალი და სუნამო, რადგან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან ერთად ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების წარმოქმნას. მზეზე ყოფნისას აუცილებლად დაიცავით შემდეგი წესები:

*სვით ბევრი წყალი, რათა დაეხმაროთ ორგანიზმს წიდების გამოდევნაში.

*მიიღეთ ექიმის დანიშნული ანტიჰისტამინური წამლები.

*ასევე მიიღეთ ექიმის დანიშნული C, E და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლასა და ღვიძლის მუშაობას, ასტიმულირებენ კანის უჯრედების განახლებას.

*გაიკეთეთ მცენარეული აბაზანები (სალბის, ორკბილას, ქრისტესისხლას და კრაზანას), რომელიც ხსნის არა მარტო ალერგიის სიმპტომებს, არამედ ამშვიდებს ორგანიზმს.

*მზის დამწვრობის დროს კანზე გაიკეთეთ ცივი კომპრესი, ან მიიღეთ ცივი შხაპი და სანამ არ გაგივლით მზის დამწვრობა, თავი აარიდეთ მზეზე ყოფნას, წაისვით კანის დამატენიანებელი და დამარბილებელი კრემი, არ *წაისვათ კარაქი, არაჟანი ან სხვა შინაური საშუალება.