ვირუსი "ზორო" გვიტევს - კვირის პალიტრა

ვირუსი "ზორო" გვიტევს

"ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დაუბანელი ხელებით ან დაბინძურებული საკვებით"

"ზორო" ვირუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ისევ და ისევ პირადი ჰიგიენის დაცვაა"

მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, პირღებინება - ეს ის სიმპტომებია, რომელიც ზაფხულის პერიოდში სულ უფრო ხშირად ვლინდება. აღნიშნული სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს უამრავი ადამიანი მიმართავს, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. ექიმები ამბობენ, რომ წელსაც, ისევე როგორც გასული წლების შემთხვევაში, სეზონურ გასტროენტერიტთან გვაქვს საქმე. ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს დაავადება ზღვისპირა კურორტებიდან ჩამოსულ ადამიანებში ვლინდება. ექიმები ამბობენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, უბრალოდ, უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ ჰიგიენის ნორმების დაცვას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვებთან გვაქვს საქმე.

პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი):

"განსაკუთრებული არაფერი ხდება, წელსაც დაავადების დაახლოებით იმდენივე შემთხვევა გამოვლინდა, რამდენიც შარშან. ზაფხულია და ვრცელდება ამ დროისთვის ჩვეული ვირუსები, მათ შორის კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები. გვხვდება ენტეროვირუსები, რომლებიც ხშირად ჰგონიათ, რომ აუცილებლად კუჭ-ნაწლავის აშლილობით უნდა მიმდინარეობდეს, რაც არასწორია. ამიტომ, როდესაც ადამიანს ფაღარათი აქვს, აუცილებელი არ არის ენტეროვირუსი ჰქონდეს. ენტეროვირუსები ნაკლებად აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, უფრო ხშირად ვლინდება მაღალი ტემპერატურით და სისუსტით და ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს. ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დაუბანელი ხელებით ან დაბინძურებული საკვებით.

გართულებების შემთხვევაში ენტეროვირუსები მენინგიტებსაც იწვევს, საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა. მშობლებს შევახსენებ, მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვების ჰიგიენას. პლაჟზე რომ ბავშვი დაუბანელი ხელებით რაღაცას შეჭამს, დაავადების ალბათობა იზრდება. არ გინახავთ, როდესაც ბავშვი ზღვის სანაპიროზე ზის და კენჭებსა და ქვებს პირში იდებს? შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს დაავადების გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი. დაავადებების გავრცელებას ზღვის წყალს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რადგან წყალი მუდმივად კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ და დარღვევები აღმოჩენილი არ არის. თუმცა, როდესაც ზღვაში უამრავი ადამიანი ბანაობს და ბავშვი წყალში ჭყუმპალაობისას ზღვის წყალს დალევს, სასიამოვნო არ არის.

ისეთი ზაფხული არ არსებობს, რომ კუჭ-ნაწლავის ინფექციების რიცხვი არ იყოს მომატებული. ძალიან ბევრი ვირუსია, რომელიც შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლის მიზეზი გახდეს, მათ შორის არის "ზორო" ვირუსები. მათგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ისევ და ისევ პირადი ჰიგიენის დაცვაა, სადაც არ უნდა ვიყოთ, სახლში თუ აგარაკზე".

ოთარ რუსაძე, ექიმი გასტროენტეროლოგი:

"მინდა საზოგადოება დავამშვიდო - განსაკუთრებული არაფერი ხდება. მასობრივი თავშეყრის ადგილებში უფრო სწრაფად ვრცელდება დაავადება, მათ შორის, გასტროენტეროვირუსი.

დაავადება ახლაც ჩვეულებრივი, მისთვის დამახასიათებელი კლინიკით იწყება: პირღებინება, რასაც თან ახლავს დიარეა, ფაღარათი... დაავადება ექვემდებარება მკურნალობას. სხვათა შორის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული ენტეროვირუსის შემთხვევები. მაგალითად, შარშან თუ ამ დაავადებით განყოფილებაში 22 პაციენტი შემოვიდა, წელს მხოლოდ ოთხი შემთხვევა აღირიცხა.

არც განსაკუთრებული გართულებები გვქონია. შემოდიოდნენ პაციენტები გაუწყლოებით, ელექტროლიტური დისბალანსით, რომლებიც საჭიროებდნენ კორექციას, შევსებას და შესაბამის მკურნალობას. ყველა ვირუსული ინფექციის შემთხვევა დაექვემდებარა მკურნალობას.

როდესაც დიარეაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში სანიტარიული ნორმების დაცვაა საჭირო. მაგრამ როდესაც ჰაერწვეთოვან ინფექციასთან გვაქვს საქმე, ბავშვი უნდა მოვარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ჩვეულებრივი ბანალური გასტროენტერიტით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რა თქმა უნდა, ბაქტერიულიც შესაძლოა იყოს, მაგრამ ძირითადად მაინც ვირუსული გვხვდება."