ლანდშაფტური თერაპია - კვირის პალიტრა

ლანდშაფტური თერაპია

ბუნება საუკეთესო მკურნალია. იჩქარეთ, ჩაეწეროთ მასთან "მიღებაზე", - გვირჩევს სამედიცინო გეოგრაფია, - და ისარგებლოთ ლანდშაფტური თერაპიით, სწორად შეარჩიოთ, სად გსურთ შვებულების გატარება: ზღვაზე, მთაში თუ ტყის სილამაზეში.

- ზღვა თითქმის ყველას საყვარელი დასასვენებელი ადგილია, ალბათ იმიტომ, რომ მისი ელექტროლიტური შემადგენლობა ადამიანის სისხლის მსგავსია; ასე რომ, თუ ჯანმრთელობაში პრობლემები გაგიჩნდათ, გაემგზავრეთ ზღვაზე, ზღვის მარილიანი წყალი აცხრობს ტკივილს, დაღლილობასა და ტონუსს მატებს ორგანიზმს. სუფთა და ნოტიო ზღვის ჰავა მდიდარია სამკურნალო აეროინებით, ოზონითა და მინერალებით, ანტისტრესული მაგნიუმით, იოდი მასში 12-ჯერ მეტია, ვიდრე ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ.

ფილტვების ყველაზე მიუწვდომელი ადგილების, ე.წ. "მკვდარი სივრცის" გასანიავებლად საჭიროა დაეუფლოთ ზღვის ნაპირზე სუნთქვით ტექნიკას: ამოისუნთქეთ პირით და ჩაისუნთქეთ ცხვირით, ხელახლა ამოისუნთქეთ პირით დიაფრაგმის დახმარებით, შეიკავეთ სუნთქვა, გაიშალეთ მხრებში და დაითვალეთ 8-10-მდე, მოდუნდით და ამოისუნთქეთ.

ზღვის ტალღების ნაზი მასაჟი არის ანტიცელულიტური პროცედურა, მისი დახმარებით შეიძლება წელისა და თეძოების გარშემოწერილობის 2 სმ-ით შემცირება...

- ავსტრიელმა ფსიქოთერაპევტებმა გამოიგონეს სტრესთან ბრძოლის ახალი საშუალება - "დაურეკე ტყეს". როდესაც ნერვები აღარ გემორჩილებათ, გირჩევთ, აკრიფოთ ტელეფონზე სასურველი "ტყის" ნომერი და უსმინოთ ბუნებას": ფოთლების შრიალს, ჩიტების ჭიკჭიკს, წვიმის ხმაურს, კოდალას კაკუნს, რამდენიმე წუთში დამშვიდდებით... ეს თერაპია ცვლის ფსიქოთერაპევტთან ერთსაათიან სეანსს.

- თუ გაწუხებთ ცხვირ-ხახა, ყელი და სასუნთქი სისტემა, დაისვენეთ ფიჭვნარში, მაგრამ არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვებით დაავადებულთა და ჰიპერტონიკებისთვის. უმჯობესია, მათ დაისვენონ ფოთლოვან ტყეში. მაგალითად, არყის ტყე ხსნის სტრესსა და შველის დეპრესიას, რაც ასე საჭიროა გამოსაჯანმრთელებლად. შაკიკს შველის ცაცხვის ტყე, სამაგიეროდ, ვერხვნარი აძლიერებს თავის ტკივილს.

- სუფთა და ცივი, აერონებით მდიდარი მთის ჰაერი ადამიანს მატებს მხნეობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმიანებისთვის, ფილტვებისა და კანის დაავადებების მქონეთათვის, სისხლნაკლულთათვის, მაგრამ ყვავილის მტვერზე ალერგიულებმა უნდა დაისვენონ 1500 მ-ზე მაღლა. არარეკომენდებულია მთაში დასვენება ჰიპერტონიკებისა და გულ-სისხლძარღვებით დაავადებულთათვის.