ჯანმრთელი კანისა და თმისთვის - კვირის პალიტრა

ჯანმრთელი კანისა და თმისთვის

თუ კანი მოდუნდა, გაჩნდა ცელულიტი, ფრჩხილები გემტვრევათ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დადგა დეტოქსიკაციის, ანუ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის დრო. გასალამაზებლად საკმარისი არ არის მხოლოდ დიეტის დაცვა. 3-დღიანი დიეტის პარალელურად, რომელიც უნდა დაიცვათ თვეში ერთხელ, ჩაიტარეთ კანის გამწმენდი პროცედურები, ხოლო ძილის წინ - დღის განმავლობაში შრომითა და ფიქრებით დაღლილი თავის "გასაწმენდად" - სუნთქვითი ვარჯიშები.

დაჯექით ფეხმორთხმით, დახუჭეთ თვალები, ხელები დაიწყვეთ მუხლებზე, 5 თვლაზე ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ 5 თვლაზე - ნელა ამოისუნთქეთ. ასეთი სუნთქვა ასუფთავებს ფილტვებს და კანს, ამდიდრებს მას ჟანგბადით, ხსნის კუნთების დაძაბულობას და ამშვიდებს ნერვებს. დეტოქსიკური ვარჯიშები შეიძლება ჩაიტაროთ არა მარტო დეტოქსთერაპიის დროს, არამედ სხვა დღეებშიც, რათა თავი ყოველთვის კარგად იგრძნოთ.

3-დღიანი დეტოქსდიეტის დროს ნატურალური პროდუქტებით უნდა იკვებოთ. ჭამეთ დღეში 5-ჯერ ბოსტნეული, ხილი და უჯრედისებით მდიდარი მარცვლეული. ულუფა უნდა ეტეოდეს ხელისგულზე; არ არის რეკომენდებული შაქარი. მარილი შეცვალეთ ნივრითა და სანელებლებით.

3-დღიანი დეტოქსდიეტის დროს უზმოზე დალიეთ ლიმონიანი 1ჩ/ჭ თბილი წყალი. ის ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას და მთელი დღის განმავლობაში ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.

თუ სადილის შემდეგ შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ და ვახშმობამდე ჯერ კიდევ შორს არის, დალიეთ 2 ს/კ სელის თესლის, ქატოსა და შვრიის ნახარში. შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში ან შავი ქლიავი.

გარდა ამისა, გთავაზობთ კოსმეტოლოგების რჩევებს: რეგულარული პილინგი აახლებს კანს და მატებს სიგლუვეს. კანის სკრაბი შეგიძლიათ შინ მოამზადოთ:

ხორცსაკეპში გატარებული შვრიის ბურბუშელათი გაიწმინდეთ სველი სახის კანი და ჩამოიბანეთ კოსმეტიკური რძით. შვრიის სკრაბი ასუფთავებს სახეს და ათეთრებს პიგმენტურ ლაქებსაც.

ცელულიტის მოსაშორებლად 200 მლ ნაღებში გაადნეთ 100 გ შოკოლადი და წაისვით თეძოებსა და დუნდულებზე, 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი და წაისვით კრემი.

თმის გასამაგრებლად 2 ს/კ თიხა გაქენით იმდენ წყალში, რომ არაჟნის სისქის ფაფა მიიღოთ. წაისვით თმაზე და 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი.