ათბობს გულსა და სულს... - კვირის პალიტრა

ათბობს გულსა და სულს...

დილით თუ ფინჯან ცხელ კაკაოს დალევთ, ეს სასმელი შეგმატებთ ენერგიასა და სასიცოცხლო ტონუსს, დაგიცავთ ვირუსებისგან. გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობილება და კეთილად განეწყობით გარშემომყოფებისადმი.

დიეტოლოგებმა ცოტა ხნის წინ კაკაოში აღმოაჩინეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებენ ტვინის მუშაობას, აუმჯობესებენ მეხსიერებას, აწესრიგებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. კაკაო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ზოგიერთი ნივთიერების შემცველობით რეკორდსმენია, ხოლო რკინისა და თუთიის რაოდენობით ვერ შეედრება ვერც ერთი პროდუქტი. კაკაო შედგება ცხიმისგან, 12-15% - ცილებისგან, 6-10% ნახშირწყლებისგან, უჯრედისებისგან, B ჯგუფის ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტებისგან.

კაკაოში არსებული უნიკალური ნაერთი - კოკოხილი, ხელს უწყობს კანის უჯრედების ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ სურნელოვანი სასმელი, რომელიც ათბობს სულსა და გულს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ნაოჭების გასწორებას. კაკაო შეიცავს ასევე ეპიკატეხინს, რომლის წყალობითაც შეიძლება დავიცვათ თავი ისეთი საშიში და გავრცელებული დაავადებებისგან, როგორიცაა: ტვინში სისხლის ჩაქცევა, ინფარქტი, კიბო და დიაბეტი.

ამერიკელმა მეცნიერებმა კაკაოს კიდევ ერთი საინტერესო თვისებაც აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, რომ კაკაო უფრო კალორიულია, ვიდრე ჩაი ან ყავა, ხელს არ უწყობს წონაში მომატებას, რადგან ადამიანს სწრაფად ანაყრებს...