ლეიშმანიოზი დასავლეთ საქართველოშიც გამოვლინდა - კვირის პალიტრა

ლეიშმანიოზი დასავლეთ საქართველოშიც გამოვლინდა

"დაავადებულთა უმრავლესობა 4 წლამდე ასაკის ბავშვია"

არსებობს დაავადებები, რომლებსაც სეზონურობა ახასიათებთ - ზამთარში გრიპის ვირუსია აქტუალური, ზაფხულში კი ყველაზე ვერაგ, გადამდებ დაავადებად ლეიშმანიოზი და მალარია მიიჩნევა. ამ უკანასკნელის შემთხვევები საქართველოში თითქმის არ გვხვდება. რაც შეეხება ლეიშმანიოზს, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ დაავადებით გარდაცვალების ორი შემთხვევა აღინუსხა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბუნებაში სისხლისმწოველი მწერები აქტიურდებიან. ისინი ბევრი ტრანსმისიული დაავადების გადამტანები არიან, მათ შორის - მალარიის, ლეიშმანიოზის, ბორელიოზისა და სხვ. მათ სხვაგვარად ობლიგატიურ, ანუ აუცილებელ გადამტანებსაც უწოდებენ, რადგან, მაგალითად, მალარია არ გავრცელდება, თუ ადამიანს მალარიის გადამტანმა კოღომ არ უკბინა. საგულისხმოა, რომ 1970 წელს საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები ლიკვიდირებული იყო და მხოლოდ შემოტანილი დაავადება აღირიცხებოდა. მაგალითად, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის ომში გაიწვიეს, იქიდან რამდენიმე მალარიით დაავადებული დაბრუნდა. ამას გარდა, დაავადების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთში, ხოლო მიგრაციული პროცესები საქართველოში მის შემოტანას უწყობდა ხელს. ამას ისიც დაემატა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, 1996 წლიდან, შეწყდა პროფილაქტიკური ღონისძიებები როგორც მალარიის გადამტანის წინააღმდეგ, ისე პარაზიტმატარებელი პაციენტების გამოსავლენად და შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ ლაგოდეხის რაიონში, სასაზღვრო ჯარის ნაწილებში აღირიცხა მალარიით დასნებოვნების 4 შემთხვევა, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კი მალარიამ 2002 წელს მიაღწია, როდესაც 447 კაცი დაავადდა. ამის შემდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებები განახლდა და საბედნიეროდ, დღეისათვის მალარიით დაავადების არც ერთი ადგილობრივი შემთხვევა არ გვაქვს.

შოთა ცანავა (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე): "მალარიის შემთხვევები საქართველოში თითქმის არ გვხვდება. შესაძლოა, აღირიცხოს ამ დაავადების უცხოეთიდან შემოტანის ერთეული შემთხვევა, მაგრამ აუცილებელია, კიდევ ორი წლის განმავლობაში დავაკვირდეთ ამ დაავადების განვითარებას და თუ ისევ ნულოვანი შედეგი გვექნება, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ვთქვათ, რომ ეს დაავადება ლიკვიდირებულია."

სამაგიეროდ, ფართოვდება ლეიშმანიოზის გეოგრაფიული არეალი. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღემდე ამ დაავადების შემთხვევები დასავლეთ საქართველოში არასდროს გამოვლენილა, წელს კი ლეიშმანიოზმა იქაც იჩინა თავი. ოფიციალური მონაცემებით, წელს ლეიშმანიოზის 46 შემთხვევა აღირიცხა, მაგრამ სრული მონაცემები მხოლოდ წლის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

1990 წელს საქართველოში ლეიშმანიოზის მხოლოდ 12 შემთხვევა დადასტურდა, 2003 წელს - 125, ხოლო 2009 წელს  - 169.

ლეიშმანიოზი ზაფხულის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. დაავადების ინკუბაციის პერიოდი ხანგრძლივია და მისი გამოვლენა შეიძლება რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგაც მოხდეს. ამიტომაც, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში ბავშვებს შებინდებისას გარეთ ნუ გავიყვანთ,  რადგან ლეიშმანიოზის გადამტანი  მწერები სწორედ ამ დროს აქტიურდებიან.

თბილისში ლეიშმანიოზის კერად მთაწმინდა, კრწანისი და ნაძალადევი მიიჩნევა. დაავადებულთა უმრავლესობა 4 წლამდე ასაკის ბავშვია. დაავადების მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინტოქსიკაცია, ცვლილებები სისხლში. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდეა.

შოთა ცანავა: "სამწუხაროდ, ლეიშმანიოზის შემთხვევები გვაქვს, მაგრამ არ არის მატების ტენდენცია,  ყველა შემთხვევა ექვემდებარება ექიმის მეთვალყურეობას და მკურნალობას.

მაწანწალა ცხოველების გარდა, ამ დაავადების გადამტანი მწერების გავრცელების არეალი ნაგვის ბუნკერებიც იყო. ამ თვალსაზრისით ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ სამწუხაროდ, მაწანწალა ცხოველები ქუჩებში ისევ გვხვდებიან.

რაც შეეხება ლეტალობის ორ შემთხვევას. მართალია, გარდაცვლილთა სისხლში ლეიშმანიები ნანახი არ იქნა, მაგრამ ეჭვი გაჩნდა, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს დაავადება იყო. ამიტომ, კიდევ უფრო გავზარდეთ ლაბორატორიული სიმძლავრეები. საკმაოდ რთული პროცედურაა ჩასატარებელი იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმში ლეიშმანიები აღმოვაჩინოთ. ამისათვის ძვლის ტვინის პუნქციაც კი არის საჭირო. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ლეიშმანიოზი მძიმე დაავადებაა და დაგვიანებული გამოვლენა, მკურნალობა აძლევს შესაძლებლობას ამ დაავადების გამომწვევს, კარგად მოიცვას მთელი ორგანიზმი. ამიტომ წლის ამ პერიოდში უნდა ვიყოთ ყურადღებით, განსაკუთრებით - 4 წლამდე ბავშვების მშობლები. ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე - ეს ის სიმპტომებია, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.

სხვათა შორის, აქამდე ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების გავრცელების არეალად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო მიიჩნეოდა, წელს კი მოსკიტის რამდენიმე ინდივიდი დასავლეთ საქართველოშიც  აღმოჩნდა."