სიმსივნე ყოველწლიურად სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 50 ბავშვს უდგინდება - კვირის პალიტრა

სიმსივნე ყოველწლიურად სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 50 ბავშვს უდგინდება

როდესაც ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში შედიხარ, ხვდები, რომ ქვეყნად შვილის ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია.

4 წლის გიორგი, 8 წლის ნათია, 16 წლის მაია... მძიმე სენით შეპყრობილი 18 პატარა, უდიდესი ფიზიკური ტკივილების ფონზე, ულმობელი დაავადების დამარცხებას ცდილობს. სიმსივნით დაავადებულ პატარებთან თითქმის ორი საათი გავატარე, იქიდან წამოსულმა კი საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მათ გადარჩენას უფალს ყოველდღე შევთხოვ (ყველა ბავშვის სახელი შეცვლილია, რადგან ბევრმა არც იცის თავისი დიაგნოზის შესახებ).

...წინა ღამით, განყოფილებაში 8 წლის გიორგი თავის ტვინის სიმსივნისგან გარდაცვლილა. მეგობრის დაღუპვით დამწუხრებული და შეშინებული პატარები ფსიქოლოგის კაბინეტში შეკრებილიყვნენ და გამალებით ხატავდნენ. კედლებზე უკვე დასრულებული ნახატები ეკიდა, სადაც ბავშვების სურვილები იკითხებოდა - დედ-მამასთან ხელიხელჩაკიდებულები, ყვავილებით მოფენილ მწვანე მინდორზე დგანან და თავს კაშკაშა მზე დასთამაშებთ. ფსიქოლოგი მიხსნის, რომ მის კაბინეტში ბავშვები კვირაში ორჯერ შედიან და სურვილის მიხედვით, ზოგი ხატავს, ზოგი პლასტელინისგან ძერწავს, ზოგიც მოზაიკას აწყობს. უმეტესობას მძიმე ქირურგიული ოპერაცია აქვს გადატანილი, ყველას გავლილი აქვს ქიმიოთერაპიის კურსი, რასაც არასასიამოვნო შედეგი ახლავს (პატარებს თმა სცვივათ, წონაში იკლებენ...), ამიტომ ფსიქორეაბილიტაციის კურსი მათთვის აუცილებელია. "თუ არ დაგელაპარაკებიან, ნუ გეწყინებათ. თავიანთი მდგომარეობის გამო ძალიან ჩაკეტილები არიან. უფრო მეტად ეხერხებათ განწყობისა და გრძნობების არა სიტყვებით, არამედ ნახატებით გამოხატვა. გიორგის გარდაცვალებით ბავშვებმა დიდი სტრესი მიიღეს. დღეს ჩემთანაც კი არ უნდათ ლაპარაკი", - ამბობს ფსიქოლოგი.

ქიმიოთერაპიის კურსს ვინც გადის და სისტემაზეა მიერთებული, ფაქტობრივად, საწოლს არიან მიჯაჭვული, ამიტომ ექთანთან ერთად პალატების შემოვლას ვიწყებთ. ფერმკრთალი ეკუნა საწოლზე წევს და უკვე მესამე დღეა, ქიმიოთერაპიის კურსი შეუჩერებლად უტარდება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი სამი დღე-ღამის განმავლობაში გაუნძრევლად წევს. ღონემიხდილი, დიდი მწვანე თვალებით მიღიმის. მეც ვეუბნები, რომ ძალიან ლამაზი თვალები აქვს. მართალია, დაუძლურებული პასუხს ვერ მცემს, მაგრამ ახლა უკვე ვხედავ, რომ ღიმილისას, მიტკალივით თეთრ ლოყებზე ფოსოები უჩნდება.

- ქალბატონო ეთერ, ეკუნას რა პრობლემა აქვს? - ვეკითხები პალატიდან გამოსული ექთანს.

- ეკუნას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ძვლის სიმსივნე ჰქონდა, შემდეგ ჩანაცვლება გაუკეთდა იმპლანტანტით, მაგრამ უშედეგოდ. სამი წლიდან მკურნალობს ჩვენთან, ახლა უკვე 14 წლისაა... ალბათ უმძიმესი ოპერაცია - კიდურის ამპუტირება გარდაუვალი იქნება. ნახავდით ალბათ, გვყავს უკვე ერთი ასეთი პაციენტი გოგონა. ზოგსაც საკვერცხე და საშვილოსნო აქვს ამოცლილი.

- ხომ არის შემთხვევები, როდესაც ამარცხებენ ამ დაავადებას?

- რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევებიც. გვყოლია პაციენტები, რომლებიც გავწერეთ, გაიზარდნენ, დაოჯახდნენ და ახლა ხშირად მოდიან ჩვენს მოსანახულებლად. განსაკუთრებით ერთი შემთხვევა მახსოვს. გოგონა იწვა ჩვენთან, მარიამი, ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და მეტასტაზები იყო უკვე გასული. მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ცოტა ხნის წინ დედამისმა შეგვატყობინა, რომ მარიამი გათხოვდა და დედა გახდა.

ეკუნას შემდეგ, პალატაში პატარა მიშიკოს სანახავად შევდივართ. ექთანი მიხსნის, რომ 8 წლის ბიჭუნას თირკმლის სიმსივნე აქვს და სხივური თერაპიის კურსი უტარდება. მიშიკოს შემდეგ 3 წლის ნათიას ვესტუმრეთ. მასაც ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ხალისიანია და ექთანის კითხვებს სხარტად პასუხობს: ამას გლუკოზა ჰქვია, ამას კი ქიმიაო.

"ერთ დღეს ჭიპის ირგვლივ შეუშუპდა. ნათია ბაღში დადის და ვიფიქრე, რომ იქ იტკინა. წავიყვანე ექიმთან, ჩაუტარდა გამოკვლევა და ლიმფური სარკომა დაუდგინდა. ერთი თვეა ვმკურნალობთ. ექიმები ამბობენ, რომ ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება, რადგან სიმსივნე რომელიმე ორგანოზე კი არ არის, არამედ მუცლის ღრუშია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნათიას პრობლემები არასდროს ჰქონია. ექიმებს ვეკითხები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ამბობენ, რომ სიმსივნის ეტიმოლოგია ჯერ ბოლომდე შეუსწავლელია. როგორც ამბობენ, სულ მცირე, ქიმიოთერაპიის 6 კურსი უნდა ჩაუტარდეს. ბავშვი 6 დღე-ღამის განმავლობაში სისტემაზეა მიერთებული, მაგრამ მაინც არ წუწუნებს. ჯერ მხოლოდ სამი წლის არის და იმდენი რამ ნახა, ამბობს: გადასხმის შემდეგ ლეიკოციტებს გადავამოწმებ და თუ ნორმაში მექნება, სახლში წავალო. ასე მგონია, რომ ამ ერთ თვეში მთელი ათი წლით გაიზარდა", - ამბობს ნათიას დედა.

ერთ-ერთ პალატაში პატარა პაციენტების დედები შეკრებილან და ერთმანეთს თავიანთ სატკივარს უზიარებენ. ძნელია გულგრილად მოისმინო მათი ნაამბობი, მაგრამ უფრო ძნელია რამით ანუგეშო, გარდა იმისა, რომ უთხრა - უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება.

"აქ რომ მოვედით, სიმსივნე უკვე მესამე სტადიაში იყო. 8-ჯერ ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის კურსი, რის შემდეგაც მუცლის ღრუში სიმსივნე ალაგდა. ოპერაციაც გაუკეთდა და დაზღვევისთვის ახლა კიდევ უტარებენ თერაპიის ერთ კურსს. ვნახოთ, რა იქნება, ყველაფერი უფლის ნებაა. მას შემდეგ, რაც ამ საავადმყოფოში დავდივართ, ჩვენ თვალწინ 15 ბავშვი გარდაიცვალა. დღეს კიდევ ერთი გაუშვეს შინ: მკურნალობა უკვე უშედეგოაო. არც ჩვენ გვაძლევენ 100%-ით განკურნების იმედს. ასე ერთმანეთთან საუბრით ვიქარვებთ დარდს, ვტირით, ბავშვებთან კი ისე ვიჭერთ თავს, თითქოს საწუხარი არაფერი გვქონდეს", - გვეუბნება ერთ-ერთი პატარა პაციენტის დედა.

ასეთი ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. მშობლები ამბობენ, რომ ამაში მაინც გაუმართლათ, რადგან სხვა შემთხვევაში, შვილების მკურნალობას უმეტესობა ალბათ ვერც შეძლებდა.

წამოსვლისას, ბავშვების მკურნალ ექიმ მამუკა ჩუთლაშვილს ვესაუბრე. როგორც ბავშვთა ონკოლოგი ამბობს, ავთვისებიანი სიმსივნე ყოველწლიურად სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 50 ბავშვს უდგინდება. ექიმთა დაკვირვებით, ყველაზე მეტად, თირკმლის სიმსივნის შემთხვევები ჭარბობს. ბავშვთა ონკოლოგის თქმით, მართალია, სიმსივნე ბავშვის ორგანიზმში ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ პატარებს, უფროსებთან შედარებით, კიბოსგან განკურნების მეტი შანსი აქვთ.